ავტორი:

"გამეღვიძა, ჩემი ქმარი საწოლში არ იწვა... "დაიწყო", - მითხრა მან...იმ დღეს უკანასკნელად ვნახე ის პიჯაკსა და თეთრ პერანგში" - ოლენა ზელენსკა ომის პირად ისტორიაზე

"გამეღვიძა, ჩემი ქმარი საწოლში არ იწვა... "დაიწყო", - მითხრა მან...იმ დღეს უკანასკნელად ვნახე ის პიჯაკსა და თეთრ პერანგში" - ოლენა ზელენსკა ომის პირად ისტორიაზე

უკრიანის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ბრიტანულ Vogue-ს ესაუბრა. გაიხსენა ომის დაწყება, რუსეთის შეჭრის პირველი დღეები, ისაუბრა პირად ემოციებზე, განცდებზე მეუღლესა და შვილებზე. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

  • რუსეთის უკრაიინაში შეჭრის პირველ დღეებზე:

დასაწყისი კარგად მახსოვს, ჩვეულებრივი სამუშაო დღე და საღამო იყო: ბავშვები სკოლიდან ბრუნდებოდნენ, ჩვეული საოჯახო საქმეები, მომდევნო სასწავლო დღისთვის მზადება... დაძაბულები ვიყავით. ყველგან ბევრს საუბრობდნენ შესაძლო შემოჭრაზე, მაგრამ ბოლო წუთამდე არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა... 21 საუკუნეში? თანამედროვე სამყაროში?

გამეღვიძა, დილის 4:00-დან 5:00 საათამდე პერიოდში. მაშინვე ვერ მივხვდი, რომ ეს აფეთქების ხმა იყო. ვერ გავიგე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩემი ქმარი საწოლში არ იწვა, მაგრამ როდესაც ავდექი, მაშინვე დავინახე, იდგა, უკვე ჩაცმული, ჩვეულებისამებრ პიჯაკში (და იმ დღეს უკანასკნელად ვნახე მე ის პიჯაკსა და თეთრ პერანგში - მას შემდეგ სამხედრო გახდა).

"დაიწყო“, - სულ ეს იყო, რაც მან თქვა.

ვერ ვიტყვი, რომ იყო დაბნეულობა და პანიკა.

"რა ვუყოთ ბავშვებს?“ - ვკითხე.

"მოიცადე, მე შეგატყობინებ. ყოველი შემთხვევისთვის, შეაგროვეთ აუცილებელი ნივთები და საბუთები“, - მითხრა და სახლიდან გავიდა.

  • ბავშვების შესახებ:

ბავშვებისთვის არაფრის ახსნა არ არის საჭირო, ისინი ყველაფერს ხედავენ ისე, როგორც ყველა ბავშვი უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს ის არ არის, რაც ბავშვებმა უნდა ნახონ, მაგრამ ბავშვები ძალიან გილწრფელები და პატიოსნები არიან, მათ ვერაფერს დაუმალავთ. ამიტომ, საუკეთესო სტრატეგია სიმართლის თქმაა. ასე რომ, მათთან ყველაფერი განვიხილეთ. შევეცადე მათ კითხვებზე მეპასუხა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, რადგანაც იმის თქმა, რაც გტკივა, დადასტურებულია, რომ გშველის კიდეც.

  • უკრაინელთა ერთიანობის შესახებ

ომმა მაშინვე ყველა გააერთიანა. და ეს იყო იმ ტირანის საბედისწერო შეცდომა, რომელიც თავს დაგვესხა. პირველ რიგში, ჩვენ ყველანი უკრაინელები ვართ.მას ჩვენი გაყოფა, დანგრევა, შიდა დაპირისპირების პროვოცირება სურდა, მაგრამ უკრაინელებისთვის ამის გაკეთება შეუძლებელია. როდესაც ერთ-ერთ ჩვენგანს აწამებენ, აუპატიურებენ, ან კლავენ, ვგრძნობთ, რომ ყველას გვაწამებენ, გვაუპატიურებენ, გვკლავენ. სწორედ ეს პირადი ბრაზი და ტკივილია, რომელიც მყისიერად გვიბიძგებს მოქმედებისკენ, აგრესიის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმისკენ, კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენი თავისუფლების დაცვის წყურვილს. ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია: ჯარისკაცები იარაღით ხელში, მასწავლებლები აგრძელებენ სწავლებას, ექიმები ატარებენ ურთულეს ოპერაციებს თავდასხმის ქვეშ. ყველა მოხალისე გახდა, მხატვრები, რესტავრატორები, - რადგან ბარბაროსები ჩვენი ქვეყნის დაპყრობას ცდილობენ. მე დავინახე, რომ ამ ყველაფერმა ჩვენს შვილებში ყველაზე ღრმა, პატრიოტული გრძნობები გამოიწვია, მხოლოდ ჩემს შვილებში არა, არამედ ყველა უკრაინელ ბავშვში. ისინი პატრიოტებად და სამშობლოს დამცველებად გაიზრდებიან.

  • როგორ უმკლავდება ემოციებს:

თავიდან ემოციებისთვის დრო არ იყო, საჭირო იყო ბავშვებზე ზრუნვა, მათ ემოციურ მდგრადობაზე. ამიტომ ვცდილობდი თავდაჯერებული ვყოფილიყავი, ენერგიული, ღიმილიანი, განმემარტა მათთვის, რომ დიახ, სარდაფში ჩასვლა აუცილებელია, არ შეიძლება შუქის ჩართვა. ვცდილობდი, ოპტიმისტურად მეპასუხა მათ კითხვაზე - "როდის ვნახავთ მამას?“ ვეუბნებოდი - "მალე.“

პირველ დღეებში ვიმედოვნებდი, რომ ჩვენ შევძლებდით მის გვერდით ყოფნას, მაგრამ პრეზიდენტის ოფისი სამხედრო დაწესებულებად გადაიქცა და მე და ჩემს შვილებს იქ ყოფნა აგვეკრძალა. გვიბრძანეს და უსაფრთხო ადგილას გადაგვიყვანეს, თუ შესაძლებელია უკრაინაში ახლა სადმე უსაფრთხო ადგილი იყოს. მას შემდეგ ვოლოდიმირს ტელეფონით ვუკავშირდებით.

  • უკრაინელი ქალების ისტორიებზე:

ათობით ასეთი განსაკუთრრებული ისტორიიის მოყოლა შემიძლია. მაგალითად, კიევის რეგიონის დეოკუპაციის შემდეგ გავიგეთ ბუჩაში დარჩენილი ექიმის, ირინა იაზოვას ამბავი. მან გადაარჩინა მეზობლები და უცნობები, რომლებსაც თავშესაფარი და მკურნალობა სჭირდებოდათ, რადგანაც დაჭრილები იყვნენ. ქალს ბავშვის გაჩენაშიც დაეხმარა სინათლის, წყლისა და გაზის გარეშე, ხანძარში გახვეულ სახლში. მისი ასეთი გამბედაობის შესახებ მეზობლებმა გვიამბეს.

ასევე, მოგიყვებით კიევში მცხოვრები დედის, ოლგას შესახებ, რომელიც ორი თვის შვილს გადაეფარა, როდესაც ბომბი მათ კორპუსს დაეცა. გიამბობთ ჩერნიგოვის ბავშვთა სახლის მასწავლებელ ნატალიაზე, რომელიც სარდაფში 30 ბავშვთან ერთად ცხოვრობდა, აჭმევდა და უვლიდა მათ, შემდეგ იპოვა მანქანა და ცეცხლის ქვეშ, თუმცა მაინც შეძლო ბაშვების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

  • როგორია უკრაინის პირველი ლედის ცხოვრება ახლა:

ახლა ისე ვცხოვრობ, როგორც სხვა უკრაინელები, ჩვენ ყველას გვაქვს ერთი დიდი სურვილი: იყოს მშვიდობა. მე კი, როგორც ყველა დედა და ცოლი, გამუდმებით ვდარდობ ჩემს ქმარზე და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი შვილები დაცულნი იყონ.

  • მომენტი გასული ერთი თვიდან, რომელიც არასდროს დაავიწყდება

ვურეკავდი ყველას, რომ გამეგო, სად იყვნენ ჩემი ნათესავები და ცოცხლები იყვნენ თუ არა. და ერთ მომენტში მივხვდი, რომ არ ვიცოდი, ოდესმე კიდევ ვნახავდი მათ, ვინც მიყვარს, ვნახავდი კიდევ ჩემს საყვარელ ადამიანებს. და ალბათ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვიტირე - პირველად გამოვუშვი ემოციები... ვერ გავუძელი.

შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია უკრაინული Vogue-ის ფოტოები, რომლებიც 2019 წელსაა გადაღებული.