საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გვიან ღამით 35 წლამდე ქალი ფონიჭალა-რუსთავის გზატკეცილზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვა და რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე სამშენებლო მასალის მოსაპოვებელ კარიერთან მიიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მისულ სამ მამაკაცს კიდევ ერთი პიროვნება შეუერთდა, რომელიც კარიერის დაცვის თანამშრომლად იყო დასაქმებული.
"ოთხივე მათგანი ახალგაზრდა ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი სამმა კაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. გაუპატიურებაში მონაწილეობა მიიღო კარიერის დაცვის თანამშრომელმაც", - წერს გამოცემა.
ახალგაზრდა ქალმა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაქცევა მოახერხა და მომხდარის თაობაზე სამართალდამცავებს აცნობა. პოლიციელებმა ოთხივე პირი დააკავეს.
დაკავებულების სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა და მოსამართლე მადონა მაისურაძემ ოთხივეს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმის პროკურორის, თინათის სტურუას განცხადებით, ბრალდებულებიდან სამ პირს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 137 მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გაუპატიურებას ითვალისწინებს. ხოლო მეოთხე პირს ბრალად ედება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. წყარო