ავტორი:

პუტინისტი სალავიოვი ამტკიცებს, რომ 2008 წელს, გორში გადაღებული ფოტო, რომელზეც ახალგაზრდა კაცი რუსების მიერ მოკლულ ძმას დასტირის, დადგმულია - რას ამბობს ტრაგედიის შემსწრე ფოტოგრაფი?

პუტინისტი სალავიოვი ამტკიცებს, რომ 2008 წელს, გორში გადაღებული ფოტო, რომელზეც ახალგაზრდა კაცი რუსების მიერ მოკლულ ძმას დასტირის, დადგმულია - რას ამბობს ტრაგედიის შემსწრე ფოტოგრაფი?

კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი ვლადიმერ სალავიოვი ევროკავშირის დაწესებულმა სანქციებმა, რომლის ფარგლებშიც მისი უძრავი ქონებაც დააყადაღეს, ისე გააცოფა, რომ დასავლეთისა და უკრაინის ისტერიულ ლანძღვას არ დასჯერდა და ახლა საქართველოს გადმოსწვდა. ჯერ იყო და სოლოვიოვმა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები "არაადამიანურ დაჯგუფებად“ და "კრიმინალებად“ მოიხსენია, ახლა კი "როიტერის“ კიევის ბიუროს ფოტოკორესპოდენტ გლებ გარანიჩის საკმაოდ ცნობილი ფოტოს წარმომავლობაში შეიტანა ეჭვი და ბუჩას შემაძრწუნებელი კადრების პარალელურად, ისიც დადგმულ კადრად მოიხსენია. მისი თქმით, ადგილზე მიიტანეს გარდაცვლილის ცხედარი, რომელსაც "ქალაქის მასშტაბით გადაადგილებდნენ ხელსაყრელი რაკურსისთვის“. საუბარია ძმებ რაზმაძეების სულისშემძვრელ ფოტოზე, რომელიც გარანიჩმა 2008 წელს გორის დაბომბვის დროს გადაიღო.

"ბუჩას ფოტოების ავტორი აღმოჩნდა ფოტოგრაფი გლებ გარანიჩი, რომელსაც ბრალს სდებდნენ 2008 წელს გორში დადგმულ კადრებზე. დადგენილია, რომ ერთ-ერთი მოკლული მამაკაცის ცხედარს ქალაქში მათთვის ხელსაყრელი რაკურსისთვის გადააადგილებდნენ. ბუჩას შემდეგ, გარანიჩი გაემართა კრამატორსკისკენ. ეს დამთხვევაა? არა მგონია!“ - წერს პუტინისტი სალავიოვი "ტელეგრამარხზე".

დათო მძინარიშვილს, რომელიც იმხანად "როიტერის“ კავკასიის ბიუროს ფოტოკორესპონდენტი იყო, გორში გლებ გარანიჩთან ერთად მოუწია მუშაობა. დათო ცნობილი ფოტოს ისტორიას იხსენებს:

"2008-ში გორში გადაღებული ყველაზე ცნობილი ფოტოს ავტორი "როიტერის“ კიევის ბიუროს ფოტოგრაფი გლებ გარანიჩია. ჩვენ ერთად ვიღებდით ამ კადრს, რომლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. გორის შესასვლელში, სადაც ადრე სამხედრო ნაწილი იყო, კორპუსები იდგა (ახლაც არის მგონი, სატანკო ნაწილი). ეს ფოტო იქვე ახლოსაა გადაღებული. მას შემდეგ, რაც რუსებმა ბომბი ჩამოაგდეს, კორპუსის ეზოში ვინც იყო, ყველა დაიღუპა. ფოტოზე გამოსახული ადამიანი - ზვიად რაზმაძეც ჭურვის შედეგად დაიღუპა. კორპუსებში ვინც იყვნენ, ისინი გადარჩნენ. მაგ დროს ჩვენ გორის ცენტრში ვიყავით და შემდეგ შემთხვევის ადგილისკენ გავეშურეთ. გარდაცვლილის ძმაც მალე მოვიდა, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ. სალავიოვის ბრალდებაზე რა უნდა ვთქვა? მეცინება... ჯერ კიდევ 2008-ში რუსმა ბლოგერებმა მოიგონეს ეს "ფეიკი“, მაშინ "ფეისბუკი“ არ იყო და ეს დეზინფორმაცია სხვადასხვა ბლოგებზე გავრცელდა. რუსულმა პროპაგანდამაც აქტიურად აიტაცა "ცხედრის დადების“ ამბავი, თითქოს იქ მიიტანეს, ტელევიზიითაც იყო სიუჟეტები... ახლაც ზუსტად იგივე დეზინფორმაცია ვრცელდება მარიუპოლსა და ბუჩაზე, რაც 2008-ში, თითქოს კადრები დადგმულია. ეს იმდენად აბსურდულია... ანუ რუსები რასაც მაშინ აკეთებდნენ, ამ მიმართულებით დიდად არ განვითარებულან. ფაქტობრივად, ერთი-ერთში იმეორებენ იმას, რასაც მაშინ თხზავდნენ.

მე და გლები, ორივენი "როიტერში“ ვმუშაობდით, ის უკრაინელია და "როიტერის" კიევის ბიუროში იყო. გარანიჩი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფოტოგრაფია. 2008 წელს ამ ცნობილი ფოტოსთვის მან ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში - "უოლდ პრესს ფოტო“ გაიმარჯვა და და მესამე პრიზით დაჯილდოვდა. რუსების და სალავიოვის ამ აბსურდული ბრალდებების, რუსეთის გარეთ აღარავის სჯერა და ყურადღებას აღარ აქცევენ“, - ამბობს დათო მძინარიშვილი.

აგვისტოს ომის დროს გორში გადაღებული სულისშემძვრელი ფოტო, რომელზეც ზაზა რაზმაძე გარდაცვლილ ძმას, ზვიადს დასტირის, 2008 წელს, საქართველოში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის სიმბოლოდ იქცა. ეს ფოტო და ერედველი დევნილი რაზმაძეების ოჯახის ტრაგედია იმჟამად მთელმა მსოფლიომ შეიტყო. თუმცა სამწუხაროდ, საქართველოზე რუსეთის ვერაგული თავდასხმა არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ეს მონსტრი სახელმწიფო შეეჩერებინათ, თუნდაც უმკაცრესი სანქციების დაწესებით. ამან დღეს სამყარო რამხელა საფრთხის ქვეშ დააყენა, უკვე ყველა ხედავს.

ისევ 2008 წლის გორის ტრაგედიას რომ დავუბრუნდეთ, ამ დაბომბვისას ზვიადის 9 თვის ფეხმძიმე მეუღლეც დაიღუპა. მათი ერთადერთი ვაჟი, დიტო კი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა...

მოგვიანებით, 2014 წელს, ოჯახს მორიგი უბედურება დაატყდა თავს - ზაზა რაზმაძე კარალეთის ლტოლვილთა დასახლებაში კოტეჯის წინ ჯიხურს დგამდა, რა დროსაც ის ელექტროსადენმა იმსხვერპლა. ზაზას ვაჟი დათო და გოგონა, ლიზიკო დარჩა.

სამი წლის წინ, 2019 წლის იანვარში, რაზმაძეების ოჯახში ისევ დატრიალდა ტრაგედია - ლიბიაში დაიღუპა ზაზა რაზმაძის 22 წლის ვაჟი დათო, რომელიც თურქულ გემზე მეზღვაურად მუშაობდა, ლიბიის სანაპიროსთან გაუჩინარდა და შემდეგ მისი ცხედარი სანაპირო წყლებში იპოვეს.

ზვიად და ზაზა რაზმაძეების დედა "კვირის პალიტრასთან“ იმ საბედისწერო დღეს ასე იხსენებდა:

"იმ ავადსახსენებელ 8 აგვისტოს ზვიადმა დამირეკა, სიდედრთან დავრჩებითო. მერე ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. იმ დილით ტელევიზორში დავინახე, რომ ჩემი სახლი იწვოდა. ვხედავდი დიდ ჯვარსაც, რომელიც ჩვენს სახლს გაუკეთა ზაზამ, როცა ბინა აკურთხებინა. ისიც კი გამოაცხადეს, ამ ბინაში ფეხმძიმე გოგო დაიღუპაო. ჩემი რძალი მაკა 9 თვის ფეხმძიმე იყო, მაგრამ მაინც არ მიფიქრია, თუ ის იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, ისინი მაკას მშობლებთან იყვნენ... ზაზამაც ნახა, სახლი იწვოდა, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ სახლში არავინ ეგულებოდა. ხელთუბანში ასულა, იქ კი უთქვამთ, გორში წავიდნენო. გაგიჟებული დაბრუნებულა და აგიზგიზებულ ცეცხლში შევარდნილა, იქ ეძებდა ოჯახის წევრებს. ამ დროს თურმე გადააბიჯა თავის ძმას და რძალსაც, მაგრამ არ დაუნახავს. უკან მობრუნებულმა ჭრელი მაისურით იცნო ძმა და გაგიჟდა. ეს ფოტო მაშინ მთელმა მსოფლიომ ნახა. მაკას მაჯისცემა ჰქონდა და წაიყვანეს საავადმყოფოში, 4 საათი იცოცხლა... ზვიადს ჭურვისგან ტანსაცმელი სულ დაფლეთილი ჰქონდა, ზაზამ მითხრა, ჩემი გავიხადე და ჩავაცვიო, ამიტომ არის ზაზა იმ ფოტოზე ტანშიშველი. ზურგზე მოიკიდა მკვდარი ძმა და ისე გამოიყვანა იქიდან. მაშინ ისეთი ამბავი იყო, კუბოებსაც ვერ იშოვიდი. დახოცილებს ბრეზენტში გახვეულებს კრძალავდნენ. ზაზა ამბობდა, ჩემს ძმას და რძალს ასე ვერ დავკრძალავო და ტაქსი მიაყენა სახელოსნოს. თურმე სასახლეები სხვას უნდა წაეღო. გამწარებულმა ფული მიუყარა და წამოიღო... იმავე დღეს დავკრძალეთ ყველანი. ჩემი რძალი 28 წლის იყო, ზვიადი - 33 წლის. მერე ზაზაც მომიკვდა... ომს და სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ თითქმის ჭკუაზე შეიშალა ამ ტრაგედიის შემდეგ. არავის გვეკონტაქტებოდა, ერთი წელი სულ პროფილაქტიკის რკინის ვაგონში იყო, იქ, სადაც ორივე ძმა მუშაობდა. იქვე გააკეთა ზვიოს წყარო. თავის მოკვლასაც აპირებდა, მაგრამ მაშინ გადავრჩით. რას წარმოვიდგენდი, ჩემს საცოდავად გაზრდილ შვილებს, ასეთი მწარე ბედი თუ ელოდათ!“

იხილეთ ასევე: