ავტორი:

"ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე პოლიციამ კიდევ 1 პირი დააკავა

"ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე პოლიციამ კიდევ 1 პირი დააკავა

„ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პირი მომხდარ მძიმე დანაშაულს შეესწრო, თუმცა, სამართალდამცავებს არ შეატყობინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბლისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 2 აპრილს, თბილისში მომხდარი 2 პირის მკვლელობის და რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ 1 პირი - წარსულში ნასამართლევი, 1984 წელს დაბადებული გ.ა., განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ ამავე ბრალდებით 8 აპრილს დააკავა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 1993 წელს დაბადებული გ. მ. და 1991 წელს დაბადებული ა.ბ.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთ ორგანიზაციაში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტს თანმხლებ პირებთან ერთად შეესწრნენ, თუმცა მათ სამართალდამცველებს მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 8 პირი დააკავა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუქტით, 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.