ავტორი:

„პალიტრა L“ - მა თანამედროვე უკრაინელი პოეტების კრებული გამოსცა - გაყიდული წიგნებიდან მიღებული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში

„პალიტრა L“ - მა თანამედროვე უკრაინელი პოეტების კრებული გამოსცა - გაყიდული წიგნებიდან მიღებული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში

გამომცემლობა „პალიტრა L-მა” უკრაინის მხარდასაჭერად თანამედროვე უკრაინელი პოეტების კრებული გამოსცა. გაყიდული წიგნებიდან მიღებული სრული თანხა კი უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.

8 უკრაინელი პოეტის შემოქმედება ქართულ ენაზე მწერალმა შოთა იათაშვილმა თარგმნა, დიზაინი კი უკრაინელ იულია კირაკოსოვას ეკუთვნის, წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია როგორც „ბიბლუსის“ ქსელში, ისე „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე. მწერალი და მთარგმნელი შოთა იათაშვილი თავის ემოციურ წინასიტყვაობაში კრებულის სწრაფად გამოცემის მიზეზებსა და მეგობარი ქვეყნის ავტორებთან კავშირზე საუბრობს:

„ეს კრებული უცებ მომზადდა და დაიბეჭდა. იმ მძლავრმა ემოციურმა ტალღამ, რომლის ქვეშაც მოგვაქცია რუსეთ-უკრაინის ომმა და უკრაინელთა შეუპოვარმა ბრძოლამ სამშობლოს დასაცავად, გააჩინა მისი გამოცემის სურვილი. კრებულში შესული ლექსები წლების განმავლობაში ითარგმნებოდა, რისი მიზეზიც უკრაინული პოეზიისადმი ჩემი დიდი სიყვარულია“, - წერს შოთა იათაშვილი.

კრებულში შესულია ისეთი თანამედროვე უკრაინელი პოეტების ნამუშევრები, როგორიცაა: სერჰი ჟადანი, ლიუბა იაკიმჩუკი, ბორის ხერსონსკი, ჰალინა კრუკი, მარიანა კიანოვსკა, ვასილ მახნო, ანდრეი ლიუბკა და ანასტასია აფანასიევა.

შოთა იათაშვილი წერს, რომ ის უკრაინელი ავტორების ნამუშევრების წლების განმავლობაში თარგმნიდა, ამ დღეებში კი, როცა უკრაინა მძიმე განსაცდელშია, ისევ მიუბრუნდა უკრაინელ ავტორებს და მათი ლექსები თარგმნა:

„ბუნებრივია, რომ გულმა ისევ მიმაბრუნა მათი პოეზიისაკენ და ისევ მათარგმნინა მათი ლექსები – ამჯერად ისინი, რომლებშიც ჩანს ომი, 2014 წლიდან მათთვის ყოველდღიურობის ნაწილად ქცეული. კრებულის იდეაც ამან გააჩინა – იმის გააზრებამ, რომ ამ თარგმანებისგან შეიძლება შეიკრას ერთი პატარა კრებული, როგორც ლამაზი საჩუქარი განსაცდელში მყოფი მეგობრებისათვის, და როგორც ლამაზი საჩუქარი ქართველი მკითხველისათვის, რომელმაც ამ დღეებში განსაკუთრებით შეიყვარა უკრაინელი ხალხი ამ ბრძოლაში გამოჩენილი გმირული ბუნების გამო, და, აქედან გამომდინარე, დღეს ბომბებქვეშ მოხვედრილი თუ იარაღით ხელში საკუთარი ქალაქების დასაცავად მდგარი პოეტების სტრიქონები მისთვის ბევრის მთქმელი და მაჩვენებელი უნდა იყოს“, - წერს მთარგმნელი წიგნის წინასიტყვაობაში.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის პარალელურად, ქართველების სოლიდარობა მეგობარი ერის მიმართ განსაკუთრებით გამძაფრებულია, რაც გამოიხატება როგორც ჰუმანიტარულ დახმარებასა და კამპანიებში, ისე უკრაინული ლიტერატურისა და კულტურის მიმართ გაზრდილ ინტერესში.

როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარი და წიგნის რედაქტორი მაია ალუდაური აღნიშნავს, საქველმოქმედო გამოცემის მთავარი მიზანი უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობაა.

„ეს ის ვითარებაა, როდესაც გსურს, შენი განწყობა, სოლიდარობა, თანაგანცდა გახადო ქმედითი და გამომცემლობაში ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა, რა ფორმა მოგვეფიქრებინა ამისთვის...

ამასობაში შოთა იათაშვილთან საუბრის დროს გაგვიჩნდა იდეა... შოთა არის კარგი პოეტი და მთარგმნელი და უკრაინელი ავტორების მიმართ პიროვნული სიყვარულის გამო ის თარგმნის ხოლმე ნაწარმოებებს და ასე დაგროვდა მასთან რამდენიმე ავტორის ლექსების თარგმანები. შეიძლება ითქვას, ელვის სისწრაფით მოვახერხეთ თანამედროვე უკრაინელი პოეტების კრებულის გამოცემა. ეს არის სპეციალური საქველმოქმედო გამოცემა, რომლის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან თითოეული თეთრი გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად.“ - აღნიშნა მან.

მაია ალუდაურის თქმით, „პალიტრა L“ მომავალშიც გეგმავს, მკითხველს კიდევ უფრო სიღრმისეულად გააცნოს უკრაინელი ავტორები და მათი შემოქმედება. განსაკუთრებული საქველმოქმედო გამოცემის მკითხველებს კი საშუალება ექნებათ, უკრაინის დასახმარებლად თავიანთი წვლილი შეიტანონ.

თანამედროვე უკრაინელი პოეტების კრებულის პრეზენტაცია 13 აპრილს 19:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.

წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც პრეზენტაციაზე, ისე საიტსა და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში. გამომცემლობა აღნიშნული ფორმით ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას დაეხმარება.

#პალიტრაL #supportukraine