"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გამოგზავნილი მოწვევა არარელევანტურია და სამწუხაროა, როდესაც უკრაინის მხრიდან „შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ“.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ „უკრაინის მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არასწორი ნაბიჯების გადადგმას“.
"პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამოხატა თავისი პოზიცია. სამწუხარო რეალობაა, როდესაც ვისმენთ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის მხრიდან, რასაც თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს. დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია. ეს არის სამწუხარო რეალობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იდგმება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არასწორი ნაბიჯები“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველო უკრაინას მხარს უჭერს, თუმცა, იქიდან გადმოდგმული ნაბიჯები „შესაბამისი არ არის“.
"არა მხოლოდ ომის დაწყების დღიდან, ომამდეც, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იყო ურყევი და მტკიცე მთელი ამ პერიოდი განმავლობაში. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, იქიდან გადმოდგმული ნაბიჯები არ იყო შესაბამისი. ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა და სინანული მინდა გამოვხატო.
ჩვენი დამოკიდებულება არის შემდეგი - დასანანია განცხადებები, რომელიც კეთდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ამ საკითხში ვერ შევალთ და მიუხედავად ამ ყველაფრისა, უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ურყევად“,- განაცხადა ირაკლი კობაიძემ.
კითხვაზე, იქნებოდა თუ არა ბუჩაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება, კობახიძე ამბობს, რომ საქართველო მხარდაჭერას ყველა შესაბამისი ფორმით გამოხატავს.
„ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ ყველა შესაბამისი ფორმით. ეს არის ის პრინციპული გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს მიღებული. პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოში მიღებული გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იყო რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერებაზე. აქ ჩვენი მხარდაჭერა იყო უპირობო. გაეროში ვიყავით თანასპონსორი იმ რეზოლუციისა, რომლის თანასპონსორიც, მაგალითად, მოლდოვაც კი არ იყო; ეუთო-ში აბსოლუტურად ყველა დოკუმენტს დავუჭირეთ მხარი, რაც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება; ჩვენ გავხდით თანაავტორი სისხლის სამართლის საჩივრისა, რომელიც ჰააგის სასამართლოში შევიდა. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იდგმება. ამის მიუხედავად შემხვედრი ნაბიჯები, სამწუხაროდ, სათანადო არ არის, თუმცა ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და ასეთ დროს იმაზე ღრმად ვერ შევალთ შეფასებაში, ვიდრე უკვე შევედით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ნახოს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია. მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოდან წერილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა წერილი მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ცნობითვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.