ავტორი:

"ჩვენი ახალგაზრდები საქართველოში გადადიან საცხოვრებლად და ეს არ მიკვირს" - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე: ჰუმანიტარული კრიზისი და საზოგადოების რეაქცია

"ჩვენი ახალგაზრდები საქართველოში გადადიან საცხოვრებლად და ეს არ მიკვირს" - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე: ჰუმანიტარული კრიზისი და საზოგადოების რეაქცია

"გთხოვთ, როგორმე შეაჩერეთ ფასების არარეალური ზრდა, თორემ მე და ჩემს შვილებს ულიმიტო დიეტაზე მოგვიწევს ყოფნა", - ამ სიტყვებით მიმართავს ფატიმა ბჟანია აფხაზეთის ე.წ.ხელმძღვანელობას. მის თხოვნა-მიმართვას უამრავი ადამიანი უერთდება. ნაწილი კატასტროფულად გაზრდილი ფასების გამო აქციების გამართვას და შესაბამისი "მონიტორინგის სამსახურის" შექმნას ითხოვს, რომელიც ფასებს გააკონტროლებს.

ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ქრისტინა ოზგანის თქმით, სურსათის მარაგი არსებობს და არც პანიკის საფუძველია. abkhaz-auto.ru-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, რადგან ეს საკითხი რუსეთის ფედერაციაში ძალიან სერიოზულად კონტროლდება და როგორც ხედავთ, აფხაზეთთან, როგორც მეგობარ ქვეყანასთან მსგავსი რამ გამორიცხულია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სურსათის შემოტანის პროცესს, ისე, რომ მარაგები არ ამოიწუროს, გავაკოტროლებთ", - აცხადებს ოზგანი.

მისივე თქმით, რაც შეეხება, ფასებს ზრდას, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ასევე, "რუსეთის მიმართ არსებული დამოკიდებულების გათვალისწინებით, ეს გარდაუვალია. აფხაზეთში კი, აბსოლუტურად ყველაფერი იმპორტირებულია, ამიტომ, ფასებიც გაიზარდა", - აღნიშნა მან.

"მინისტრის" განცხადება ადგილობრივებმა პროდუქტებზე ფასების კიდევ უფრო ზრდის მანიშნებლად მიიჩნიეს. სოხუმელი ლელა ჭანია წერს, რომ "ხალხი ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების დროს სჭირდება. ყველა მაღალჩინოსანს ბიზნესი აქვს და მათ შემოსავლებს ფასების მატება არ შეეტყობათ... მაღაზიებსა და აფთიაქებში ფასები არაფერს აწერია, მხოლოდ დაანგარიშების დროს იგებ რამდენი გაქვს გადასახდელი, ამას მოლარე თავად წყვეტს და თუ აღშფოთდი, გაოცებული გიყურებს, - არ იცით მსოფლიოში რა ხდება?!. ჯობია ამ ფასში იყიდოთ, მალე ყველაფერი კიდევ უფრო გაძვირდებაო. არადა, დოლარის ფასი დაეცა, რუბლმა იმატა, მაგრამ ფასები მაინც მატულობს. ბარემ პირდაპირ გვითხარით, აქედან წადითო", - ამბობს ლია შანავა.

  • ადგილობრივები ასევე წერენ, რომ ბოლო ხანებში, რეგიონში შექმნილი უმძიმესი სოციალური ფონისა და ზოგადი სიტუაციის გამო, გახშირდა ახალგაზრდების ქართულ მხარეს გადასვლის ფაქტები, რაც აფხაზებისთვის "განსხვავებული სიახლეა."

"ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოსთან ყველანაირი კონტაქტი უნდა გაწყდეს. ქართული დროშა აფხაზეთში ვერასდროს იფრიალებს, მაგრამ არ ამბობს რუსული იფრიალებს თუ არა... აგერ ჩვენი სომხები გვიწერენ, რომ ჩვენზე ადრე ცხოვრობდნენ აქ, ამ ქვეყნის შექმნასა და განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით, იომეს, სისხლი ღვარეს და ახლა თავს უფლებას აძლევენ თავიანთი აზრი გამოხატონ - ჩვენ გვსურს რუსეთთან შეერთება და ამას გავაკეთებთ კიდეც, რადგან ასე უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავსო... ველოდოთ, რომ მარგარიტა სიმონიანი თავის ტროლებს აქაც მოქოქავს", - მიაჩნია ფეია ჩანბას.

"სისულეების გამო ვხოცავთ ერთმანეთს, ამიტომაც გვჭირს ეს. თუ გავჩუმდებით, უარესი დაგვემართება. ეს კიდევ რა არის, ზაფხულში ვნახოთ რა იქნება. მით უფრო, რომ რუსეთი შეგვპირდა, "დაფინანსება უნდა შეგიმციროთ, რათა დამოუკიდებლობა გასწავლოთო." არადა, ყველაფრის ფასმა უკვე 100%-ით მოიმატა. ჩვენი ხელფასები და პენსია იგივე დარჩა.

წარმოიდგინეთ რა იქნება, როდესაც უკრაინის ომის გამო რუსეთზე სანქციების შედეგები დაიწყებს ასახვას... დავგეგმოთ დღე და გამოვიდეთ აქციაზე, თუნდაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სურსათის. პურის, შაქრის, ზეთის, მარილის, გაძვირება არ დავუშვათ. დედაჩემის პენსია სამი თავი წამლის საყიდლად არ მეყო. მართლა დღეგამოშვებით მოგვიწევს ჭამა ოჯახში, რიგრიგობით... აქ ომი არ არის, მაგრამ მალე ჰუმანიტარული კრიზისის დაიწყება", - წერს ირა კოკოსკერია.

  • "მეც გავიგე ჩვენი ახალგაზრდები საქართველოში რომ გადადიან საცხოვრებლად და საერთოდ არ გამკვირვებია. ვიდრე მოღალატეს დამიძახებდეთ, აგიხსნით, 500 რუბლით შვილებს ერთ ვახშამსაც ვერ ვაჭმევ. ხუთი შვილი მყავს, ქმარს კი 6300 რუბლი აქვს ხელფასი, ამიხსენით როგორ ვარჩინო შვილები?.. ტანსაცმელსა და სხვა საჭიროებებზე არც მაქვს ლაპარაკი, მხოლოდ საკვებზე ვამბობ. სამშობლოსა და პატრიოტიმზე ნუ მელაპარაკებით, როდესაც ჩემს შვილებს შიათ", - წერს ანა კონჯარია.

ადგილობრივების თქმით, "ხელმძღვანელობამ" ისინი შეაჩვია უშუქობას, უწყლობას, დაუცველობას, ხელფასისა და პენსიის დაგვიანებას, ახლა კი, შიმშილსაც აჩვევს და ამის მოთმენა არ ღირს. თუმცა სხვები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში, ბჟანია და ანქვაბი არაფერ შუაშია, რადგან "ქვეყანა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული და იქ მიმდინარე პრობლემები სარკისებურად ასახება აფხაზეთზეც."