ავტორი:

საშვილოსნოს ყელის დაავადებები – მათი დიაგნოსტირება და პრევენცია

საშვილოსნოს ყელის დაავადებები – მათი დიაგნოსტირება და პრევენცია

დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდების დახმარებით, დღეს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების, მათ შორის, კიბოსწინარე დაავადებებისა თუ თავად კიბოს ადრეულ სტადიაზე დადგენა სირთულეს აღარ წარმოადგენს. საწყის სტადიაზე მათგან განკურნებაც ხშირად წარმატებით სრულდება.

რა სადიაგნოსტიკო კვლევები უნდა ჩაიტარონ ქალებმა საშვილოსნოს ყელზე და რა ინტენსივობით? პათოლოგიების გართულებებისა და კიბოს პრევენციის კიდევ რა საშუალებები არსებობს? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის გინეკოლოგს, სოფიო კამლაძეს მივმართეთ.

საშვილოსნოს ყელის რა პათოლოგიებია ყველაზე გავრცელებული?

საშვილოსნოს ყელზე განვითარებულ პათოლოგიებს სამ ჯგუფად ვყოფთ. ესენია, ფონური დაავადებები, საშვილოსნოს ყელის დისპლაზია და საშვილოსნოს ყელის კიბო.

ეგრეთ წოდებული ფონური დაავადებებია

  • საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული), ფსევდოეროზია;
  • ლეიკოპლაკია;
  • პოლიპები;
  • კონდილომები.

ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში,ფონური დაავადებები მარტივად იკურნება. თუმცა, თუ არ მოხდება მათი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, შესაძლებელია და არის მცირე შანსი, რომ არანამკურნალებ და შორსწასულ შემთხვევებში განვითარდეს დაზიანების ადგილის სიმსივნური გადაგვარება.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია, ანუ კიბოსწინარე დაავადება არის საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის უჯრედების გადაგვარება , შემდეგ კი ამ უჯრედების ცვლილება და გამრავლება. ითვლება, რომ ეს საწყისია იმ პროცესისა, რომლის შედეგადაც ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ყალიბდება ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო). ამიტომ ასეთ ცვლილებებს “კიბოსწინარე პროცესს" უწოდებენ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დისპლაზია ყოველთვის არ გარდაიქმნება სიმსივნედ და ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დროულ დიაგნოზსა და სწორად წარმართულ მკურნალობაზე.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია შეიძლება იყოს მსუბუქი, ზომიერი (საშუალო) და მძიმე ხარისხის.

რა არის საშვილოსნოს ყელის დაავადებების გამომწვევი მიზეზები?

საშვილოსნოს ყელის დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში;
  • აბორტები და მშობიარობა ადრეულ ასაკში;
  • ხშირი აბორტები და მშობიარობა;
  • ბევრი სხვადასხვა სქესობრივი პარტნიორი;
  • ხშირი (კვირაში 5-ჯერ და მეტად) სქესობრივი ურთიერთობა სხვადასხვა პარტნიორებთან;
  • სქესობრივი გზით გადამდები არანამკურნალები ინფექციები;
  • თამბაქოს წევა;
  • მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების ხშირი მიღება.

რა სამედიცინო გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ ქალებმა საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების პრევენციისა ან მათი ადრეული დიაგნოსტირებისთვის?

საშვილოსნოს ყელის დაავადებებს მარტივი და არაინვაზიური მეთოდებით ვიკვლევთ. პათოლოგიათა გამოვლენისთვის ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესია PAP-ტესტი- საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა სპეციალური წესით და კოლპოსკოპია -საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისათვის განკუთვნილი ინსტრუმენტული ენდოსკოპიური მეთოდი. ერთად ისინი ხშირად სრულ ინფორმაციას გვაძლევენ დაავადებების შესახებ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, საეჭვო უბანზე დამიზნებით ბიოფსიასა და მასალის ციტომორფოლოგიურ კვლევასაც მივმართავთ.

ამ გამოკვლევებით შესაძლებელია უჯრედების გადაგვარების (დისპლაზიის) ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს ჩამოყალიბების ალბათობას და შესაძლებელს ხდის კიბოს დიაგნოზის დადგენას ადრეულ სტადიაში.

ამ გამოკვლევების ეფექტურად ჩატარებასა და დაავადებების ზუსტ დიაგნოსტირებაში თოდუას კლინიკაში არსებული ულტრათანამედროვე ტექნიკური ბაზა გვეხმარება.

NS