ავტორი:

პოლონელი პოლიტიკოსი უნგრეთის პრემიერს, რომელიც ბუჩასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს ითხოვს, "ოფთალმოლოგთან ვიზიტს" ურჩევს

პოლონელი პოლიტიკოსი უნგრეთის პრემიერს, რომელიც ბუჩასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს ითხოვს, "ოფთალმოლოგთან ვიზიტს" ურჩევს

პოლონური პარტიის "სამართალი და სამართლიანობის" თავმჯდომარემ და პოლონელმა პოლიტიკოსმა იაროსლავ კაჩინსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს "ოფთალმოლოგთან ვიზიტი" ურჩია, თუ ის ვერ ხედავს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სიმხეცეს კიევის ოლქში. მისივე თქმით, პოლონეთი არ ითანამშრომლებს უნგრეთთან, თუ ორბანი არ შეიცვლის უკრაინის ომის მიმართ დამოკიდებულებას.

"შეფასება ცალსახად უარყოფითია. როდესაც ის ამბობს, რომ არ უნახავს, რა მოხდა ბუჩაში, მას უნდა ვურჩიოთ წავიდეს ოფთალმოლოგთან“,- განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.

ამასთან, პოლონელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ის აქამდე თავს იკავებდა ორბანის ქცევის შეფასებისგან, მაგრამ ახლა იძულებულია აღიაროს, რომ ეს ყველაფერი ძალიან საწყენია.

"ის რასაც აკეთებს ორბანი - ამით იმედოვნებს, რომ წვლილს შეიტანს ამ კონფლიქტის დასრულებაში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ჩიხური გზაა“,- განაცხადა კაჩინსკიმ.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მეთაურმა უკრაინისგან ბუჩაში რუსების მიერ მასობრივი მკვლელობის მტკიცებულებები მოითხოვა.

"ყველაზე უარესი რაც ზელენსკიმ უკანასკნელ დღეებში მოისმინა? ევროკავშირის წამყვან პოლიტიკოსს სურდა უკრაინის პრეზიდენტისგან მიეღო მტკიცებულება იმისა, რომ ბუჩაში სამხედრო დანაშაულები ინსცენირება არ ყოფილა! ეს არის რიტორიკა, რომელიც უარეს შემთხვევაში, კრემლიდან მომდინარეობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

"ბილდის“ რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა ეს პოლიტიკოსი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მთავრობის მეთაური, ზელენსკიმ მკაფიოდ უპასუხა: „დიახ“. თუმცა, ზელენსკიმ პოლიტიკოსის გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ამავდროულად, უკრაინული გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანზე.