"სინანულში ყოფნა ბევრ დროს გვაკარგვინებს, აწმყოს გვპარავს, მომავალსაც. დაშვებულ შეცდომებსაც არ ვნანობ, რადგან შეცდომა ძალიან საჭირო რამ არის, აბა, პიროვნულად სხვაგვარად როგორ უნდა გაიზარდო? ადამიანების მიღება, პატიება, რაღაცებთან გამკლავება, შერკინება როგორ უნდა ისწავლო? შეცდომები "მოსულა", - ამბობს მსახიობი თუთა ოქროპირიძე.
რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ, რა ვერ ისწავლა დღემდე და რით ჰგავს საკუთარ პერსონაჟს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...კოსმონავტი. ის სახლი, სადაც მე გავიზარდე, შემაღლებულ ადგილზეა, აივნიდან ცა ძალიან კარგად ჩანს. ბავშვობაში ვუყურებდი მთვარეს, ვარსკვლავებს და მქონდა ინტერესი, უფრო ახლოდან მენახა, გამეგო, იქ რა ხდებოდა, ეს ჩემი ბავშვური აკვიატება იყო.
- მსახიობობის სურვილი...
- ...9-10 წლის ასაკში გამიჩნდა. სკოლიდან შინ რომ მივდიოდი, თეატრალურ უნივერსიტეტთან უნდა გამევლო. შორიდან ვუყურებდი ამ შენობას და ვფიქრობდი, რომ იქ "უცხოპლანეტელები" სწავლობდნენ და მე ვერასდროს მოვხვდებოდი, აუხდენელი ოცნება მეგონა. ვფიქრობდი, რომ მსახიობი ჩვეულებრივი არ უნდა იყოს, რომ იმ შენობაში ყველანი განსაკუთრებულები იყვნენ. როცა არჩევნის წინაშე დავდექი და ოჯახში ჩემი სურვილი გავამხილე, შემეწინააღმდეგნენ. ამიტომ თავდაპირველად ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეორე წელს, სამსახიობოზე ყველასგან მალულად ჩავაბარე. ოჯახში ამ ამბავს დიდი სიხარული არ გამოუწვევია, მაგრამ მერე ჩემი პროფესია ყველამ შეიყვარა და მამხნევებდნენ.
- ჩემზე ამბობენ...
- ...საყვარელიაო (ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ მაინც ვთქვი); ხშირად ამბობენ, მხიარული გოგოაო, ჩემთან დროის გატარება სიამოვნებთ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ისევ იმ გზას გავივლიდი, რომლითაც დღემდე მოვედი.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- ...სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება. ეს იყო პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მოვინდომე და გამომივიდა, არავინ დამხმარებია.
- როლი, რომელიც გამორჩეულად მიყვარს...
- ...არის მაშო ჩეხოვის პიესაში "თოლია".
- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...
- ...პანდემიის გამო კასტინგები იშვიათად ტარდებოდა, მსახიობებს გვთხოვდნენ, ვიდეოები გადაგვეღო და გადაგვეგზავნა. ეს წინადადება რომ მივიღე, დავფიქრდი, რადგან ვიდეოს გადაღებას ადგილზე მისვლა მერჩივნა და რადგან ამის საშუალება არ იყო, უარი ვთქვი. ჩემმა უარმა არ გაჭრა, გადავიღე ვიდეო, გადავგზავნე და მალე როლზე დამამტკიცეს.
- ამ პერსონაჟს ვგავარ...
- ...შრომისმოყვარეობით, საქმის კეთების სიყვარულით. სხვა მასთან საერთო არაფერი მაქვს. ის ცინიკოსია, ხანდახან ზედმეტიც მოსდის. ეს როლი შესასრულებლად საინტერესოა, მაგრამ მისი მსგავსი ადამიანები დიდად არ მხიბლავს. ახლობლებმა, რომლებიც კარგად მიცნობენ, მითხრეს, - მას არაფრით ჰგავხარ, მაგრამ თამაში კარგად გამოგდისო. სოციალურ ქსელში კომენტარებს არ ვეცნობი. რამდენჯერმე "სქრინი" გადმომიგზავნეს. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ მათმა ნათქვამმა შეიძლება ვინმე ძალიან დააზარალოს. ყველაზე ცუდი, რაც გვჩვევია, პიროვნების გარეგნობის საჯარო განხილვაა.
- ახლა შეყვარებული...
- ...ვარ, ძალიან შეყვარებული. ის უცხოელია, მისი თანხმობის გარეშე, მის შესახებ ვერ ვილაპარაკებ...წაიკითხეთ სრულად