შვედი მსახიობი, ალისია ვიკანდერი გადასაღებ მოედანზე დაგროვებულ ნეგატიურ გამოცდილებაზე საუბრობს და იხსენებს გადაღებისას ისეთ სცენებს, როცა ის თავს დაუცველად გრძნობდა.
საქმე ეხება ალისიას კარიერის დასაწისს და ინტიმური სცენების გადაღებას.
“Tomb Raider”-ის ვარსკვლავმა Harper's Bazaar-თან ისაუბრა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ინტიმური სცენების კოორდინატორების გადასაღებ მოედანზე ყოფნას. (ინტიმური სცენების კოორდინატორი არის ადამიანი, რომელიც ფილმების და სერიალების გადაღებისას ინტიმურ სცენებს უკეთებს ქორეოგრაფირებას).
"ერთადერთი რამ, რასაც იმპროვიზაციას ვერ გაუკეთებ, ინტიმური სცენაა - გარკვეული ქორეოგრაფია უნდა გქონდეს და მას მიჰყვე. ყველაზე ცუდი ასეთი სცენების გადაღებაა. მე ჩემს სხეულში თავს კომფორტულად ვგრძნობ, ბევრი შიშველი და ინტიმური სცენაც გადამიღია, მაგრამ ადვილი არასდროსაა“, - ამბობს მსახიობი.
ვიკანდერი ნატრობს, რომ ინტიმური სცენების კოორდინატორები მისი კარიერის დასაწყისშიც ყოფილიყვნენ.
"ისეთ სიტუაციებშიც აღმოვჩენილვარ, როცა თავი დაუცველად მიგრძვნია“, - ამბობს შვედი ვარსკვლავი და ერთ-ერთ გადაღებას იხსენებს, რომლის დროსაც ყველა თავის საქმით იყო დაკავებული, თვითონ კი რამდენიმე საათის განმავლობაში შიშველს მოუწია ჯდომა.
"ამ დროს ვიღაც უნდა გამოჩნდეს ხალათით, მაგრამ არავინ მოსულა. გვიან მივხვდი, რომ ეს არასწორი მოპყრობაა, ჩემთვის ყურადღება უნდა მოექცაიათ“, - ამბობს მსახიობი.
ცნობისთვის, ინტიმური სცენების კოორდინატორებთან ერთად გადაღება ამგვარად მიმდინარეობს, ყველა თანამშრომელი ტოვებს გადასაღებ მოედანს და მხოლოდ კოორდინატორი და მსახიობები რჩებიან. ისინი ერთობლივად წყვეტენ, როგორი სცენის გადაღება იქნება მსახიობის კომფორტის ზონის ფარგლებში და რა დროს იგრძნობს თავს უხერხულად. შემდეგ გუნდი მინიმალური შემადგენლობით ბრუნდება მოედანზე, კოორდინატორიც აქვე რჩება, რათა დარწმუნდეს, რომ გადაღებების მიმდინარეობისას ყველა კარგად გრძნობდეს თავს.
წყარო: insider
მოამზადა: ანა სიბოშვილმა