ავტორი:

რა არის სალომონელა, რომლითაც ევროპაში ასობით ბავშვი დაინფიცირდა, დაბინძურების წყაროდ კი "ქინდერის“ შოკოლადს ასახელებენ - რას აცხადებენ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში?

რა არის სალომონელა, რომლითაც ევროპაში ასობით ბავშვი დაინფიცირდა, დაბინძურების წყაროდ კი "ქინდერის“ შოკოლადს ასახელებენ - რას აცხადებენ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში?

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა ზაზა წერეთელმა "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ევროპაში იკვლევენ 134 ბავშვში სალმონელას "სწრაფად განვითარებად“ გავრცელებას, ხოლო "შოკოლადის პროდუქტი - Kinder Surprise-ის შოკოლადის კვერცხები - იდენტიფიცირებულია, როგორც "ინფექციის სავარაუდო გზა".

"ოთხშაბათს, ჯანდაცვის ევროპელმა ოფიციალური პირებმა განაცხადეს, რომ ისინი იკვლევენ 134 ბავშვში სალმონელას "სწრაფად განვითარებად“ გავრცელებას. როგორც თავის განცხადებაში, დაავადებათა კონტროლისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა განაცხადა, შოკოლადის პროდუქტი - Kinder Surprise-ის შოკოლადის კვერცხები - იდენტიფიცირებულია, როგორც "ინფექციის სავარაუდო გზა", და დასძინა, რომ ძირითადად 10 წლამდე ასაკის ბავშვები დაზარალდნენ. პირველი შემთხვევა ბრიტანეთში დაფიქსირდა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეპიდემია ხასიათდება, ბავშვთა უჩვეულოდ მაღალი ჰოსპიტალიზაციით და აღნიშნეს, რომ პროდუქტის გაწვევა დაიწყო ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ირლანდიაში, ლუქსემბურგსა და დიდ ბრიტანეთში. ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იტალიურმა კომპანია Ferrero-მ დაიწყო Kinder Surprise-ის შოკოლადის კვერცხების კონკრეტული პარტიების გაწვევა. როგორც Ferrero-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, საეჭვო პროდუქცია ბელგიაში დამზადდა, თუმცა ახლა სხვა ქვეყნების საწარმოებიც შემოწმდება. ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ მან გამოავლინა შოკოლადის კვერცხებთან დაკავშირებული სალმონელას 63 შემთხვევა და რომ უმეტესობა ხუთ წლამდე ბავშვები იყვნენ. სალმონელა ჩვეულებრივ იწვევს სიმპტომებს, მათ შორის დიარეას, ცხელებას და კუჭის სპაზმებს. ადამიანების უმეტესობას, რომლებიც ავადდებიან, არ სჭირდებათ რაიმე წამალი, მაგრამ მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება ჰოსპიტალიზაცია და შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკები ან სხვა მკურნალობა. ნორვეგიაში, ხელისუფლებამ დღეს გაყიდვებიდან ამოიღო "ფერეროს" პროდუქცია და მოუწოდა თავის მოსახლეობას, რომლებმაც ეს პროდუქცია იყიდეს, ან გადააგდონ ეს შენაძენი ან დააბრუნონ მაღაზიაში. შვედეთის ხელისუფლებამ ასევე ამოიღო გაყიდვებიდან შოკოლადები ოთხშაბათს და ნორვეგიის მსგავსი მოთხოვნით მიმართა თავის მოსახლოებას", - დაწერა ნორვეგიაში მცხოვრებმა სპეციალისტმა.

  • რა აცხადებენ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში?

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის გამო, შოკოლადის საეჭვო პარტიების გამოვლენა-გამოთხოვა დაიწყო.

ამის შესახებ სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ.

სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენისა და ამოღების პროცედურები მყისიერად დაიწყო - იმპორტიორ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია საეჭვო პარტიების შესახებ და დაავალა შოკოლადის პროდუქტის (ბრენდი: Uovo Maxi, აღწერილობა: KSOR MAXI; K2,5X12 PC CHR RUS 2 დამზადების თარიღი 15.10.2021, ვარგისიანობის ვადა 12.07.2022, პარტიის № L288R03) რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.

გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორები ჩაატარებენ არაგეგმურ ინსპექტირებასა და ზედამხედველობას აღნიშნული შოკოლადის იმპორტიორ ბიზნესოპერატორებთან.

ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების "ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

  • რა არის სალმონელა?

სალმონელა არის ბაქტერიის ტიპი, რომელიც Enterobacteriaceae-ს ოჯახს მიეკუთვნება. ის არის უჯრედშიდა ბაქტერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებული ორგანიზმის უჯრედშია. სალმონელა გვხვდება როგორც გარეულ, ასევე ინკუბატორში გამოზრდილ ცხოველებსა და ფრინველებში. ინფექციის ყველაზე დიდი ეპიდემია 1980 წელს პოლონეთში დაფიქსირდა. მაშინ სალმონელოზით 700 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. ოფიციალური მონაცემებით კი, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ სალმონელოზის 150-200 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რეგისტრირდება.

ადამიანი სალმონელოზით საკვებისგან ან წყლისგან ინფიცირდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, დაავადების ძირითადი მიზეზია დაბინძურებული პროდუქტები (უმეტესად ცხოველური წარმოშობის). უფრო იშვიათია დაბინძურებული წყლით მოსახლეობის მასობრივი ინფიცირება ან ჰიგიენური წესების დარღვევით გამოწვეული სპორადიული შემთხვევები.

დიზბაქტერიოზის შემთხვევაში სალმონელათი ინფიცირების ალბათობა ბევრად მაღალია.

სალმონელოზის სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა მწვავე ნაწლავური ინფექციების გამოვლინებებს. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 12-24 საათია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც 2-3 დღეს გრძელდება.

ინფექციები, რომლებსაც სალმონელა იწვევს, მწვავე გასტროენტერიტისა და დიარეის ფორმით ვლინდება. მათი განსხვავება სხვა ბაქტერიული დარღვევისგან საკმაოდ რთულია. დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღების შემდეგ ადამიანს ეწყება გულისრევა, ღებინება და ხშირი ფაღარათი. პაციენტს მუცელში სპაზმური ტკივილები ეწყება და ტემპერატურა 39 გრადუსამდე იწევს. ჩვეულებისამებრ, სალმონელოზის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია, რადგან მისი და საკვებით ინტოქსიკაციის სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება ის აპენდიციტშიც აგერიოთ. დაავადება 3 დღიდან 2 კვირამდე გრძელდება.

მწვავე სალმონელოზის დროს დიარეა 3-7 დღეს გრძელდება, ტემპერატურა კი 72 საათში რეგულირდება. ინფექციის მწვავე ფორმა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მაგრამ მას შეუძლია ადამიანი ამ ბაქტერიის ქრონიკული მატარებელი გახადოს.

თუ ამ ინფექციის ერთი სიმპტომი მაინც გამოგივლინდათ ან სალმონელოზის არსებობის მინიმალური ეჭვი მაინც არსებობს, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმ-ინფექციონისტს, რომელიც დიაგნოსტირების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ. ზოგ შემთხვევაში ანტიბიოტიკებიც ინიშნება.

სალმონელოზის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სიმპტომების გავლის შემდეგაც კი ბაქტერიის ჩხირები ორგანიზმში რამდენიმე თვეს რჩება. ამ დროის განმავლობაში ის განავლის სახით გარეთ გამოიყოფა და ისეთივე ინფექციის წყაროა, როგორიც დაავადებული ცხოველის ექსკრემენტები.