ავტორი:

"უკრაინული მხარის უფრო მჯერა, მათი დაზვერვა ახლა ყველაზე ძლიერია მსოფლიოში" - დევი ჭანკოტაძე

"უკრაინული მხარის უფრო მჯერა, მათი დაზვერვა ახლა ყველაზე ძლიერია მსოფლიოში" - დევი ჭანკოტაძე

მე უკრაინული მხარის უფრო მჯერა იმიტომ, რომ უკრაინული დაზვერვა ახლა არის ყველაზე ძლიერი მსოფლიოში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გამოყენებით რუსეთი სანქცირებული პროდუქციისთვის კონტრაბანდის არხების შექმნას ცდილობს.

მისივე თქმით, თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის კატასტროფა იქნება.

"ეს ინფორმაცია თუ დადასტურდა, ძალიან სერიოზული კატასტროფა იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, მე უკრაინული მხარის უფრო მჯერა იმიტომ, რომ უკრაინული დაზვერვა ახლა ყველაზე ძლიერია მსოფლიოში, რადგან მას მხარს უმაგრებს ისეთი ძლიერი დაზვერვის სისტემა, როგორიც არის აშშ-ის სადაზვერვო სისტემა, დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სისტემა და ისრაელის სადაზვერვო სისტემა. მე არ მაქვს არანაირი ეჭვი, რომ ეს სიმართლე არ იყოს“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

დევი ჭანკოტაძის თქმით, "ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები და ქმედებები აფიქრებინებს, რომ უკრაინის საკითხთან მიმართებაში „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ენდოს.

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ ნდობა არ შეიძლება, რადგან მათ პუტინის პირადი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავთ.

"მეორე მხრიდან რას ვხედავთ? - მეორე მხრიდან არის „ქართულ ოცნება“, რომელსაც მე პირადად და ქართველი ხალხი არ ენდობა არცერთ ნაბიჯზე. როცა მათ პუტინის პირადი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავთ, რომელმაც 2008 წელს ყველაფერი გააკეთა, რომ შეეჩერებინა რუსული აგრესია, შეძლო და ჩამოიყვანა 6 ქვეყნის პრეზიდენტი, დააყენა რუსთაველზე და ამით ააცილა თბილისს დაბომბა, ამნაირი ადამიანი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ამ სიტუაციაში, ჰყავთ ციხეში, თან უკრაინის მოქალაქეა, პუტინის პირადი პატიმარია.

ეს ერთი და მეორე, ე.წ. კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოდის და ამბობს, რომ იქ ომობს ის ხალხი, ის მებრძოლები, რომლებიც აქ გაექცნენ პასუხისმგებლობას და კრიმინალები არიან, ამხელა შეურაცხყოფა აყენებს იმ ბიჭებს. ჩვენს მებრძოლებს, რომლებიც იარაღით ხელში იბრძვიან და იცავენ საქართველოს ინტერესებს და ეძახი კრიმინალებს, შენ როცა ხედავ, რომ დაღუპული მებრძოლები ჩამოდიან და არცერთი მთავრობის წევრი უბრალოდ პანაშვიდზე არ მიდის და არ უდგება მხარში იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს შვილი, ძმა და ა.შ. რა უნდა გააკეთო? სიტყვიერად გამოდიან და ამბობენ, უკრაინას ვუჭერთ მხარს, მაგრამ რეალურად პირიქით არის. ეგენი არ თვლიან უკრაინას მეგობრულ სახელმწიფოდ, სტრატეგიულ პარტნიორად, მეტი მტკიცებულება რაღა უნდა იყოს?“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

დევი ჭანკოტაძემ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას არანაირი ვალდებულება არ აქვს მტკიცებულებების წარმოდგენის.

"ფიოდორ რივენსლავსკი არის უკრაინის რადის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრი. მან თქვა, რომ თუ კიდევ განმეორდება, აუცილებლად იქნება მტკიცებულებები გამოგზავნილი. ალბათ, წყარო, რომელიც აწვდის ამ ინფორმაციას, ეს არის საქართველოს უშიშროების სამსახურში მსახურობს და არ უნდათ მაგ წყაროს მხილება და ამიტომაც ამ ეტაპზე თავს არიდებენ, მაგრამ მე ვთქვი, რომ უკრაინას არანაირი ვალდებულება არ აქვს მტკიცებულებების წარმოდგენის“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

დევი ჭანკოტაძის განცხადებით, „რუსეთი რაც უფრო მეტად მარცხდება უკრაინაში, მეტად აგრესიული ხდება „ქართული ოცნების“ ტონი“.