ავტორი:

"მამაცი იყო... ამბობდა, სიცოცხლე შეიძლება დავკარგო, მაგრამ თავისუფლებას ვერ წამართმევენო" - რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი გიორგი კინოიანი ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცზე

"მამაცი იყო... ამბობდა, სიცოცხლე შეიძლება დავკარგო, მაგრამ თავისუფლებას ვერ წამართმევენო" - რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი გიორგი კინოიანი ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცზე

უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოდან არაერთი მოხალისე წავიდა. ერთ-ერთი მათგანი თბილისის მკვიდრი, 25 წლის გიორგი კინოიანია, რომელიც უკვე ერთი თვეა, რაც იქ იმყოფება. როგორც თავად გვიყვება, ის უკრაინაში უპირველესად საქართველოს ინტერესებისთვის იბრძვის, რადგან მიაჩნია, რომ რაც ახლა მეგობარ ქვეყანაში ხდება, კონკრეტულად და მხოლოდ უკრაინის ომი არ არის ოკუპანტებთან. მისი თქმით, იქ ახლა საქართველოს ბედიც წყდება და ამის შორიდან ყურება მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

"პირველივე დღიდან მინდოდა უკრაინაში ჩამოსვლა, მაგრამ გარდამტეხი წამი იყო, როდესაც დავინახე, როგორ ამოჰყავდათ ნანგრევებიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი... ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, ვეღარ მოვითმინე და მაშინვე უკრაინისკენ გამოვემართე.

არასოდეს დამავიწყდება იმ ადამიანების თვალები, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვეხმარებით. იმათი მადლიერი მზერა მუდმივად დარჩება ჩემს მეხსიერებაში. როდესაც ვუყურებ ამ ადამიანებს, თითქოს ჩვენ მათი ბოლო იმედი ვართ.

მე მწამს, რომ ეს არ არის კონკრეტულად და მხოლოდ უკრაინის ომი. ეს არის მათ შორის საქართველოს ბრძოლაც. გარდა ამისა, 90-იან წლებში უკრაინელმა ხალმა ჩვენ დიდი დახმარება გაგვიწია. ასევე 2008-ში, როდესაც რუსი ოკუპანტები საქართველოში შემოიჭრნენ, უკრაინელები, ქვეყნის ხელისუფლება იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გვერდში დაგვიდგა. ამიტომ ახლა არ გვაქვს უფლება, რომ შორიდან ვუყუროთ და შეშფოთება გამოვთქვათ." - ეუბნება AMBEBI.GE -ს გიორგი.

უკრაინაში საბრძოლველად წასულ ქართველ ახალგაზრდას აქამდე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ ამბობს, რომ თანდათან ყველაფერს სწავლობს.

"მრავალფეროვანი დღის რეჟიმი გვაქვს. ყველანაირი საქმის კეთება გვიწევს, რაც მოსახლეობას დაეხმარება, უფრო კონკრეტულად ვერ გეტყვით. მანამდე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა მოყვარულის დონეზე ვიცოდი, როგორც ტაქტიკური გადაადგილება, ისე იარაღთან მოპყრობა." - ამბობს ის.

გიორგი იყო ერთ-ერთი მათ შორის, ვისაც უკრაინაში გუშინ გარდაცვლილი ქართველ მებრძოლ ნიკა შანავასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. კინოიანის თქმით, ნიკა 21 წლის იყო... მათ ერთმანეთი ომში გაიცნეს და დამეგობრდნენ.

"ნიკუშა აქ გავიცანი. ამ მოკლე პერიოდში ძალიან შემაყვარა თავი. რასაც აკეთებდა ყოველდღიურად ის, მართლაც გმირობის ტოლფასი იყო. მიჭრს მასზე საუბარი... იგი იყო ენერგიული, ჯან-ღონით სავსე ვაჟკაცი, რომელიც თავის მიმართ გულგრილს არავის ტოვებდა.

ძალიან მამაცი იყო. ამბობდა ხოლმე, შეიძლება უკან ცოცხალი ვეღარც დავბრუნდე, სიცოცხლე შეიძლება დავკარგო, მაგრამ თავისუფლებას ვერასოდეს წამართმევენო. ასეთი ბიჭი იყო. ძალიან მიჭირს მასზე ლაპარაკი..." - გვიყვება ქართველი მებრძოლი და დასძენს:

"ჯერჯერობით უკან დაბრუნებას არ ვაპირებ. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ჩვენი ბიჭები გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ამის არც სურვილი მაქვს და არც უფლება"

ასევე იხილეთ: