რუსეთთან შეხვედრა უკრაინის იმ სახელმწიფოებთან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმების შემდეგ შედგება, რომლებიც მზად არიან მათ წარმოსადგენად.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ ტელეარხ Habertürk-თან განაცხადა.
"პირველი ნაბიჯია - ამ გარანტორებთან შეხვედრა ან ამ ლიდერთა წარმომადგენლებთან, შემდეგ - უსაფრთხოების გარანტიების გაერთიანებული გაგება და შემდეგ უკვე რუსულ მხარესთან ურთიერთობა. ჩვენთვის, ასევე, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, კონკრეტულად, რა გარანტიებზე არიან თანახმა ეს ქვეყნები. მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ზოგიერთი მათგანი ყველაფრისთვის მზად არის, ზოგიერთი კი - სრულად არ უჭერს მხარს. ამიტომ გვჭირდება ერთობლივი შეხვედრა ამ ქვეყნებთან მრჩევლების დონეზე, რომლებიც ამ დოკუმენტზე ისაუბრებენ - ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მომავალ გარანტიებზე. ვნახავთ,, რომ მასში ყველაფერი გვაწყობს, როდესაც შევიგრძნობთ მომავლის რწმენას. ამის შემდეგ იქნება რუსეთთან შეხვედრა“ , - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ჯერჯერობით, ასეთი შეხვედრა, რომელზეც სხვა ქვეყნები მზად არიან უკრაინისთვის გარანტიები განიხილონ, არ ყოფილა.
"თუმცა, ეს შეხვედრა აუცილებლად იქნება, რადგან ეს დაადასტურეს გარანტორი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა. ეს ეხება აშშ-ს, ბრიტანეთს, თურქეთს, პოლონეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ისრაელს. ეს ჯერ კიდევ არ არიან ყველა გარანტორები, არამედ მხოლოდ ის ქვეყნები ჩამოგითვალეთ, რომლებიც უკვე მზად არიან ჩამოვიდნენ და განიხილონ უსაფრთხოების გარანტიების ჩამონათვალი. ამიტომ, ამან შეიძლება, გარკვეული დრო დაიკავოს, მაგრამ არც ისე დიდი. ჩვენ დიდ ხანს ვერ დაველოდებით, ჩვენ მიწაზე რუსეთთან ომია და ჩვენი ადამიანი იღუპებიან. ეს შეხვედრა უახლოეს პერიოდში უნდა გავმართოთ, შემდეგ კი, ასევე სწრაფად - რუსეთთან შეხვედრა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიები გამყარებული უნდა იყოს იურიდიული პასუხისმგებლობით. ქვეყანა რომელიც არღვევს სხვის ტერიტორიული მთლიანობას, უნდა იცოდეს, რომ მარტო დარჩება. ასევე, ამ გარანტიებზე უნდა ჩატარდეს კენჭისყრა გარანტორი ქვეყნების პარლამენტებში.