ავტორი:

რა ისტორიას მალავს ფოტო, რომელმაც მსოფლიო მოიარა - ჯონსონისთვის ნაჩუქარი "კერამიკის მამლებისა" და მისი პატრონის სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი

რა ისტორიას მალავს ფოტო, რომელმაც მსოფლიო მოიარა - ჯონსონისთვის ნაჩუქარი "კერამიკის მამლებისა" და მისი პატრონის სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი

რამდენიმე დღის წინ უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. სურათზე ჩანდა ჭურჭლის კარადა, რომელიც კედელზე შერჩა მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო კორპუსი მთლიანად დაინგრა. ამ კარადაზე მამლის პატარა ქანდაკება იდგა, რომელიც კერამიკის ოსტატმა ვასილკივმა შექმნა. უკრაინისთვის მამლის ქანდაკება თავდაცვისა და გადარჩენის სიმბოლოდ იქცა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის კიევში სტუმრობისას, საინტერესო ფაქტი მოხდა. კიევში მცხოვრები ქალი სახელად ლერა ამ დროს სახლში ბრუნდებოდა, როდესაც შემთხვევით ქუჩაში მოსიარულე ზელენსკისა და ჯონსონს შეხვდა. ლერას თან მამლები ჰქონდა, რომელიც პოლონეთში მეგობრებისთვის გასაგზავნად უნდოდა. ქალი დაცვასთან მივიდა და სთხოვა პირველი პირებისთვის კერამიკის მამლები საჩუქრად გადაეცა, როგორც უკრაინის უძლეველი სულის სიმბოლო. ამ ფაქტის ამსახველმა ფოტოებმა მსოფლიო მედია მოიარა.

ქალი, რომლის სამზარეულოც რუსულ ბომბებს გადაურჩა, ნადია დიმიტროვნაა. მას ქმარი და ორი შვილი ჯერ კიდევ ომამდე დაეღუპა. თავად ცოცხალია, თუმცა სასწაულად გადარჩა. რუსმა ოკუპანტებმა სახლში, სადაც კარადიანი ბინა იყო განთავსებული, ორი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს.

მთავარი გმირი ბოროდიანკაში მდებარე სახლში აშენებისთანავე - 1985 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა. მისი ქმარი მალე გარდაიცვალა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ. შემდეგ კი უფროსი ვაჟი გარდაიცვალა. ნადია სახლში უმცროს შვილთან ერთად ცხოვრობდა, რომელმაც წლების წინ კედელზე ცნობილი კარადა მიამაგრა. სამწუხაროდ, ქალს მეორე ვაჟიც ორი წლის წინ გარდაიცვალა.

ომის მეორე დღე იყო, 25 თებერვალი, როდესაც ნადიამ ცნობილ სამზარეულოში უკანასკნელი წვნიანი მოამზადა და სახლიდან გავიდა. მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. დაბომბვის დროს ქუჩაში იყო და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში დაიმალა.

ქალი ყველაზე მეტად იმაზე ნერვიულობს, რომ შვილების არცერთი ფოტო აღარ დარჩა. მის სახლში ხომ ერთადერთი კარადა გადარჩა, რომელიც უკრაინელების სიმამაცისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა.

ფოტო ჟურნალისტმა ელიზავეტა სერვატინსკამ გადაიღო. ფოტომ ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია უკრაინელ ხალხში...