მოუწევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უკრაინაში ჩასვლა, მაგრამ ეს იქნება სამარცხვინო - ყურში რომ ხელს მოგკიდებენ და გაჩვენებენ, რა ხდება უკრაინაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სამარცხვინოა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ დრომდე ტელეფონითაც არ უსაუბრია არც უკრაინის პრეზიდენტთან, არც პრემიერ-მინისტრთან.
"ტელეფონითაც კი არ უსაუბრია მთელი ამ ომის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის არც ერთ თანამდებობის პირთან, ამაზე სამარცხვინო რა უნდა მოხდეს, ამაზე მეტი ლაკმუსის მაჩვენებელი რა უნდა იყოს, ტელეფონითაც რომ არ ელაპარაკები გმირ ზელენსკის ან შენს კოლეგას უკრაინაში. მოუწევს, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უკრაინაში ჩასვლა, მაგრამ ეს იქნება სამარცხვინო, ეს იქნება ყურში რომ ხელს მოგკიდებენ და გაჩვენებენ რა ხდება უკრაინაში და რამდენად არაადეკვატური იყო საქართველოს ხელისუფლების რეაგირება რუსეთის აგრესიის მიმართ,"- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისათვის, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახოს ომის დანაშაულები. საქართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს მიწვევა არ მიუღია.