ქალაქის ხელმძღვანელობისგან გვაქვს მონაცემები, რომ ბუჩაში 360 სამოქალაქო პირია მოკლული, რომელთა შორის, მინიმუმ 10 ბავშვია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის რადას ადამიანის უფლებათა საკითხებში უფლებამოსილი პირი ლუდმილა დენისოვა წერს.
მისი ინფორმაციით, ბუჩაში, იაბლონსკის ქუჩაზე "რაშისტებმა" ნამდვილი საწამებელი მოაწყეს. როგორც გადარჩენილებმა განაცხადეს, ადგილზე კადიროველების შტაბი იყო, რომლებიც პირდაპირ ხვრეტდნენ ადამიანებს, თხრიდნენ თვალებს, აჭრიდნენ სხეულის ნაწილებს, სიკვდილამდე აწამებდნენ არა მხოლოდ ზრდასრულებს, არამედ ბავშვებსაც.
"ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, ბუჩაში ამ დროისთვის 360 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული, რომელთაგან მინიმუმ, 10 ბავშვია“, - განაცხადა დენისოვამ.
მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ტყეში, გოსტომელის გასასვლელთან, ირპინის მიმართულებით, ადგილობრივებმა აღმოაჩინეს დაცხრილული ავტომანქანა, რომელშიც ოჯახი მგზავრობდა.
"მივმართავ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას, ასევე ეუთოს წევრი ქვეყნების მიერ შექმნილ საექსპერტო კომისიას, შეისწავლოს რუსეთის მიერ ჩადენილი აღნიშნული სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები“ ,- განაცხადა დენისოვამ.