ორი დღის წინ, TV25.GE-მ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქობულეთის ვიცე მერმა "ევროპაბეთში" 28 000 დოლარიანი მანქანა მოიგო. საჯარო მოხელემ ძვირადღირებული ავტომობილის მოგება ქონებრივ დეკლარაციაშიც ასახა.
Ambebi.ge ქობულეთის ვიცე მერს დავით ვერულიძეს დაუკავშირდა, რომელიც ფაქტს ადასტურებს და გვარწმუნებს, რომ "ვოლვოს" მარკის ჯიპი მამამ მოიგო ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას.
"მეც და მამაც ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები ვართ. ამ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატის დროს, გასართობად, ერთჯერადად, მამას სურვილით გაკეთდა ფსონი - მცირეოდენი თანხა დადო „ევროპაბეთზე“, გათამაშდა ავტომანქანა - "ვოლვოს" მარკის ჯიპი, რომელიც მამამ მოიგო. მამამ დადო ფსონი და მონაცემები დედის სახელზე გააკეთა, მე მხოლოდ ტექნიკურად დავეხმარე. შემდეგ ეს მანქანა სექტემბერში 28 ათას დოლარად გაიყიდა.
მე როგორც საჯარო პირს, კანონმდებლობა მავალდებულებს, ჩემი ოჯახის შემოსავლები დეკლარაციაში ამესახა და ასეც მოვიქეცი. მე და ჩემს ოჯახს ვინც გვიცნობს, ყველამ იცის, რომ ძალიან შორს ვართ აზარტული თამაშებისგან. სამწუხაროდ, ეს ორი დღეა, ძალიან ცუდი პროპაგანდა აგორდა, ჩირქი მოგვცხეს ამ ინტერპრეტირებული სტატიებით. საჯარო მოხელე ვარ და ეს ყველაფერი ალბათ ჩემს დისკრედიტაციას ემსახურება, აბა, სხვას რას დავუკავშირო?
ყველას დეტალურად ვუთხარი სიმართლე, მაგრამ მათ როგორც უნდოდათ, ისე გააშუქეს. რაც უფრო ხმაურიანი იქნებოდა, ისე შეფუთეს ეს ფაქტი. ეს ადვილი გადასამოწმებელია... საბედნიეროდ, ბილეთმა მოიგო ავტომანქანა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ცუდად გამოიყენეს. არა უშავს, ყველას თავის სიმართლეში გაუმარჯოს!“ - ამბობს ვერულაძე.