ავტორი:

"ეკას კისრის ფუძე გადაუტეხეს. მეც უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. შვილის გარდაცვალებაზე არაფერი ვიცოდი" -  გმირად ქცეული 16 წლის გოგონას ამბავი და წლების მერე ნაპოვნი დღიური

"ეკას კისრის ფუძე გადაუტეხეს. მეც უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. შვილის გარდაცვალებაზე არაფერი ვიცოდი" -  გმირად ქცეული 16 წლის გოგონას ამბავი და წლების მერე ნაპოვნი დღიური

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

"ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს“, - ეს ფრაზა 1989 წლის 9 აპრილის დარბევისას მოკლული, ყველაზე პატარა გმირის, ეკა ბეჟანიშვილის დღიურიდანაა. ფრაზა, რომელიც 16 წლის გოგონას წინასწარმეტყველებად ექცა და საკუთარი სახელი და გვარი მთელ საქართველოს დაამახსოვრა. დღიური ეკას დედამ, ლალი ყანჩაველმა, შვილის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, შემთხვევით იპოვა.

ლალი ყანჩაველი გვეუბნება, რომ ეკას დღიურის შესახებ საუბარი არ უყვარს, რადგან გოგონა ამ დღიურს საგულდაგულოდ მალავდა.

ტრაგედიიდან 33 წლის შემდეგ, დღიურიდან რამდენიმე ფრაზას Ambebi ge-ის მკითხველს პირველად უზიარებს.

"სახლის დალაგების დროს შემთხვევით ვიპოვე დღიური. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა ფრაზის შემდეგ მრავალწერტილს წერდა. ერთი ასეთი ფრაზა ეწერა: "ღამე ერთია და 16-ჯერ მეღვიძება". ზუსტად 16 წლის გარდაიცვალა. დღიურში ასევე წერდა სიზმარზე, რომელიც ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ესიზმრებოდა.

"ყოველ ღამით ხმელ ფოთლებში დავდივარ, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?" - ამ სიზმარს ბებიასაც უყვებოდა-თურმე, ჩემთვის არასოდეს უთქვამს“, - ამბობს ლალი ყანჩაველი.

ეკა კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იყო, როდესაც სამშობლოს თავისუფლების მოთხოვნით დაწყებულ საპროტესტო აქციებზე კლასელებთან ერთად დაიწყო სიარული.

"ეკა 8 აპრილს მამამისმა მასწავლებელთან წაიყვანა, იქიდან კი მიტინგზე წასულა. არასოდეს აგვიანებდა. 8 საათზე სახლში რომ არ მოვიდა, შეგვეშინდა და მის მოსაძებნად წავედით. წარმოიდგინეთ, იმდენ ადამიანში ვიპოვე, ძალიან გამიხარდა. წამოსვლა ვერ მოვასწარით, რამდენიმე წუთში დარბევა დაიწყო..." - ამბობს ეკას დედა.

ეკას დედა, 9 აპრილს დაუდგენელი ნივთიერებებით მოიწამლა. უგონო მდგომარეობაში, კლინიკაში, ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. შვილის გარდაცვალების შესახებ 40 დღის შემდეგ შეიტყო. ამ ტრაგედიის შემდეგ, მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

"ეკას კისრის ფუძე გადაუტეხეს. მეც მოწამლული, უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. შვილის გარდაცვალების შესახებ არაფერი ვიცოდი. 5-მდე დათვლაც კი არ შემეძლო. ფსიქოლოგი შემოდიოდა ხოლმე პალატაში და კუბიკები მოჰქონდა, ააწყვეო. პატარა ბავშვივით ყველაფერი თავიდან ვისწავლე. მეხსიერება სრულად 6 თვის შემდეგ აღმიდგა, იმ საზარელი ღამიდან, პირველი, რაც გამახსენდა, პატრიარქის სიტყვები იყო, - "საშიშროება რეალურია“. მეტი არაფერი მახსოვს. უკვე 33 წელია სხვა ადამიანების დახმარება მჭირდება, დამოუკიდებლად სიარული არ შემიძლია. გერმანიაში 2-ჯერ ვიყავი სამკურნალოდ. 3 ნივთიერება, რომლითაც ვიყავი მოწამლული, დაადგინეს, ხოლო მეოთხეს დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. - რა ვქნათ, ექიმები კი ვართ, მაგრამ ამის დადგენა ჩვენს ძალებს აღემატებაო“, - ამბობს ეკას დედა.

ლალი ყანჩაველი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 33 წელი გავიდა, ეკას კლასელები, მასწავლებელთან და მშობლებთან ერთად, სასაფლაოზე ყოველ წელს მიდიან.

იხილეთ ასევე:

ავტორი: თიკო გურაშვილი