ერთი: შალვა პაპუაშვილი ავად არის და მეორე: სათანადო მოწვევა არ არის და ამის გამო ვერ ჩამოვდივარ, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თუ მაინც არ ჩადიხარ, რა საჭიროა მეორე არგუმენტის დაყოლება, რომ ავად ხარ? რაღაცნაირი "ოვერდოზია“. აი, გაკვეთილს რომ აცდენ და არგუმენტებს ამბობ, თან რომ სიცხე გქონდა და თან ბებიაც რომ გარდაგეცვალა, დაახლოებით ისეთია, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებულ მიწვევაზე "ქართული ოცნების“ პასუხები არასერიოზულია.
"ყველა მოსაუბრე ხვდება, რომ ეს არგუმენტები იმიტომ კი არ არის ნათქვამი, რომ მართლა არგუმენტია, არამედ იმიტომ, რომ რაღაც ხომ უნდა თქვა. "რაღაც ხომ უნდა თქვაზე“, იგივე წარმატებით ნებისმიერი რამე შეიძლება თქვა. შეიძლებოდა ფურცელი არ მოგწონებოდა, სადაც მოწვევა იყო და და გეთქვა, რომ დიპლომატიური ეტიკეტით ასეთზე კი არა სხვანაირი ფონტით, ან ფურცელზე უნდა იწერებოდეს. აქედან გამომდინარე, სრულიად არასერიოზულია. ყველა ვხედავთ, რა ხდება ბუჩაში, რა ხდება უკრაინაში და იმასაც, რომ სამძიმარი არის საჭირო. მართლა სამძიმარი, რომ შემდეგ ადამიანთან თვალებში შეხედვის შანსი გქონდეს და ამას არ ვაკეთებთ,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, უკრაინა ახლა თავისუფლების ბრძოლის წინა ხაზია და საქართველოს თავისუფლების ბრძოლის შედეგად, დამატებითი თავისუფლების მოპოვება უნდა. შესაბამისად, უკრაინისაში ჩასვლა და სოლიდარობის გამოხატვა, უფრო მეტად საქართველოს ინტერესებში შედის.
"უკრაინას კი არა ჩვენ გვჭირდება ეს სოლიდარობა. ჩვენ უკრაინას განსაკუთრებით ვერაფრით დავეხმარებით. ჩვენ გვჭირდება, ჩვენ თავს უნდა დავეხმაროთ უკრაინაში ჩასვლით. უკრაინაში არის თავისუფლების ბრძოლის წინა ხაზი და ჩვენ გვინდა, რომ ამ თავისუფლების ბრძოლის შედეგად, დამატებითი თავისუფლებები მოვიპოვოთ, მათ შორის, რუსეთისგან თავისუფლება და ა.შ. და ამ პოზიციასთან არის შეუფერებელი ჩვენ როგორც ვიქცევით და ამიტომ არის პრობლემური, თორემ უკრაინას კი არ სჭირდება ჩვენი დახმარება, ჩვენ გვჭირდება, მთელ სამყაროს სჭირდება უკრაინის დახმარება. უკრაინა ამ წუთას მორალურ პიედესტალზეა და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ იმ პიედესტალზე ჩვენც ავიდეთ,“ - აღნიშნა მან.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, "გირჩის“ საპარლამენტო შემადგენლობის 4-ვე წევრმა სოლიდარობის და სამძიმრის გამოსახატად, ბუჩაში ჩასვლის სურვილი და მზადყოფნა გამოხატეს. მისივე თქმით, პროცესს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი უწევს ორგანიზებას.
იაგო ხვიჩიამ ასევე, საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადმოცემასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი წარმატება არა შევსებაზე, არამედ პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული.
"მე არ მგონია ეს ტექნიკური პროცესი, რომ ჩვენ რაღაცას შევავსებთ და ამას ეს შედეგი მოჰყვება. მე ეს მგონია პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკურ პროცესს დაკვირვება სჭირდება. როგორც არ უნდა შევავსოთ ჩვენ ეს განაცხადი, მე მგონი, მისი წარმატება ჩვენ მიერ შევსებაზე არ არის დამოკიდებული. წარმატება პოლიტიკურ პროცესზეა დამოკიდებული, თუ საით აღმოვჩნდებით: ფარდის იქით, ნათელ მხარეს, თუ ფარდის ბნელ მხარეს. თუ ნათელ მხარეს აღმოვჩნდებით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა პრობლემური პოზიციები გვაქვს, პრობლემური მთავრობა და ა.შ. მაინც გაგვიმართლებს, მაგრამ თუ აქეთ აღმოვჩნდით, მაშინ შემდეგი მთავრობისთვისაც კი, რომელიც შეიძლება საერთოდ სხვანაირი იყოს, ადეკვატური იყოს, ყველაფერი სწორად აკეთოს, მაგრამ იმდენად გართულდეს საქმე, რომ ამის მოხერხება ბევრი წლით გადაიდოს,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.