ავტორი:

"შუა საუკუნეების ურდოებს ჰქონდათ ეს ტაქტიკა" - რას აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსეთ-უკრაინის ომზე?

"შუა საუკუნეების ურდოებს ჰქონდათ ეს ტაქტიკა" - რას აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსეთ-უკრაინის ომზე?

ეს არის ომის დანაშაულები და დარწმუნებული ვარ, ამაზე პასუხისგება მოუწევს არა მხოლოდ შემსრულებლებს, არამედ შემკვეთებსაც - ეს კიდევ უფრო მოაახლოებს პუტინის რეჟიმის დასასრულს და უკრაინის ნამდვილ თავისუფლებას, - ამის შესახებ თავადცვის ყოფილმა მინისტრმა, "დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით სიხარულიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს რუსეთი უკრაინის სულისკვეთების გატეხას ძალადობით ცდილობს.

როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკა შეცვალა და იყენებს შუა საუკუნეების ტაქტიკას, რომელსაც ველური ურდოები ცივილიზებული ერების წინააღმდეგ იყენებდნენ.

"როგორც ჩანს, ეს არის რუსული ტაქტიკა, რომელსაც ისინი ყოველთვის იყენებენ, ეს გახლავთ სულისკვეთების გატეხა ძალადობით. შუა საუკუნეების ურდოებს ჰქონდათ ეს ტაქტიკა, რომ საშინელი ძალადობით და დანაშაულებით გატეხონ ერის სულისკვეთება, რომელიც საკუთარ თავს იცავს. რუსები ამ ტაქტიკაზე გადავიდნენ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაიზარდა ეს მასშტაბი. ეს არის ომის დანაშაულები და დარწმუნებული ვარ, ამაზე პასუხისგება მოუწევს არა მხოლოდ შემსრულებლებს, არამედ შემკვეთებსაც. რუსები ამით მათ ამოცანას ვერ შეასრულებენ და ეს კიდევ უფრო მოაახლოებს პუტინის რეჟიმის დასასრულს და უკრაინის ნამდვილ თავისუფლებას. ძალიან მძიმე არის ევროპის შუაგულში ამის ყურება, შუა საუკუნეების ტაქტიკის გამოყენება, რომელსაც ველური ურდოები ცივილიზებული ერების წინააღმდეგ იყენებდნენ“, - განაცხადა სიხარულიძემ.

მან ასევე ისაუბრა სენატის მიერ "ლენდ ლიზის“ პროგრამის აღდგენაზე, რომელიც აშშ-ს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწრაფად, დიდ დროსთან დაკავშირებული პროცედურული დაბრკოლებების გარეშე, მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების საშუალებას აძლევდა.

დავით სიხარულიძის შეფასებით, აღნიშნულმა პროგრამამ ამ ომში შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

შესაძლებელია, რომ "ლენდ ლიზმა“ გარღვევა მოახდინოს, რადგან უმნიშვნელოვანესი შეიარაღებები შემოვა და გაცილებით დიდი რაოდენობით. "ლენდ ლიზის" გადაწყვეტილება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული სენატში. ამერიკამ მიიღო ასევე უაღრესად მნიშველოვანი გადაწყვეტილება, რომლის ანალოგსაც ჩვენ კიდევ დავინახავთ ევროკავშირში, ნავთობის და გაზის ყიდვის აკრძალვას“, - აღნიშნა დავით სიხარულიძემ.

იხილეთ ასევე: