საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ ხელისუფლებას და ქვეყანას ებრძვიან, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, არსებობს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო მეტი დეზინფორმაცია და მეტი პროვოკაცია იქნება.
"პროვოკაციები აშკარა და ლოგიკურია. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში უფრო მასშტაბური, უფრო მკაფიო, მკვეთრი და ხისტი გახდა ჰიბრიდული ომის ელემენტები არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ბუნებრივია, ამის გაგრძელება იქნება. მოლოდინი არსებობს, რომ კიდევ უფრო მეტი დეზინფორმაცია, მეტი ყალბი ნიუსი და მეტი პროვოკაცია იქნება. სწორედ ამის შესახებ ვსაუბრობთ და ქართულ საზოგადოებას ვაფრთხილებთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ "ომის პარტიას“ და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც ომის დაწყებამდეც კი იყო დაწყებული. ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ რუსეთი აწარმოებს ომს და საშინელებას უკრაინაში, ამის პარალელურად, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები ებრძვიან საკუთარ ხელისუფლებას და ქვეყანას“,-განაცხადა მდინარაძემ.
მისი შეფასებით, საქართველო უკრაინის შემდეგ, ნომერ პირველი რისკის შემცველი ქვეყანაა და ამ დროს ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.
"საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც დედაქალაქიდან 30-დან 40 კმ-მდე მონაკვეთში რუსული ჯარი დგას. ამის მიუხედავად, საქართველოში არსებობს ოპოზიცია, რომელიც საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ამ დროს იბრძვის. სინამდვილეში, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოდის ბრძოლა“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, საქართველო ომში ჩაითრიოს, რაც მდინარაძის განმარტებით, ქვეყნისთვის კატასტროფულ შედეგების მომტანი იქნება.
"ყველას ვთხოვ, ნუ შეაძულებენ პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ქვეყანას ცივილიზებულ სამყაროს, თან ტყუილებზე დაყრდნობით“,-განაცხადა მდინარაძემ.