ავტორი:

სად ემალებოდნენ მტრებს და როგორი იყო თავდაცვითი ნაგებობები საქართველოში ძველად

სად ემალებოდნენ მტრებს და როგორი იყო თავდაცვითი ნაგებობები საქართველოში ძველად

საქართველოს მძიმე ისტორიული წარსულის გამო ქვეყნის ტერიტორია სასიმაგრო ნაგებობებით არის მოფენილი. საქართველოს უძველესი დროიდან უწევდა თავდაცვა სხვადასხვა დამპყრობლების შემოსევებისგან. ამიტომ, სტრატეგიული თვალსაზრისით თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი ციხესიმაგრეებით იყო გამაგრებული.

თავდაცვითი ნაგებობების უმთავრესი დანიშნულება იყო მთლიანი ქვეყნის დაცვა და ხალხის უსაფრთხოება. ეს მხოლოდ ქვეყნის ერთიანობის პერიოდში იყო ასე. როდესაც საქართველო დაიშალა, დაირღვა ერთიანი თავდაცვითი სისტემაც და ის მხოლოდ რეგიონების ინტერესებს ემსახურებოდა.

როცა ქვეყანა ერთიანი იყო, სიმაგრეთა ძირითადი ნაწილი ქვეყნის გარე საზღვრების პირას შენდებოდა, ხოლო დაშლის შემდეგ სიმაგრეებს ქვეყნის შიდა ნაწილებში და კუთხეთა სასაზღვრო ზოლებში აგებდნენ.

თავდაცვითი ნაგებობები ძალიან მყარი იყო. ამას განაპირობებდა მშენებლობის, დაგეგმარებისა და ადგილმდებარეობის ხარისხი. ამგვარად აგებული ციხესიმაგრეები უძლებდნენ საუკუნეებს. ციხე ისეთ ადგილას უნდა აშენებულიყო, რომ იქიდან სივრცის კონტროლი ყოფილიყო შესაძლებელი, ამიტომ მათ აშენებდნენ გზებისა და გადასასვლელების გასაკონტროლებლად. რთული რელიეფური პირობები სიმაგრეთა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოიყენებოდა. მათი ნაწილი მიუვალ და მაღალ ადგილას შენდებოდა. ციხესიმაგრეების ეფექტურობას ასევე განაპირობებდა ერთიანი საფორტიფიკაციო ქსელი, რაც სხვადასხვა ადგილას მდებარე ძირითადი ციხეების ურთიერთკავშირს ქმნიდა. ციხეები ერთმანეთს საყარაულო კოშკების მეშვეობით უკავშირდებოდნენ და კოშკზე დანთებული ცეცხლით გადასცემდნენ სასიგნალო ნიშანს, რათა მტრის შემოსევისას ქსელი მზადყოფნაში ყოფილიყო. ეს სისტემა მოქმედებდა საქართველოს მტელ ტერიტორიაზე.

თავდაცვითი ნაგებობები დროთა განმავლობაში ეპოქის შესაბამისად იცვლებოდა. საქართველო უმდიდრესია თავდაცვითი ნაგებობების სიმრავლით და სახეობებით. თითოეული კუთხე და ეპოქა შესაბამისი სტილის თავდაცვითი ნაგებობებითაა წარმოდგენილი. სიმაგრეთა მშენებლობაში კარდინალური გარდატეხა XVI საუკუნიდან დაიწყო. ეს ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებამ გამოიწვია. საჭირო გახდა თავდაცვითი ნაგებობების დაგეგმარების ძირეული ცვლილება. საისრეების, სალოდეების ნაცვლად - სათოფურები შემოვიდა. ციხეთა გალავნები კი რამდენიმე იარუსიანი გახდა. ამგვარი ცვლილებები 3 საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა.

ციხე-ქალაქის აუცილებელ ნიშანს მისი დაცულობა წარმოადგენდა. ქალაქი, რომელიც პოლიტიკური ან სავაჭრო ცენტრი იყო, აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაცული, ამისთვის პირველ რიგში ყურადღება ექცეოდა ადგილმდებარეობის სწორად შერჩევას. ქალაქისთვის შეძლებისდაგვარად ირჩევდნენ ბუნებრივად გამაგრებულ ადგილს, რომლის დაცვაც ზღუდეებითა და კოშკებით უფრო ხელსაყრელი იქნებოდა. ამასთან, ციხე-ქალაქი სავაჭრო მაგისტრალების სიახლოვეს უნდა გაშენებულიყო, გათვალისწინებული იყო აგრეთვე ბუნებრივი წყლის მარაგის არსებობა.

შემდეგ ხდებოდა ქალაქის გამაგრება. მას შემოევლებოდა ზღუდე (გალავანი), რომელშიც ბურჯები და კოშკები იყო ჩართული. ქალაქში აუცილებლად იგებოდა ძირითადი ციხე-ციტადელი, რომელიც ყველაზე მეტად იყო გამაგრებული. ქალაქის ზღუდეში ანუ გალავანში ჩართული იყო კარები, როგორც წერილობითი წყაროებიდან ჩანს, კარები იყო „დიდნი კარნი ზღუდისანი“ და „ცოტანი კარნი“. „დიდნი კარნი“ განკუთვნილი იყო ქარავნებისა და ჯარის მსვლელობისთვის, ხოლო „ცოტა კარნი“ ჩვეულებრივ მოსიარულეთათვის.

კარები, ცხადია, ძირითადი სამიმოსვლო გზების მიმართულებით იყო გაკეთებული. შებინდებისთანავე ქალაქის ყველა კარი იკეტებოდა და მხოლოდ გათენებისას იღებოდა. გამონაკლისი იყო აღდგომა, როცა მთელი ღამე ქალაქის კარები ღია იყო. კარები კლიტეებით იკეტებოდა და მას გუშაგები იცავდნენ.

ადრე და გვიან ფეოდალურ ხანაში ერთ-ერთ ძლიერად გამაგრებულ ციხე-ქალაქს წარმოადგენდა საქართველოს დედაქალაქი თბილისი. თბილისი სხვადასხვა უბნად იყოფოდა და ყველა უბანი ციხეებითა და გალავნებით იყო გამაგრებული.

ციხესიმაგრეში მუდმივად უნდა მდგარიყო გარნიზონი, რომელიც მზად იქნებოდა საბრძოლველად, ის ქვეყნის ძირითად მმართველს ემორჩილებოდა და ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს იცავდა.

ქართული ციხესიმაგრე ის ობიექტია, რომელსაც მიუძღვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი საქართველოსა და ქართველი ხალხის გადარჩენაში .- სწორედ მათი სიმტკიცისა და აუღებლობის დიდი დამსახურებაა, რომ ქართველებმა გაუძლეს უდიდეს და უამრავ დამპყრობელს და ქვეყანა და თავისი თავი შეინარჩუნეს.

საქართველოს მთიანეთში გავრცელებული ციხე-სახლები ორიდან შვიდ სართულამდე მერყეობდა, მიჩნეულია, რომ ისინი თავდაცვითი ნაგებობების ერთ-ერთ უძველეს სახეობას წარმოადგენენ, რომელსაც ბოლო დრომდე არ დაუკარგავს აქტუალობა. ციხე-სახლები მიჩნეულია ერთ-ერთ უძველეს სასიმაგრო ნაგებობად ციხე-სახლების ნაირსახეობად შეიძლება ჩაითვალოს სვანეთში, კერძოდ ბალსქვემო სვანეთში გავრცელებული თავდაცვითი ნაგებობები - „სანცხვირიანი და სვანირიანი“ სახლები.

სვანირიანი სახლი სამსართულიან ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც ძირითად საცხოვრებელთან გამავალი კარით იყო დაკავშირებული, მას ჰქონდა „შდურები“ (მაშიკული) და საისრე-სათოფურები. იგი ამავე დროს დამხმარე ნაგებობა იყო საცხოვრებელი და სამეურნეო თვალსაზრისით, რის გამოც ჩვენ მას ციხე-სახლის ერთ-ერთ ქვეტიპად მივიჩნევთ. სანცხვირიანი სახლი არის ნაგებობა, რომელსაც მთავარი გზის მხარეს მიშენებული ჰქონდა ჩარდახი, საიდანაც ისრის ან თოფის სროლა შეიძლებოდა, ტერმინის მიხედვით ის საისრეს ნიშნავს ცხვი - ისარი. ციხე-სახლის ერთ-ერთ ქვეტიპს წარმოადგენს რაჭული „დუროიანი სახლი“, რომელიც სვანურ კოშკს წააგავს, მაგრამ დაბალია, ქვითკირით ნაგები და შეთავსებული აქვს საცხოვრებელი ფუნქციაც აღჭურვილია საცხოვრებლად საჭირო ყველა აუცილებელი კომპონენტით.

ამრიგად, საქართველო გამორჩევით მდიდარია თავდაცვითი ნაგებობებით, მრავალფეროვანია მისი სახეობები და სახეობათა ქვეტიპები, მაღალია სამშენებლო ხელოვნება, შერჩეულია მასალა, დახვეწილია გადახურვის ტექნიკა; მაღალ დონეზეა განვითარებული სიმაგრეთათვის ადგილის შერჩევის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილების გამაგრებისა და ნაგებობის გარემოსთან შეხამების ხელოვნება, რაც ზრდის სიმაგრის თავდაცვითუნარიანობას და ამასთან სრულყოფილს ხდის გარემოსთან შერწყმის, ანუ ესთეტიკურ მხარეს. თავდაცვითი ნაგებობები ქმნიან ერთიან საფორტიფიკაციო ქსელს, რაც მთავარი გარანტიაა ქვეყნის დაცულობისა, თუმცა ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ეს ქსელი ირღვევა და იქმნება რეგიონების თუ სამეფო-სამთავროების დამცავი ქსელი, რომელიც იმავე პრინციპით მოქმედებს, როგორც მოქმედებდა გაერთიანებული და ძლიერი სახელმწიფოს საფორტიფიკაციო ქსელი.

ქართული თავდაცვითი ნაგებობები გვევლინებიან ქართული მატერიალური კულტურის ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილად, სადაც ნათლად ჩანს ხუროთმოძღვრებისა და საბრძოლო ხელოვნების მაღალი კულტურა.

ამ საინტერესო თემის ვრცლად წაკითხვა შეგიძლიათ უნიკალურ პროექტში - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულის უამრავ, ძალიან საინტერესო და უცნობ ფაქტს აერთიანებს.

ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევრის ავტორობით, გამომცემლობა „პალიტრა L“ საქართველოს ისტორიის 15-ტომეულს - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - 21 თებერვლიდან გამოსცემს. სერიის წიგნები თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება. გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში, წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი. 18 აპრილს ხელმისაწვდომი იქნება მესამე ნაწილი: „შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა: წეს-ჩვეულებები, ტრადიციები“ . წიგნების შეძენას „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების წერტილებში შეძლებთ. ასევე, გამოწერა შესაძლებელია საიტიდანაც http://www.palitral.ge.

თეა ინასარიძე