ავტორი:

"ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა უკვე გამოხატა და როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, გავემგზავრებით" - არჩილ თალაკვაძე

"ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა უკვე გამოხატა და როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, გავემგზავრებით" - არჩილ თალაკვაძე

პარტიის თავმჯდომარემ იმ პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც ორმხრივად დამატებით კომუნიკაციას ნამდვილად საჭიროებს, ამომწურავად ისაუბრა - ვფიქრობ, ამისთვის სათანადო დრო და სივრცე მოიძებნება, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ იმ წინაპირობების თაობაზე დასმულ შეკითხვას, რომელიც “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკრაინაში უმაღლეს დონეზე საპარლამენტო ვიზიტის გახორციელებასთან დაკავშირებით დაასახელა.

თალაკვაძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით საპარლამენტო გუნდის მზადყოფნა გამოთქმულია.

მისივე თქმით, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს.

“ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა უკვე გამოხატა და როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, გავემგზავრებით, რათა კიდევ ერთხელ მივუსამძიმროთ უკრაინასა და უკრაინელებს ის მძიმე ადამიანური დანაკარგები, რაც სამწუხაროდ, ამ ომს თან ახლავს. ასევე კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა.

მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ომის დაწყების დღიდან საქართველო ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოსა და ჰააგაში გადაწყვეტილებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილია.

მთავარია, უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ჩვენი საპარლამენტო გუნდის მზადყოფნა გამოთქმულია. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და მზად ვართ უკრაინაში გავემგზავროთ. პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო საქმიანობას უახლოეს დღეებში დაუბრუნდება და დამატებით გააკეთებს საზოგადოების ინფორმირებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს მზაობა უკრაინაში უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე შედგეს ვიზიტი, თუმცა არის მკაფიო წინაპირობები. კობახიძე მათ შორის "ყველაზე პრინციპული საკითხად" ასახელებს იმას, რომ "დღემდე ადამიანები, რომლებიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები არიან, უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან წარმოდგენილი".

"ესენი არიან, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ზურაბ ადეიშვილი, გენერალური პროკურორის მრჩეველი. გია ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და დავით არახამია, პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე. ეს არის სამწუხარო,"- განაცხადა კობახიძემ.