ავტორი:

"დღეს რუსეთს ბიბილოვი უფრო აწყობს, ვიდრე გაგლოევი..." - ვინ არის ალან გაგლოევი, რომელმაც ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 1-ელი ტური მოუგო: რა იქნება მე-2 ტურში?

"დღეს რუსეთს ბიბილოვი უფრო აწყობს, ვიდრე გაგლოევი..." - ვინ არის ალან გაგლოევი, რომელმაც ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 1-ელი ტური მოუგო: რა იქნება მე-2 ტურში?

10 აპრილს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომლის წინასწარი შედეგებით, ლიდერობს პარტია "ნიხასის” თავმჯდომარე ალან გაგლოევი. ცხინვალის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ხმების 95%-ის დათვლის შედეგად, გაგლოევს 36.9% აქვს, ხოლო ოკუპირებული რეგიონის მოქმედ, დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს - 33.5%. გაგლოევმა ჯერ კიდევ გასულ ღამით განაცხადა, რომ პირველი ტურის გამარჯვებულია. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ 3 კანდიდატი მონაწილეობდა. როგორც უკვე ცხადია, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

წინასწარი ინფორმაციით, გაგლოევის და ბიბილოვის მონაწილეობით, მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები. უწყების განცხადებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს ამერიკის საელჩომ საქართველოში, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ლატვიამ, უკრიანამ, ლიეტუვამ. "ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების“ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 10 აპრილს საქართველოს რეგიონში, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში გაიმართა ", - ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ე.წ. არჩევნებს. ოკუპაციის პიროებებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები დაგმო ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამაც.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების დოსიე:

ანატოლი ბიბილოვი დაიბადა 1970 წლის 6 თებერვალს, ცხინვალში, მუშების ოჯახში. რვა კლასის დასრულების შემდეგ იგი გადავიდა თბილისში და შევიდა სპეციალიზებულ სკოლა-პანსიონში, სადაც შეისწავლა რუსული ენა და მიიღო გაძლიერებული სამხედრო ფიზიკური განათლება. 1992 წელს დაამთავრა რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი, რის შემდეგაც მსახურობდა ფსკოვის 76-ე სადესანტო დივიზიაში. 1992-1994 წლებში იგი მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების კონტინგენტში. 1994 წ. სამუშაოდ გადავიდა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში, სადაც 1996 წლამდე სპეციალური დანიშნულების ასეულს მეთაურობდა. 1996-1998 წლებში ბიბილოვი ცხოვრობდა კიევში, ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას. 1998-2008 წლებში მსახურობდა შერეული სამშვიდობო ძალების ჩრდილო-ოსურ ბატალიონში. 2008 წლის ომის დროს ამავე ბატალიონთან ერთად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. 2008 წლის 31 ოქტომბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ბიბილოვი საგანგებო სიტუაციების მინისტრად დანიშნა. 2017 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ბიბილოვმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

ალან გაგლოევი 1981 წელს არის დაბადებული. პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ ძირითადად დე ფაქტო რესპუბლიკის კე-გე-ბე-ში მუშაობდა. დღეს ის უშიშროების კომიტეტის ყოფილი ოფიცერია. 2020 წლიდან კი ოპოზიციური პარტია "ნიხასის“ თავმჯდომარეა. მან თავი გამოიჩინა ცხინვალის იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის თანადგომით. მოგვიანებით ჯაბიევის ცოლმა ოქსანა სოტიევამ შექმნა ორგანიზაცია "სამოქალაქო პლატფორმა“ , რომელიც გაგლოევის მხარდამჭერი გახდა. ბიბილოვისგან განსხვავებით გაგლოევს კრემლის მხარდაჭერა არ ჰქონდა.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბები.გე-სთან კანდიდატების შანსებს აფასებს:

"ალან გაგლოევი უშიშროების ყოფილი სამსახურის თანამშრომელია, ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურებში. მისი რეპუტაცია არ იყო მთლად იდეალური, ვინაიდან მისი ძმა კრიმინალური საქმიანობით (მკვლელობები და სხვა ღონისძიებები ბრალდებოდა) გამოირჩეოდა, ის კი ძმას იცავდა და პასუხისმგებლობას არიდებდა თავიდან. მეორეს მხრივ, ის საკმაოდ პრინციპული და კატეგორიული კრიტიკოსი იყო ბიბილოვის, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში დიდი ხანია უკვე არაპოპულარულია. თუნდაც ავიღოთ ციხეებში პრობლემა - იყო ასეთი ჯაბიევი, ვისაც ბრალდებოდა ვითომ დე ფაქტო შს მინისტრზე თავდასხმა და ის წამებით მოკლეს. ოსებმა ტატუნაშვილის მკვლელობა თავის დროზე შესაბამისად არ შეაფასეს, გაატარეს, შემდეგ კი მიიღეს ეთნიკურად ოსი ჯაბიევის წამებით სიკვდილი. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მერე გაიხსენეს ოსებმა, პრესაშიც დაიწერა, - ჯაბიევი ისე მოკლეს, როგორც ტატუნაშვილიო, თუმცა მათი ეს სინანული გვიანი იყო. სამაგიეროდ, ჯაბიევის მკვლელობას დიდი ამბავი მოჰყვა ცხინვალში - თვეების განმავლობაში იყო პროტესტი, ჯაბიევს დედა ქართველი ჰყავდა, მათ მიმართ დიდი სიმპათიები გაჩნდა საზოგადოებაში, რის შემდეგაც ძალიან შეილახა ბიბილოვის რეპუტაცია, რომელმაც ასე თავხედურად და უტიფრად აპატია მწამებლებს მკვლელობა.

სწორედ ამ დაკარგული იმიჯის გამო წამოიწყო ბიბილოვმა ვითომ პოპულარული ანექსიის თემა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამანაც არ უშველა, ამ არჩევნებში იკვეთება, რომ უპირატესობა აქვს გაგლოევს. ახლა მთელი მობილიზება მოხდება მეორე ტურის წინ. ოსების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს განცდა, რომ ვინაიდან არავითარი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა არ გამოდის, ჯობია, რუსეთს შეუერთდნენ. რუსეთი კი ყოველთვის ცდილობდა დისტანცირება მოეხდინა, არ აწყობდა ანექსია, რადგან მეტი ფულია იმისთვის საჭირო, რომ კავკასიის ქედის მიღმა უპატრონოს ამ ტერიტორიას. ამასთანავე, ის საბოლოოდ დაკარგავდა საქართველოს, მას სავაჭროდ მაინც ჰქონდა ცხინვალის თემა. ცხინვალის მიერთება ვაჭრობის თემას საერთოდ მოსპობს, ამიტომ ითრევდა რუსეთი ყოველთვის ფეხს და კრიტიკული მომენტისთვის ემზადებოდა. ჯერ კიდევ საკითხავია, როგორ განვითარდება ანექსიის თემის პერიპეტიები“.

რაც შეეხება დაანონსებულ რეფერენდუმს, როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, რუსეთი არ ჩქარობს რეგიონის ანექსიას, მას საქართველოსთან ვაჭრობა, მისი დაშანტაჟება და ამით შეშინება უფრო აინტერესებს. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მისთვის დიდი გამოწვევა იქნება, ვინაიდან როგორც კი რუსეთი რეგიონის ანექსიას მოახდენს, უკრაინის კონტექსტიდან გამომდინარე, მსოფლიოს დღის წესრიგში საქართველოც დადგება და "ქართულ ოცნებას“ უკვე აღარავინ არაფერს შეეკითხება.

"საქმე ისაა, რომ 10 აპრილი კარგი დღე იყო იმისათვის, რომ რუსეთს თუ სჭირდებოდა სამხრეთ ოსეთის მიერთება, რეფერენდუმი ჩაეტარებინა. 10 აპრილს დანიშნული იყო დე ფაქტო არჩევნები და ბარემ ე.წ. რეფერენდუმსაც ჩაატარებდნენ, მაგრამ ეს არ გააკეთა, ანუ არ ჩქარობს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს საქართველოსთან ვაჭრობა, მისი დაშანტაჟება და ანექსიით შეშინება უფრო აინტერესებს. აქამდე ორჯერ ჩატარდა მსგავსი ტიპის რეფერენდუმი, მაგრამ რუსეთმა შედეგები არ გაითვალისწინა. ახლაც ასე იქნება, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ყველაფერია მოსალოდნელი. დღეს რომ რუსეთმა გაითვალისწინოს რეფერენდუმის შედეგი და განახორციელოს ანექსია, საქართველოში მისთვის მისაღებ ხელისუფლებას ჩამოშლის. ეს რამდენად აწყობს მას?"

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, დღეს რუსეთს ოკუპირებულ რეგიონში ბიბილოვის გამარჯვება უფრო აწყობს, თუმცა საზოგადოება თუ არ გაითვალისწინებს გაგლოევის მაკომპრომეტირებელ მასალებს, მათი სიმპათია მაინც ამ კანდიდატისკენ გადაიხრება, რუსეთსაც მოუწევს მისთვის ანგარიშის გაწევა და დაიწყებს მასთან მოლაპარაკებას, მანამდე კი ბიბილოვის გადარჩენას შეეცდება.

"გაგლოევის მთავარი ამოცანაა ბიბილოვის გაშვება. ბიბილოვი მის წინააღმდეგ ამდენ ხანს ინახავდა კომპრომატებს, რასაც მეორე ტურამდე პერიოდში აუცილებლად გამოაქვეყნებენ. დღეს რუსეთს ბიბილოვი უფრო აწყობს, ვიდრე გაგლოევი... რუსეთს თუ არ უნდა, ის ვერც გაიმარჯვებს, მაგრამ თუ რეალობა იქნება ისეთი, რომ კრიმინალური კომპრომატების გამოქვეყნების მიუხედავად, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც გაგლოევს დაუჭერს მხარს, რუსეთსაც მოუწევს მისთვის ანგარიშის გაწევა და დაიწყებს მასთან მოლაპარაკებას, თუმცა მანამდე შეეცდება ბიბილოვის გადარჩენას. მართალია, გაგლოევიც, კრემლის დაკვეთების შემსრულებელი იქნება, მაგრამ ის არასდროს გამოირჩეოდა ანექსიის იდეით, ეს ბიბილოვის თემაა".