მიხეილ სააკაშვილის სიმამრი უნდა გაგაცნოთ, ალექსი ანდრეევიჩ იასკო, რომელიც ცნობილი უკრაინელი მევიოლინე, ეროვნული ანსამბლის "კიევის კამერატას“ დირექტორი, უკრაინის სახალხო არტისტი და მრავალი პრემიის ლაურეატია. საინტერესოა, რომ ლიზას დედის შესახებ მასალები თითქმის არ მოიპოვება, დედის ვინაობა არცერთ მის ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ არის. შემთხვევითია თუ არა ეს, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტში ცნობები მისი დედ-მამის შესახებ ძალიან მწირია. გარდა ამისა, უცნობია, ჰყავს თუ არა და-ძმები.
2019 წელს უკრაინული მედია ლიზა იასკოს მამას ადანაშაულებდა რუსეთთან კავშირში და წერდა, რომ ის არის დამფუძნებელი ფონდისა: "რუსული მუსიკა და კულტურა". ამ თემაზე დასმულ შეკითხვას დეპუტატმა (ლიზა იასკომ) უპასუხა: "ეს ფონდი მამამისმა დააარსა 2008 წელს, როდესაც უკრაინაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენდა...".
ალექსი იასკოს გასტროლებით შემოვლილი აქვს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა. 7 წლის განმავლობაში მუშაობდა ორკესტრის კომპანისტად, ფილარმონიის სოლისტად და კუნძულ კრეტაზე (საბერძნეთი) კონსერვატორიის პროფესორად. ალექსი იასკო საჯარო განცხადებებით არ გამოირჩევა. უცნობია, ნამყოფია თუ არა სიძის სამშობლოში, საქართველოში. თუმცა ფაქტია, რომ ის ექსპრეზიდენტს კარგად იცნობს. ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში ლიზას მამას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აქვს ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სიძე-სიმამრი ერთად უზის გაშლილ სუფრას.
ოქტომბერში ლიზა იასკომ GORDON-ის მთავარ რედაქტორ ალეს ბატსმანს ინტერვიუში მშობლებისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობაზე ისაუბრა:
"ერთხელ მამაჩემმა მიშას უთხრა: "ღმერთო, შენ რა რთული ცხოვრება გაქვს... საერთოდ, როგორ იღიმიო?". იასკომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ როდესაც მან სააკაშვილი მშობლებს გააცნო, მათ "სხვადასხვა რეაქცია ჰქონდათ", მათ შორის იყო შიში.
"ჩემს მშობლებს, რა თქმა უნდა, ჰქონდათ შეშფოთება, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ სრული მხარდაჭერა გამომიცხადეს. ისინი მას დიდ პატივს სცემენ, ფიქრობენ, რომ, ეს წარმოუდგენელი ადამიანია. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანთან ერთად ცხოვრება არ იქნება მშვიდი და უპრობლემო“, - განაცხადა დეპუტატმა.
ლიზას თქმით, მამამისი სააკაშვილზე 10 წლით უფროსია და როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, მაშინვე დამეგობრდნენ. ახლა მისი მშობლები ძალიან ღელავენ დაკავებული პოლიტიკოსის გამო და საქართველოში წასვლაც კი სურდათ, მაგრამ არ იციან, როგორ დაეხმარონ მას.
ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ გავრცელებული ვიდეო შოკისმომგვრელი იყო ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებისთვის და ოჯახის წევრებისთვის. მართალია, ჭორის სახით უკრაინული მედია დიდი ხნის მანძილზე წერდა მათი ურთიერთობის შესახებ, თუმცა სააკაშვილი იყო ის პერსონა, რომელსაც მუდმივად აბრალებდნენ, რომ პარალელური ურთიერთობა ჰქონდა რომელიმე ცნობილ ქალთან.
იგივე ხდებოდა წლების მანძილზე მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან დაკავშირებით, რასაც არცერთი მხარე არ ადასტურებდა, სანამ ექსპრეზიდენტმა თავად არ აღიარა, რომ ელის-მარია მათი საერთო შვილი იყო. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ ლიზა სისტემატურად ჩამოდიოდა საქართველოში მეუღლის სანახავად. მკითხველს კარგად ახსოვს კადრი, როდესაც მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყავთ, საკანში ექსპრეზიდენტს კედელზე ლიზასთან ერთად გადაღებული ფოტო აქვს გაკრული.
წყვილის ურთიერთობის შესახებ არ უნდოდათ საუბარი ექსპრეზიდენტის მშობლებსაც. სააკაშვილის მამა მედიასთან ამბობდა, რომ მისი რძალი სანდრა რულოვსი იყო. დედამ კი განაცხადა, რომ შვილის არჩევანის შესახებ არაფერი იცოდა. მოგვიანებით კი გიული ალასანიამ ონლაინ გამოცემის GORDON-ის მთავარი რედაქტორის ალეს ბატსმანის გადაცემა BATsMAN-ის ეთერში განაცხადა, რომ მას ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ელიზავეტა იასკოსთან.
"იცით, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. მგონი სულ მუშაობს, სწავლობს. კარგია, ასეთი ძლიერი გოგო რომ არის, მგონი საინტერესოა. კარგი განათლება აქვს, ოქსფორდი დაამთავრა. და საერთოდ ნიჭიერი ადამიანია. ძალიან მუსიკალურია და საკუთარი სიმღერებიც აქვს. უკრავს, მღერის, მაგრამ, გარდა ამისა, ძალიან გატაცებულია თავისი საქმით, რასაც ახლა აკეთებს", - განაცხადა ალასანიამ.
იასკოსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა საჯარო 2021 წლის 1 ოქტომბერს გახდა, იმ დღეს, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. შემდეგ იასკომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის და სააკაშვილი ამბობენ, რომ „მათ ერთმანეთი უყვართ...
"ვიდეოს გამოჩენის შემდეგ სანდრა რულოვსმა, რომელზეც სააკაშვილი 1993 წლიდან იყო დაქორწინებული, პოლიტიკოსის მხარდამჭერი პოსტი დაწერა, თუმცა აღნიშნა, რომ ვიდეოს შინაარსი მისთვის „მოულოდნელი“ იყო, ფორმა კი „სრულიად მიუღებელი“. სააკაშვილიც და იასკოც ამტკიცებენ, რომ მათი ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როდესაც ორივე უკვე თავისუფალი იყო. „მინდა ვთქვა, რომ ჩემი ყველა წინა ურთიერთობა დასრულდა. და მრავალი თვის წინ მე და ლიზა იასკომ ჩვენი ბედი გავაერთიანეთ. ჩვენ დიდი ხანია ერთად ვცხოვრობთ, როგორც ოჯახი. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია." - ვკითხულობთ სააკაშვილის გამოქვეყნებულ წერილში.
ექსპრეზიდენტმა მაშინ ყველას მოუწოდა, რომ პატივი სცენ რულოვსის პირად ცხოვრებას. მოგვიანებით უკრაინულ მედიაში იასკომ განაცხადა, რომ ის იცნობდა მიხეილ სააკაშვილის უფროს შვილს, დედას და ბიძას და მათი ურთიერთობა მისი ოჯახისთვის საიდუმლო არ იყო.