იმაზე საუბარი, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა, ან დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით ადრეა - მით უმეტეს, პანდემიის დასრულებაზე საუბარი არ შეიძლება, მანამ ვიდრე დარწმუნებულები არ ვიქნებით იმაში, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში, ბოლო კვირების განმავლობაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყველა კრიტერიუმით სტაბილურად უმჯობესდება, თუმცა ქვეყანაში ყოველდღიურად დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ მაღალია.
"ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარებაა, თუმცა 300 ინფიცირებული ერთი დღის განმავლობაში მაინც მაღალი მაჩვენებელია. ასევე, რამდენიმე დღის წინ ერთი დღის განმავლობაში 6 გარდაცვლილი გვყავდა - ეს ციფრიც ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა, ან დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით ადრეა, მანამ სანამ ჩვენ ასეთი რაოდენობის ინფიცირებული გვყავს და გარდაცვალებულთ რაოდენობაც ასევე სტაბილურად არ მცირდება.
უნდა ვთქვათ, რომ ჯერ პანდემიის დასრულებამდე შორს არის, მით უმეტეს, არ შეიძლება პანდემიის დასრულებაზე საუბარი, მანამ ვიდრე დარწმუნებულები არ ვიქნებით იმაში, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს. ჯერჯერობით ჯანმო ამ ფაქტს არ აფიქსირებს და უფრო მეტიც, ბოლო 2 დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 3 ახალი ვარიანტი გამოჩნდა. "ომიკრონმა" თავისი მუტაციის მაქსიმუმი ჯერჯერობით არ ამოწურა. ჯერჯერობით კორონავირუსის შემდგომი მუტაციის რისკები არსებობს, ამიტომ, მანამ სანამ ასეთი რისკებია, სანამ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ისეთივე სტაბილური მდგომარეობა არ იქნება, როგორც საქართველოში, გლობალურად პანდემიის დასასრულზე საუბარი, რა თქმა უნდა, ადრეა,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ "კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ზაფხულში, შესაძლოა, საქართველოში ინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს, თუმცა ეს იმდენად მკვეთრი მატება არ იქნება, რომ კორონავირუსის ახალი ტალღის სახე მიიღოს.
ჩხაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე პანდემია დასრულებულად ოფიციალურად არ გამოცხადდება, საქართველოში დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულო იყოს.