ადრე ორიენტირებული ვიყავით "საბჭოთა კავშირის" სტილის იარაღის მიღებაზე. ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ის და ამიტომ, ომში მისი ჩართვა დაუყოვნებლივ იყო შესაძლებელი,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
"საბჭოთა იარაღი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, მწირია. ხშირად ცუდ მდგომარეობაშია, რადგან 30-40 წლის წინ არის დამზადებული. ასეთ პირობებში საბჭოთა იარაღი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მხოლოდ მცირე ხნით გააძლიერებს უკრაინას. ამიტომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს იარაღი, რომელსაც ნატოს ქვეყნები იყენებენ. ეს საუკეთესო გამოსავალია მრავალი მიზეზის გამო,“- განაცხადა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები სწრაფად სწავლობენ ახალი იარაღის გამოყენებას.
"მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მალე მოგვაწოდოთ მძიმე იარაღი. რუსეთის ლიდერები ომის დამნაშავეები არიან. ამას ყველა აღიარებს. როდესაც ისინი სამხედრო მარცხს განიცდიან, მაშინვე დაკარგავენ ძალაუფლებას. ჩვენ არ გვეშინია რუსეთის და შეგვიძლია მისი დამარცხება. ჩვენ გვინდა გავანადგუროთ მკვლელები, მოძალადეები და მძარცველები, რომლებმაც უსაზღვრო ტკივილი მოგვიტანეს. ეს არის მსოფლიოსთვის სასტიკი ტირანიისგან თავის დაღწევის შანსი. იარაღის მიწოდების გაჭიანურება იწვევს ჩვენი შვილების სიკვდილს, ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ის ასევე ანგრევს ევროპას,“- აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს დედაქალაქი კიევიდან. ასევე, ჟიტომირის, კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან რუსი ჯარისკაცებისგან განთავისუფლება დასასრულს უახლოვდება.
"მაგრამ სიტუაცია უკიდურესად მძიმე რჩება. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთში. რუსეთი ძლიერი შეტევის განხორციელების მიზნით ძალების კონცენტრაციას ახდენს. უკრაინამ მოიგო ომის პირველი რაუნდი, როდესაც მიმდინარეობდა ინტენსიური კონტაქტური ბრძოლები. ჩვენ შევძელით რუსეთის შეჩერება მეტწილად ჩვენი პარტნიორებისგან მიღებული იარაღის წყალობით. ამისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ. თუმცა, რუსეთმა გამოიტანა დასკვნები და შეცვალა ტაქტიკა. მას კონფლიქტი გაჭიანურებულ ფაზაში და სხვა ფორმატად გადააქვს. კლებულობს კონტაქტური ბრძოლების რაოდენობა. მტერი თავს გვესხმის რაკეტებით, იყენებს თვითმფრინავებს, MLRS სისტემებს და შორი მანძილის არტილერიას.
ანადგურებს ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს. დაბომბვა ხორციელდება რუსეთის, ბელარუსის, ასევე შავი და აზოვის ზღვების ტერიტორიიდან. ასეთ პირობებში ომი გადადის რესურსების კონკურენციის ფაზაში, რომლებიც რუსეთში თითქმის უსასრულოა, უკრაინასთან შედარებით. ასეთი ომის მოსაგებად, ჩვენ გვჭირდება განსხვავებული დახმარება, ვიდრე ადრე ვიღებდით. ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ მტრის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. მთელმა მსოფლიომ დაინახა რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკე ბუჩასა და კიევის სხვა ტერიტორიებზე. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი გენოციდისგან. ამისათვის ჩვენ გვჭირდება სხვა იარაღი,“- განაცხადა რეზნიკოვმა.