ავტორი:

"ადრე ტაშით გვხვდებოდნენ, ახლა - ცრემლით... ევროპის ტურნე ზელენსკის დაარსებული კომპანიის ხელშეწყობით იმართება" - რას ჰყვება უკრაინის ნაციონალური ანსამბლის ქართველი პროდიუსერი?

"ადრე ტაშით გვხვდებოდნენ, ახლა - ცრემლით... ევროპის ტურნე ზელენსკის დაარსებული კომპანიის ხელშეწყობით იმართება" - რას ჰყვება უკრაინის ნაციონალური ანსამბლის ქართველი პროდიუსერი?

უკრაინის ნაციონალურმა ანსამბლმა "ვირსკიმ" მსოფლიო ტურნე რომ დაიწყო. ამის შესახებ ანსამბლის ქართველმა პროდიუსერმა - რატი აბზიანიძემ სოციალურ ქსელით ამცნო საზოგადოებას. მისი თქმით მალე საქართველოშიც ჩამოვლენ. პროექტის ორგანიზატორია უკრაინის კულტურის სამინისტრო და "კვარტალ კონცერტი". ტურნე საქველმოქმედოა, კონცერტები ევროპაში ანშლაგთ მიმდინარეობს...

ანსამბლი ამჯერად ესპანეთშია. რატი აბზიანიძე თავად გვესაუბრება, თუ რა არის დღეს ტურნეს მთავარი მისია:

- კომპანია "კვარტალ კონცერტის" გენერალური დირექტორი გახლავთ, მაქსიმ ტკაჩენკო, რომელიც ასევე უკრაინის პარლამენტის წევრი და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის თანამებრძოლია... მაქსიმ ტკაჩენკო დირექტორი იყო, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი ჯერ კიდევ ტურნეებს ატარებდა და ამ საქმიანობით იყო დაკავებული. მაქსიმ ტკაჩენკოს ეკუთვნის იდეა, ანსამბლ "ვირსკის" ასეთი ფართომასშტაბიანი ტურის შესახებ. ტურნე უკრაინის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. პირველი გამოსვლა პოლონეთში გვქონდა...

- პირველი გამოსვლა პოლონეთში ალბათ შემთხვევით არ დაგეგმილა, რადგან პოლონეთი განსაკუთრებულ თანადგომას იჩენს უკრაინის მიმართ...

- დიახ... პოლონეთში მოხდა ანსამბლის წევრების პირველი შეკრება, რაც ურთულესი იყო. დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული უკრაინიდან მათი გამოყვანა, რადგან სულ სხვადასხვა ქალაქებში იყვნენ და ზოგან უკვე დიდი საფრთხე იყო, ავტობუსებმა ტყვიების ქვეშ გამოიარეს.

- როგორც ვიცი, "კვარტალ კონცერტის" ერთ-ერთი დამაარსებელი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკია... მათ გადაიღეს ფილმი ბუბა კიკაბიძის შესახებ...

- დიახ, დიდი საპროდიუსერო კომპანიაა... "კვარტალ კონცერტი" უშუალოდ მხოლოდ კონცერტებზეა მიმართული. ბუბა კიკაბიძის შესახებ ფილმი კვარტალ 95-ის კინოსტუდიამ გადაიღო... ანუ დიდი ჰოლდინგია, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი თავად ზელენსკია.

- ტურნეს ფარგლებში რა არის დღეს ანსამბლის ძირითადი გზავნილი?

- მოგეხსენებათ კულტურული ფრონტი ერთ-ერთი მთავარი იარაღია ასეთ დროს... ჯერ კიდევ სანამ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა, პუტინის განცხადება იყო, რომ უკრაინა როგორც ერი არ არსებობდა და ლენინმა შექმნა... ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, როგორც ჩვენი ცეკვები გადმოსცემს ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, იდენტობას, ისტორიას, ისე გადმოსცემს ეს ცეკვები უკრაინის წარსულს და იმას, რომ ქვეყანას ძალიან მდიდარი კულტურა აქვს!

ეს არის ის წარუშლელი გენოფონდი, რომელსაც ხალხს ვაცნობთ და ვაჩვენებთ, რომ უკრაინა ძალიან დიდი კულტურის, ისტორიის მატარებელი ქვეყანაა. ქორეოგრაფიული ჟესტიკულაციით მიდის მაყურებლამდე ... მეორე მიზანია, ევროპაში მუხტი აიწიოს... გარდა კონცერტებისა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში აქციებსაც ვმართავთ.

- ევროპაში უკრაინულ ანსამბლს ალბათ ძალიან ემოციურად ხვდებიან...

- დიახ... გუშინ ანსამბლის სოლისტმაც თქვა, ადრე ტაშით გვხვდებოდნენ და დღეს სულ ცრემლით გვხვდებიანო... ანსამბლი ძალიან დიდი ხანია კონცერტებს მართავდა და თითქმის ყველა კონტინენტზე ვარ ნამყოფი. სულ მალე - 6 აპრილს ესპანეთში, მადრიდში გვექნება გამოსვლა... ძალიან დიდი ხანია კონცერტების ორგანიზებაში მიწევს მონაწილეობა და გულწრფელად გითხრათ მსგავსი რამ არ მახსენდება. სულ სამი კონცერტი გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ გზადაგზა სხვადასხვა ქვეყნების კომპანიები გვიკავშირდებიან და ძალიან ბევრი მოთხოვნაა. ახლა ესპანეთში მხოლოდ ორი კონცერტი იყო დაგეგმილი, მაგრამ კიდევ რამდენიმე ქალაქი დაგვიმატეს... კონცერტების დაფინანსებას თავის თავზე ადგილობრივ მთავრობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესმენები იღებენ... აუცილებლად უნდა ვახსენო ქართველი, გერმანიაში მცხოვრები გიორგი ელიზბარაშვილი, რომელსაც საერთოდ არ გააჩნდა კონცერტების ორგანიზების გამოცდილება, იგი საფეხბურთო სფეროშია, ლეგენდარულ ფეხბურთელებთან აქვს კავშირი. მისი ძალიან დიდი ძალისხმევითა და დახმარებით გერმანიის ორ ქალაქში - კიოლნში და ბონში კონცერტები გავმართეთ...

მოგეხსენებათ, გერმანია როგორი მოწესრიგებული, კანონების ქვეყანაა, იქ სხვა დროს ძალიან რთულია საბუთების მოგვარება, მაგრამ გერმანია ამჯერად უკრაინელების მიმართ ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს და საბუთებიც უპრეცედენტოდ მოკლე დროში მოგვარდა.

მთელ ევროპაში, სადაც არ მივდივართ, ყველგან უკრაინის დროშები გვხვდება. უკრაინის მიმართ მხარდაჭერის უზარმაზარი მუხტია. ტურისტულ ადგილებში, ყველგან უფასოა უკრაინელებისთვის შესვლა... ჩვენ აქცია-კონცერტებს ვმართავთ, რომლითაც გარდა იმისა რომ მსოფლიოს უკრაინის მდიდარ კულტურას ვაცნობთ, კონცერტებს საქველმოქმედო დატვირთვაც აქვს. შემოსული თანხები მთლიანად უკრაინის დაბომბილი ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება... იტალიაში კონცერტი სამიათასკაციანი აუდიტორიის წინაშე ჩავატარეთ, მთელ იტალიაში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და საკმაოდ სოლიდურ თანხებიც შეგროვდა.

- თქვენ პირადად იცნობთ უკრაინის პრეზიდენტს, მის თანამებრძოლებს, მათ შორის დავით არახამიას... თუ გქონდათ სატელეფონო კავშირი რომელიმე მათგანთან გასული დღეების განმავლობაში?

- სამწუხაროდ არა, რადგან ახლა მათ განსაკუთრებულ ადგილებში უხდებათ ყოფნა და ბოლო დროს მიუწვდომელი არიან... კავშირი ისე ადვილი აღარ არის, როგორც ადრე იყო. მათ მეგობრებს ვესაუბრე და ვიცი, რომ შოკირებული არიან. ვეღარც ვსაუბრობთ ამ თემებზე რადგან ყველა განადგურებულია ბუჩას გენოციდით და ყველა სიტყვა ზედმეტია!

რატი აბზიანიძე - ესპანეთის ტურნე

რაც ბუჩაში მოხდა ვერაფრით წარმომედგინა, ოცდამეერთე საუკუნეში თუ ამის მომსწრე გავხდებოდით. კაცობრიობას ამხელა ისტორია გვაქვს და მეგონა მსგავსი სისასტიკე შუა საუკუნეებში დავტოვეთ და წინ წავედით, ცივილიზებული გავხდით. დღეს თუ ასეთი რამ უნდა განმეორებულიყო, როცა ქვეყნები იმდენად არის ერთმანეთთან დაკავშირებული რომ, ჩემი გასაჭირი წამებში შეიძლება კონტინენტის იქეთ სხვამ გაიგოს, გაიზიაროს და სოლიდარული იყოს. ამ დროს ბუჩაში გენოციდი იყო და უდანაშაულო ხალხი სასტიკად ნაწამები. მთელი დასი შოკიდან ვერ გამოდის, 6 აპრილს არის კონცერტი დაგეგმილი და მანამდე გავალთ, გავაპროტესტებთ, ყველას ხმას მივაწვდენთ... საფრანგეთში ვიყავით ეს კადრები რომ გავრცელდა და იქ ყველა შეძრული იყო, ყველა ძალიან დიდ სოლიდარობას გამოხატავდა.

რატი აბზიანიძე და ვოლოდიმირ ზელენსკი

- როგორც ვიცი, უკრაინის ანსამბლი საქართველოშიც გეგმავთ ჩამოსვლას...

- დიახ... ანსამბლ "ვირსკის" ანსამბლ "რუსთავთან" ერთად ჰქონდა ერთობლივი პროექტები... იმდენი კონცერტი ჩავატარეთ, უკრაინის თითქმის ყველა ქალაქი მოვიარეთ... სხვათა შორის დღეს ხარკოვში უნდა გვქონოდა ერთობლივი კონცერტი, 13 აპრილს ხერსონში... ანსამბლ "ვირსკის", "რუსთავს", "სუხიშვილების ნაციონალურ ბალეტს" იმდენად დიდი სიახლოვე აქვთ, რომ ანსამბლის წევრები ერთმანეთის ნათელ-მირონებიც კი არიან...

- საქართველოდან რამდენად გრძნობთ მხარდაჭერას?

- საქართველოს ხელისუფლების შესახებ საუბარს არ ვაპირებ... მხოლოდ პოზიტივი მინდა გაგიზიაროთ და გითხრათ, რომ უკრაინელი ხალხი უაღრესად მადლიერია ქართველი ხალხის მიმართ. ამ წუთას ვინც კი საქართველოშია ჩამოსული, ამბობენ, ვერც კი ვგრძნობთ რომ უკრაინაში, ჩვენს სამშობლოში არ ვართ, იმდენად დიდი სიყვარული და თანაგრძნობაა ჩვენს მიმართო.