ავტორი:

"ეს კრემლის წინაშე თავის მართლებას ჰგავს - სამხედრო ძალით თქვენთან ვართ, მაგრამ ცალკე ყოფნა გვირჩევნიაო" - რას ამბობენ სოხუმში აფხაზური ენის სავალდებულო ცოდნაზე?

"ეს კრემლის წინაშე თავის მართლებას ჰგავს - სამხედრო ძალით თქვენთან ვართ, მაგრამ ცალკე ყოფნა გვირჩევნიაო" - რას ამბობენ სოხუმში აფხაზური ენის სავალდებულო ცოდნაზე?

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას ე.წ. ხელმძღვანელობა ახალ ინიციატივას სთავაზობს - მეტი ყურადღება აფხაზურ ენას. ბოლო ხანებში როგორც სკოლებში, ასევე სხვა საჯარო დაწესებულებებში დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ მშობლიური ენის სწავლის პოპულარიზაცია უნდა დაიწყოს და მისი ცოდნა ყველასთვის სავალდებულო უნდა გახდეს.

"ეს ეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს და ასეც უნდა იყოს..." - წერს ბლოგერი, სამოქალაქო აქტივისტი ტატა ჯოპუა.

გალის რაიონის მკვიდრი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა ამბობს, რომ აფხაზმა მესაზღვრემ ჰკითხა, იცოდა თუ არა აფხაზური ენა.

"ყველას მოუწევს სწავლა. აფხაზებმა არ იციან საკუთარი ენა. თუმცა ახლა გამოღვიძება იწყება... თუ აქ ცხოვრება გინდათ, ენაც უნდა იცოდეთო, მითხრა მესაზღვრემ. დარწმუნებული ვარ, არც თავად იცოდა აფხაზური. არასდროს მომისმენია ერთმანეთში აფხაზურად საუბრობდნენ..." - გვეუბნება გალის მკვიდრი.

აფხაზური ენის, მისი ცოდნა-არცოდნის პრობლემაზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ და ადგილობრივ "ხელმძღვანელობას" სკოლებსა და უნივერსიტეტში, ასევე, სამოქალაქო თუ სახელმწიფო უწყებებში აფხაზური ენის არასაკმარის პოპულარიზაციაში ადანაშაულებდნენ.

"მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთმა რუსეთთან მიერთების ინიციატივა გამოხატა, ჩვენ კი ვამბობთ, რომ აფხაზეთი არც რუსეთია და არც საქართველო, ეს უნდა დავამტკიცოთ, მაგრამ როგორ დავამტკიცებთ, როდესაც საკუთარ ენასაც კი არ ვცემთ პატივს. ქვეყანაში ყველა დაწესებულებას ორ ენაზე, რუსულად და აფხაზურად აწერია, მაგრამ სინამდვილეში, სასაუბრო აფხაზური ძალიან ცოტამ იცის კარგად... არც ერთი სახელმწიფოს სამსახურში, ადმინისტრაციულ დაწესებულებაში, თუ სადმე ღრმა სოფელი არაა, აფხაზურად არ გელაპარაკებიან, მხოლოდ რუსულად საუბრობენ. ეს ეხება ბანკს, სკოლას, ბაღს, მერიას, კაფესა და რესტორანს.

ამას წინათ, ვიღაცამ იკითხა, თუ არსებობს რესპუბლიკაში აფხაზური ენის მასწავლებელი, აღმოჩნდა, რომ არა... ახლა ვითომ გამოღვიძება დაიწყო, ეს კრემლის წინაშე თავის მართლებას უფრო ჰგავს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, სამხედრო ძალით, მორალურად, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ცალკე ყოფნა გვირჩევნიაო... მე მაინც მგონია, რომ ანატოლი ბიბილოვის ინიციატივის შემდეგ, ჩვენს ხელმძღვანელობას დანაშაულის განცდა აქვს კრემლის წინაშე, რომ მათ ვერ შეძლეს ისეთი საზოგადოებრივი განწყობის შექმნა, როგორც სამხრეთ ოსეთში. არადა, ასე რამდენ პრობლემას მოაგვარებდნენ, როგორც სოციალური, ასევე, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით..." - წერს სოციალურ ქსელში ილონა წულუკია.

სხვების თქმით, ზოგადად, ბიბილოვის ინიციატივამ, რეგიონში დაძაბულობა შექმნა, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. ერთი ნაწილის თქმით, უკრაინის ომში, აფხაზი სამხედროების მონაწილეობა ერთგვარი მადლიერების გამოხატვაა რუსეთის მიმართ, სხვების თქმით, მათი წაქეზება დანაშაულია...

აფხაზეთში მცხოვრები ნადეჟდა ვენედიქტოვა, ასევე, ცნობილი პუბლიცისტი, დავით დასანია და მისი თანამოაზრეები, თვეზე მეტია, ომის საწინააღმდეგო პოსტებით გამოირჩევიან. მათ პეტიციაც კი შეადგინეს და უკრაინაში ომის შეწყვეტის თაობაზე ხელმოწერები გაავრცელეს. დავით დასანიას თქმით, აფხაზმა ხალხმა საკმარისად ნახა ომიც და მისი შედეგებიც იწვნია, შესაბამისად, მისთვის მიუღებელია ყველანაირი ომი.

"იქნებ ამას ჯობია, ჩვენი ქვეყნის პრობლემებით დავკავდეთ, ენის ცოდნაზე, მის დახვეწასა და პოპულარიზაციაზე წლებია ვსაუბრობ. ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ამ მხრივაც არავითარი წინსვლა არ გვაქვს... არადა, ქვეყნის ასაშენებლად ეს ორი ძირითადი ფუნდამენტია" - წერს დასანია.