ავტორი:

"შვილები მყავს და მათ მეტ დროს დავუთმობ... თან მე და ჩემმა ძმამ ჟოლოს ბაღი გავაშენეთ. პირველი მოსავალი შარშან მივიღეთ" - რატომ წავიდა ტელევიზიიდან თორნიკე კვერენჩხილაძე?

"შვილები მყავს და მათ მეტ დროს დავუთმობ... თან მე და ჩემმა ძმამ ჟოლოს ბაღი გავაშენეთ. პირველი მოსავალი შარშან მივიღეთ" - რატომ წავიდა ტელევიზიიდან თორნიკე კვერენჩხილაძე?

"მირჩევნია, ცოტა ხანს ჩემთვის ვიყო, დავისვენო. ტელევიზიაში და ეკრანზე აღარ მაინტერესებს ყოფნა, მომბეზრდა, - ასე მშვიდად ვიქნები", - ამბობს ტელეჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე, რომელმაც ტელეკომპანია "ტვ პირველი“ რამდენიმე დღის წინ დატოვა. ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელობასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, უბრალოდ, დასვენება უნდა და აღარ უნდა ტელეეკრანზე ყოფნა:

"არხს არ აქვს მნიშვნელობა, ზოგადად ახლა მედიაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. სახელმწიფო აღარ გვაქვს, მედია სულ სხვა ველში გადაიყვანეს, მისი მარგინალიზაცია მოახდინეს, - პოლიტიკური განცხადებები ვაკეთეთ... არასწორმა, დანაშაულებრივმა პოლიტიკამ მოგვიკლა ლექსო ლაშქარავა. მედიის განადგურების მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. არასწორ სახელმწიფოსა და მარაზმში ვცხოვრობთ... ამიტომ, სჯობს სხვა რამე ვაკეთო. შვილები მყავს და მათ მეტ დროს დავუთმობ. ირგვლივ მიმოიხედეთ, ადამიანები როგორ არიან, - ამას მოქალაქეების თვალით შეხედეთ. ყველაფერი ნაგავსაყრელად აქციეს... ადამიანები, ვინც ოპოზიციაში არიან, ამბობენ, რომ რაღაცას აპირებენ, საბოლოოდ, ვერაფერსაც ვერ ამბობენ და აკეთებენ... ყველაფერი გაუფასურებულია. ამ ეტაპზე პოლიტიკოსებთან კომუნიკაციის აზრს ვერ ვხედავ. პროცესს გულწრფელობა აკლია.

თან, ამ სიტუაციის გამოსწორების სურვილიც არავის აქვს. ყველას უნდა, რომ შეცვლილ სახელმწიფოში გაიღვიძოს, მაგრამ თავისი თავიდან რომ დაიწყოს ეს შეცვლა, არ უნდა. ვიდრე ცოტა აზრზე არ მოვალთ, არაფერიც გვეშველება... ამიტომაც, ახლა ეკრანზე ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. ეკრანს მიღმა შეიძლება უფრო სასარგებლო ვიყო“.

- თორნიკე, "ტვ პირველის“ ხელმძღვანელობას ხომ არ გაუნაწყენდი?

- არა, არანაირად. ეს ჩემი სურვილია. ახლა მართლა დასვენება მინდა. წავალ ბათუმში, საქართველოში ვიმოგზაურებ, მიყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა რეგიონში დავდივარ კიდეც. მსიამოვნებს ხალხთან ლაპარაკი, ასეთ დროს ბევრ რამეს ვიგებ. ამისთვის მეტი საშუალება მექნება. ისეთ ადგილებს დავათვალიერებ და ვნახავ, სადაც აქამდე არ ვყოფილვარ.

თორნიკეს უმცროსი ქალიშვილი კატო და ნანი ბებო

- ტელევიზიიდან შენი წასვლის შესახებ ინფორმაცია ჩემამდე ასე მოვიდა, - თორნიკემ კენკრის ბაღი გააშენა და მის მოსავლელად მიდისო... მართალია?

- ჟოლოს ბაღი მე და ჩემმა ძმამ შარშან გავაშენეთ. სულ მაინტერესებდა რაღაცების მოყვანა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩიბათში, დედულეთში 850 ძირი ჟოლოს ნერგი დავრგეთ. თან, მინდოდა, ეს სხვებსაც მოენდომებინათ და მათთვის მეჩვენებინა, რომ დამოუკიდებლად რაღაც საინტერესოს გაკეთება მართლაც შესაძლებელია.

ამისთვის ბევრი რამის სწავლა და გაცნობა დამჭირდა. არიზონის უნივერსიტეტის პროფესორის წიგნით ვიხელმძღვანელე. ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ ბევრის სწავლა მინდა. ამ ჟოლოს თითო ძირიდან კილო-ნახევარი იკრიფება. პირველი მოსავალი შარშან მივიღეთ.

- რაიმე პროგრამის ფარგლებში დახმარებით ხომ არ ისარგებლეთ?

- არა, ეზოში ზედმეტი ნივთები, რაც არ გვჭირდებოდა, მოვაგროვეთ, ჩავაბარეთ და ასე შევიძინეთ. ასევე დავიქირავეთ ტრაქტორი, საჭირო ტექნიკა, რომელიც ამ საქმისთვის გვჭირდება. ამ მაგალითებს ადამიანებს ვაჩვენებდით, რომ საქმის კეთება შეიძლება, თან, ისე, რომ ამან შესაძლოა, შემოსავალიც მოიტანოს.

თორნიკეს უფროსი ქალიშვილი ანასტასტია

ბევრმა გააკეთა კიდეც იგივე, ზოგს ნერგებიც ვაჩუქე...

ახლა ჩვენი ჟოლოს ფესვი ცოტა უნდა გაძლიერდეს და მერე ნაყოფიც მოიმატებს. ბიოლოგიურად სუფთაა, უხეშად არ ჩავრეულვართ. იმიტომ, რომ ბავშვები ჭამენ და არა მარტო ისინი. ამით გამდიდრებას არ ვაპირებთ - მივართმევთ სტუმრებსაც და კიდევ ვისაც ესიამოვნება. საკუთარი ხელით დაკრეფენ და დამეხმარებიან კიდეც ჟოლოს მოვლაში... საქმე ბევრია. ვისაც უნდა, რომ ცოტა ხანს თბილისიდან დაიკარგოს, შეუძლია, გურიაში ჩამოვიდეს, საქმე გვაქვს და ბათუმშიც გავასეირნებ.

- როგორც ჩანს, შრომას ბავშვობიდან შეეჩვიე?

- მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება. საერთოდ ადამიანი მიყვარს და მათ ქცევებს პატარაობიდან ვაკვირდები. ჩემ ირგვლივ ხალხი სულ შრომობდა, მაგრამ მათგან რატომღაც უცნაურ აზრს ვისმენდი ხოლმე - თუ არ ისწავლი, მაშინ შრომა მოგიწევს...

სტერეოტიპებს თვითონ ვაწესებთ და მერე მის წინააღმდეგ ვიბრძვით. თუ გვინდა, კარგად ვიყოთ, რაღაცები უნდა ვაკეთოთ... მესმის, რომ ბევრი უსამართლობაა, ძალიან ცუდი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ რაღაც უნდა შევცვალოთ და შევქმნათ. შრომა მნიშვნელოვანია.

კატო

- მოკლედ, გიყვარს მიწასთან მუშაობა...

- მიწისგან, ბუნებისგან დიდ ენერგეტიკას ვგრძნობ და ვიღებ. ეს პოლიტიკისგან მიღებული უარყოფითი ენერგიისგან დასაცლელად იდეალური ვარიანტია. მიწასთან მუშაობა, აგროკულტურების მოყვანა, ამ პროცესებზე დაკვირვება, საინტერესოა, - ამით ვცხოვრობ. ყველამ რაღაც უნდა ვქნათ, მე ოჯახის დონეზე ვშრომობ და ვნახო რა გამოვა...

რასაც სოფლებში ვუყურებ, პრობლემაა და უკვე გამჯდარია, ფაქტობრივად, ეს სტერეოტიპიც - "ბაბუაჩემი რასაც აკეთებდა, ასე უნდა გავაკეთო. ამან რა იცის“ - ეს მიდგომაა. "ამან რა იცის“ კი არა, წიგნით ვცდილობ, საქმის კეთებას. ბაბუაჩემმა რაც იცოდა, იმას განვითარება სჭირდება. ამას რომ არ ვცდილობთ, იმიტომაც ვართ გლეხის დონეზე. გლეხი ვინ არის? ადამიანი, რომელიც პროდუქტს აწარმოებს, რომ თავი გამოიკვებოს. ფერმერი? თავის გამოკვებაზეც ზრუნავს და პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანასაც ახერხებს. ყველა მიმართულებით მინდა, განვითარება...

ვცდილობ, რაღაცები ვისწავლო, შევიმეცნო და განვვითარდე...

თუ ტვინს არ გავანძრევთ და რაღაცას არ გავაკეთებთ, ვიქნებით სულ ამ ფრაზის იმედად: "მომავალი ჩვენია“...