ავტორი:

4 წლის საშა, რომელიც რუს დამპყრობლებს ვერ გაექცა... ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს - უკრაინელი ბიჭუნასა და მისი ბებიის სულისშემძვრელი ამბავი

4 წლის საშა, რომელიც რუს დამპყრობლებს ვერ გაექცა... ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს - უკრაინელი ბიჭუნასა და მისი ბებიის სულისშემძვრელი ამბავი

კიევის ოლქის ბროვარსკის რაიონში, 4 წლის ბიჭუნას, საშას ცხედარი იპოვეს. ბავშვი 10 მარტს მაშინ დაიკარგა, როცა ბებიასთან ერთად ვიშოგრადის დატოვებას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, პატარას სიცოცხლე რუსი ოკუპანტების ტყვიას ემსხვერპლა. ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაციას ბავშვის დედა, ალენა იახნო ადასტურებს და "ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს.

"საშენკას ცხედარი დღეს ვიპოვეთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაიჯერა, ვინც მოძებნაში დაგვეხმარა. მადლობას ვუხდი ყველას ლოცვისთვის, რწმენისთვის, მადლობა მხარდაჭერისთვის. თქვენი წყალობით კვლავ ვნახე ჩემი შვილი.

ჩვენი პატარა ანგელოზი უკვე სამოთხეშია!

დღეს მისმა სულმა სიმშვიდე ჰპოვა“, - წერს ქალი.

  • პატარა საშა 10 მარტს ვიშოგრადის სხვა მაცხოვრებლებთან ერთად მდინარე დნეპრის გავლით ევაკუაციას ცდილობდა, რადგან სხვა ყველა გზა ოკუპანტების ჯარს ჰქონდა გადაკეტილი. ომის პირველივე დღეებიდან ისინი რუსი დამპყრობლების ალყაში იყვნენ.

ნავში საშა, მისი ბებია და კიდევ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ნავი სოფელ სუხოლუჩიეს მიდამოებში იპოვეს ამობრუნებული. ბებიას ცხედარი 11 მარტს აღმოაჩინეს, ბიჭი კი არსად ჩანდა, ცნობილია, რომ მას სამაშველო ჟილეტი ეცვა.

საშა დედასთან ერთად

ბავშვს სამ კვირაზე მეტია ეძებდნენ. მშობლები სოციალურ ქსელებში პოსტებს აქვეყნებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. მტრის ჯარის გამო იმ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელი იყო. დედას სჯეროდა, რომ ბიჭი ცოცხალი იყო. ცხედრის პოვნა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც კიევის ოლქი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა. ბიჭუნას ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია 5 აპრილს, საღამოს გავრცელდა.