დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმირ პუტინის ორ შვილს სანქციები დაუწესა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ქმედება აშშ-სთან "კოორდინირებული“ ძალისხმევის შედეგია, რადგან აშშ-ის ხელისუფლებამ ასევე დააწესა სანქციები პუტინის ორი შვილის - კატერინა ტიხონოვას და მარია ვორონცოვას წინააღმდეგ.
BBC-ის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ასევე დაუწესა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილს, ეკატერინა ვინოკუროვას.
ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებით, ქვეყანამ "სამიზნეში ამოიღო კრემლის შიდა წრის წარმომადგენელთა მდიდრული ცხოვრების წესი“, რის შედეგადაც მათ [პუტინისა და ლავროვის ქალიშვილებს] მოგზაურობა აეკრძალათ და ფინანსური აქტივები გაეყინათ.