ავტორი:

"ეს მიწა ჩვენს წინაპრებს ჩამოართვეს, მაგრამ 15 წლის წინ დავიბრუნეთ" - ავსტრალიიდან დაბრუნებული ფსიქიატრის ვენახი და "ფაფრის მინდორზე" გაშენებული მეურნეობა

"ეს მიწა ჩვენს წინაპრებს ჩამოართვეს, მაგრამ 15 წლის წინ დავიბრუნეთ" - ავსტრალიიდან დაბრუნებული ფსიქიატრის ვენახი და "ფაფრის მინდორზე" გაშენებული მეურნეობა

ექიმია, ფსიქიატრი, რამდენიმე ათწლეული უცხოეთში ჯერ ინგლისში და შემდეგ ავსტრალიაში წამყვან კლინიკებში მუშაობდა. არც ისე დიდი ხნის წინ კი 4 შვილის მამა, ლევან ანდრონიკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და სოფელ ახაშენში მეურნეობას უვლის.

მეღვინე-მევენახეობასაც ადვილად აუღო ალღო და ამ მიმართულებით საკმაო გამოცდილებაც დაუგროვდა. საქმეს 88 წლის მამასთან, გურამ ანდრონიკაშვილთან ერთად უძღვება. ბიოვენახი, გამორჩეულ მიკროზონაში, "ფაფრის მინდორზე" აქვთ.

ლევან ანდრონიკაშვილი:

- ეს მიწა 15 წლის წინ შევიძინეთ და დავიბრუნეთ ჩვენი წინაპრებისთვის ჩამორთმეული მამულები. იმის მერე მამა იქ არის და შრომობს. საქმე, რასაც ახლა ვაკეთებთ, მისი იდეა იყო - ღვინო ძველი კახური ტრადიციით ჩვენც დავაყენოთო.

- თუმცა ფერმერობამდე ინგლისსა და ავსტრალიაში კლინიკებში უდიდესი გამოცდილება გაქვთ დაგროვებული...

- მანამდე აქ ნევროლოგი გახლდით, რამდენიმე ადგილას - პოლიკლინიკაში, ნევროლოგიის ინსტიტუტშიც ვმუშაობდი. მერე ისე მოხდა, რომ კლინიკურ ნევროლოგიაში ერთწლიანი კურსის გავლა შემომთავაზეს. გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და სასწავლებლად ოთხი ბავშვით და მეუღლით ინგლისში წავედი. იქ ექიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ, საბჭოთა კავშირიდან კი მხოლოდ მე ვიყავი. შემდეგ სამსახურიც ვიშოვე, სადაც ფსიქიატრიით მეტად დავინტერესდი. მომეწონა, რაღაც სხვა მიდგომა იყო და არც მეგონა თუ ამდენი ფსიქიატრიული დაავადება არსებობდა.

ინგლისის სხვადასხვა რაიონში ვმუშაობდი, რაც ჩემთვის მართლა უდიდესი გამოცდილება იყო... გარკვეული პერიოდის შემდეგ, 1997 წელს ავსტრალიაში აღმოვჩნდი. იქ გასამგზავრებლად სერიოზული გამოცდა კიდევ ჩავაბარე და ოჯახთან ერთად ისევ გავემგზავრე. მოვხვდი უძველეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ეს დარგი ავსტრალიაში კიდევ უფრო მომეწონა, განსაკუთრებით, თავად ფსიქიატრიულ პაციენტებთან მიდგომა.

2021 წელს კი საქართველოში საბოლოოდ დავბრუნდი. ეს დედის ჯანმრთელობის გამო მოხდა... ჩემი შვილები ავსტრალიაში გაიზარდნენ, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არასდროს გვქონია, სულ კონტრაქტით ვმუშაობდი. თუმცა რამდენიმე წლით ადრე, წლის განმავლობაში სამი თვით, ყოველ წელს, ყურძნის დაკრეფა-დაბინავების დროს ჩამოვდიოდი ხოლმე და ყველაფერში აქტიურად ვმონაწილეობდი... აქ როცა უკვე საბოლოოდ დავბრუნდი, ღვინის სხვადასხვა კურსი გავიარე.

ჩემთან ვენახში ცუდი სიტყვა რომ თქვა არ შეიძლება, იქ რომ შედიხარ, უნდა იმღერო, იღიღინო, ამ ყველაფერთან ასეთი ურთიერთობა მაქვს. ვენახი გამორჩეული ადგილია, ცოცხალია, მგრძნობიარე. კი, ღვინო ცოცხალია, მას ბევრი რამის მოყოლა შეუძლია - ყურძენი საიდან არის, რამდენი ხნის ვენახია, რა ხელით არის დაკრეფილი, - მიყვარს ამ თემაზე საუბარი...

- რა დოზით შეუძლია ადამიანს მისი მიღება?

- ჩემი ოჯახის გამოცდილებით ასეა - ბაბუაჩემი ყოველთვის ერთ ჭიქა წითელ ღვინოს სადილზე სვამდა. მერე საინტერესო ამბებს და ისტორიებს ჰყვებოდა, სასიამოვნო მოსასმენი იყო. ასე რომ, ერთი ჭიქა წესიერად და კარგი გულით დამზადებულ-დაყენებული ღვინო წამალივით არის. ეს არის ის, რაც არ დაგვაზიანებს. ჩვენს ფიქრებს, ემოციურ მდგომარეობას, ნერვებს უფრო ფილოსოფიურად მომართავს. დაგვანახებს იმას, რომ რაზეც ზოგჯერ უაზროდ ვნერვიულობთ, მართლა არ არის სანერვიულო, რომ საფიქრალი უფრო სხვაა რამეა. ფასეულობებს გადაგახედებს... საკუთარ თავში ბევრ რამეს შეგაგრძნობინებს და ახალს აღმოგაჩენინებს.

- თქვენი მეურნეობა ბიო მიმართულებისაა, ხომ?

- მამაჩემმა, როცა ამ საქმეს იწყებდა, თქვა, თუ რამეს გავაკეთებთ, უნდა შევინარჩუნოთ ვენახის ის ძველი, ბიო ტრადიციებიო. ვენახსაც და ღვინოსაც ორივეს ბიო სერტიფიკატი აქვს - შესაბამისი ნიშანი. ორგანიზაცია, რომელმაც ეს მოგვანიჭა, წელიწადში რამდენჯერმე მოდის, ხან მიწის ანალიზს იღებს სხვადასხვა ადგილას და სერტიფიკატი ყოველწლიურად ახლდება.

- როგორ უვლის ბიომეურნეობას?

- ჩვენი მოვლის წესები დიდად არ განსხვავდება ჩვენი წინაპრების მოვლის წესებისგან. იწამლება კირით, შაბიამნით. მიწას ვენახში არ ვხნავთ, ასეთი მიდგომა გვაქვს. ნიადაგთან ნებისმიერი ასეთი შეხება, იქიდან დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს გამოდევნის, რაც მცენარეს სჭირდება. არ მინდა, რომ ნივთიერებები ნიადაგმა დაკარგოს. თავიდან აქ გვეუბნებოდნენ, - ამას ვერ გააკეთებთო. არადა, უკვე 12 წელია, ბიო სერტიფიკატი გვაქვს. რამდენიმე წლის წინ შვეიცარიიდან ჭიამაიები შემოვიტანეთ. ვენახის მავნებლების კვერცხებს ანადგურებენ. კიდევ პატარა სპეციალური ჭიებიც შემოვიტანეთ, რომლებიც ვირუსული დაავადებისგან იცავენ.

- ვენახს ასე მკურნალობთ?

- არაფერს ვმკურნალობთ, თუ მკურნალობა დაჭირდა, ე.ი. პრობლემა უკვე შორს არის წასული. საქმე აქამდე არ მიმყავს, რომ სამკურნალო გახდეს...

- თურმე არც რწყავთ...

- არა და ამიტომაც არის, რომ ერთ ჰექტარზე სამ ტონა-ნახევარი 4 ტონა ყურძენი მოდის. ვინც რწყავს, 15 ტონა მოჰყავს. კარგი ღვინო მხოლოდ კარგი ხარისხის ყურძნისგან კეთდება. ჩვენი მიკროზონა ამაში ხელს გვიწყობს... ტრადიციული ქართული ჯიშები - საფერავი, რქაწითელი და ქისი გვაქვს. საფერავი წითელი ღვინოა, რქაწითელი და ქისი - თეთრი. ვენახი სულ 9 ჰექტარზეა.

- მიკროზონა ახსენეთ და ეს არის "ფაფრის მინდორი", რომელიც, როგორც ჩანს, ყურძნის გემოვნურ თვისებებზე სერიოზულ გავლენას ახდენს...

- კი, სპეციფიკური მიკროზონაა... ეს ადგილი ახაშენს მიეკუთვნება. აქ მოყვანილი ყურძნიდან შეიძლება დაყენდეს როგორც საფერავი, ისე ახაშენი და ასევე მუკუზანი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყოველ წელს ერთნაირ ხარისხის ყურძენს ვერ მიიღებ, ერთნაირი სიმჟავის და სიტკბოსი. ამას აქაური მიკროკლიმატი განსაზღვრავს. ალაზნის ველიდან და ცივგომბორიდან მონაბერი ნაკადები ისეთ კოქტეილს ქმნის, რომ ყოველ წელს ყურძენი სხვადასხვანაირია. ამიტომ ღვინოც ყოველთვის განსხვავებულია.

- ექსპორტზე უშვებთ პროდუქტს?

- მცირე რაოდენობით. ექსპორტზე ერთნაირი ღვინები სჭირდებათ. ვინაიდან ჩვენთან ღვინო გემოვნების მიხედვით ცვალებადია, ამიტომ იგზავნება მხოლოდ იქ, სადაც უკვე იციან ჩვენი ღვინის გემო. მაგალითად, საფრანგეთში ჩვენი მორაგბეები, როდესაც თავისუფალ დროს იკრიბებიან, ჩვენს ღვინოს მიირთმევენ...

- მარანი მინი საწარმოსავით გაქვთ მოწყობილი...

- კი, მარანი როგორც ღვინის დამამზადებელი მინი საწარმო, - ასე გვაქვს. გვაქვს კარგი ქვევრები - ცალკე სადუღრები და შესანახებიც. მარანში არის მუხის კასრები და ცისტერნები, ასე რომ, ეს ყველაფერი მთლიანად ერთი პროცესის ნაწილია. ვენახი მარნიდან 25 მეტრშია. ასე რომ, ტრაქტორი 5 წუთში მოდის და მოაქვს დაკრეფილი ყურძენი. უკანა კართან, ადამინები ხვდებიან, რომლებიც გვეხმარებიან და ყურძენს ახარისხებენ. მერე დაჭყლეტილი ყურძენი პირდაპირ ქვევრებში ჩაედინება. ეს არის ტრადიციული კახური ღვინო.

- მედიცინისთვის თუ იცლით?

- ისე აქტიურად არა, თუმცა კერძო პრაქტიკა მაქვს. იმიტომ კი არა, რომ პაციენტთან მუშაობა მენატრება, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მაქვს, შესანახად მენანება და არასწორადაც მიმაჩნია. ზოგჯერ ახალგაზრდები, დამწყები ექიმები, შვილის მეგობრები მეკითხებიან აზრს. თუმცა ამ ეტაპზე მაინც უმეტესად მეღვინე-მევენახე ვარ.

- მეურნეობაში ვინ გეხმარებათ?

- ხალხის მოძებნაც პრობლემაა. ორი სანდო ადამიანის მოძებნაც კი რთულია. უმეტესობას თავზე დადგომა უნდა... ბოლოს ვიტყვი, რომ ნებისმიერი დაავადების საპრევენციოდ, სოფლად, მიწაზე მუშაობა შეუდარებელი რამ არის. რაღაც პროდუქტი უნდა მოიყვანო, ამით დატკბე და სხვებს გაუზიარო. ეს ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის კარგი საშუალება და ძალიან საჭირო და ბევრ რამეში გეხმარება. მიწასთან შრომა არ უნდა დავიზაროთ.