უჯიუტდებიან აპრიორში მოგებულ მხარეს და ცდილობენ, დასხდნენ პირდაპირ რუსულ ნარატივებზე. სიმონიანის რაღაც პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად აქციეს პარლამენტი, ეს სამარცხვინოა, ეს დამღუპველია, ამას შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" "ქართულ ოცნებაზე" საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს, რადგან ის არის "მხეცი, რეპტილია" და მისი ქცევის ალგორითმს ვერ გამოიცნობ.
"შეიცვლის კი ხელისუფლება ურთიერთობის ამ სტილს დასავლეთთან და საკუთარ მოსახლეობასთან? შეძლებს კი თავად ააწყოს ურთიერთობა? მე როგორც ვხედავ, მათ ამის უნარი არ აქვთ და არც იმისი გონება ჰყოფნით, რომ სხვა ჩართონ. ისინი უჯიუტდებიან აპრიორში მოგებულ მხარეს და ისინი ცდილობენ, დასხდნენ პირდაპირ რუსულ ნარატივებზე. რას ნიშნავს ოხანაშვილის გუშინდელი განცხადება პარლამენტიდან? ჩვენ დავინახეთ, რომ სიმონიანის რაღაც პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად აქციეს პარლამენტი, ეს სამარცხვინოა, ეს დამღუპველია, ამას შედეგები მოჰყვება, მაგრამ დავზარალდებით ჩვენ, როგორც ერი.
რეპტილიასთან შენ ქცევის ალგორითმს ვერ გამოიცნობ, აზრი არ აქვს, შენ იმას აჭარულს წაუცეკვებ თუ ჩაკრულოს უმღერებ, რეპტილია არის ინსტინქტი და რუსეთი არის ინსტინქტზე აწყობილი, ის არის მხეცი, კლავს ბავშვებს, 10 წლის ბავშვებს აუპატიურებს, აძრობს კბილებს და თქვენ შეგიძლიათ ამის შემდეგ მითხრათ, რომ ჩვენს ქცევას რაიმე მნიშვნელობა ექნება?“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
აკია ბარბაქაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მხრიდან იმის თქმა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ომს და რუსეთის გაღიზიანებას, რუსეთს უფრო აქეზებს.
"ლამის ერთი კვირაა მოვითხოვ ხელისუფლებისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან და პრემიერ-მინისტრისგან, რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავენ საქართველოს, ანუ შეასრულებენ კონსტიტუციურ მოვალეობას, დაიცვან საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, მაგრამ არა. როდესაც ხელისუფლება იძახის, რომ ომს აზრი არ აქვს, როდესაც იძახიან, რომ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა ამართლებს, ამ დროს ეს ეწინააღმდეგება ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებს.
დოკუმენტებში გვიწერია, რომ ერთადერთი გზა ომის თავიდან ასაცილებლად არის შეკავების პოლიტიკა. შეკავების ერთადერთი ინსტრუმენტი არის თავდაცვის ძალები და მისი სიძლიერე და არა ენის მოჩლექით ლაპარაკი, რუსულ ნარატივზე გადაჯდომა და პატაკი ყოველდღიური, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ომს, არ ვაპირებთ, რომ გავაღიზიანოთ რუსეთი. ამით პირიქით, ჩვენ ვაქეზებთ რუსს. იმ რეპტილიას, იმ მხეცს ჩვენ ვეუბნებით ფაქტობრივად, რომ ჩვენ მზად არ ვართ, ჩვენ ომს არ ვაპირებთ“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
აკია ბარბაქაძე გადაცემაში უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდული საქონლის რუსეთში შეტანას ცდილობს.
აკია ბარბაქაძის თქმით, ხელისუფლებას ქვეყანაში მსოფლიოში ცნობილი ტერორისტი, ჩატაევი შემოეპარა და ამიტომ, დღეს, საზღვრის კარგად გაკონტროლებაზე პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს.
"აქ ჩვენ დავდივართ ერთ მთავარ პრობლემასთან, რუსეთის საზღვრებს ვაკონტროლებთ? შეუძლიათ, ხელისუფლებიდან გამოვიდნენ თანამდებობის პირები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რომ საზღვრები ჩვენთან კარგად კონტროლდება? ნახევარი კაცი ჩატაევი შემოეპარათ, რომელსაც მთელი სპეცრაზმით სამი დღე ეომნენ. თუ მსოფლიოში აღიარებული ძებნილი ტერორისტი გადმოდის და ცხოვრობს შენს დედაქალაქში თვეობით და კორპუსში აქვს გამზადებული მთელი არსენალი და ეს გაგეპარა, იმას მიმტკიცებ, რომ ამის პასუხისმგებლობას იღებ? ან რაზე აუღიათ პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი ყოფნით, ვაჟკაცობა ყოფნით, ნამუსი აქვთ? მახსოვს ტრუსკავეცი, ურცხვად რომ იძახდა მდინარაძე და დღეს გამოდის და იგივე ტრუსკავეცული სახით მიმტკიცებს რაღაცას კიდე. მაგას რომ ნამუსი ჰქონდეს უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და გადადგეს. ეგეთი შემთხვევითი, უსახო, უბიოგრაფიოა ადამიანები ასეთ გასაჭირში, როდესაც მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ მოსახლეობიდან, უნდა გადგნენ გვერდზე და მისცენ სხვებს საშუალება, რომ ერთიანად შევიკრათ, რომ არ ვიყოთ დაქსაქსულები, ერთმანეთის დაჭმით და სამოქალაქო ომით დაკავებულები“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
ასევე, აკია ბარბაქაძემ გადაცემაში რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთი ამ ომში უფრო მეტად ჩაერთვება, რადგან ბუჩაში მომხდარმა ტრაგედიამ მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთი არის "მხეცი".
"მოსალოდნელია რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი დავინახოთ დასავლეთის მხრიდან და მეტად ჩაერთვება ამ ომში იმიტომ, რომ როგორც მსოფლიო შეიძლება გავყოთ 24 თებერვლამდე და 24 თებერვლის შემდეგ, თვითონ ამ ომის შვიდკვირიანი მონაკვეთიც შეგვიძლია გავყოთ, ბუჩამდე და ბუჩას მერე. ბუჩამ დაანახა მსოფლიოს, რომ ჩვენ გვაქვს მხეცებთან საქმე და მხეცებთან დიალოგი არ ჭრის“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.