ავტორი:

"მტერმა "მახრჩობელა“ ნივთიერებები გამოიყენა" - როგორია მარიუპოლში გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლულთა მდგომარეობა, რა ინფორმაციას ავრცელებს "აზოვი"

"მტერმა "მახრჩობელა“ ნივთიერებები გამოიყენა" - როგორია მარიუპოლში გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლულთა მდგომარეობა, რა ინფორმაციას ავრცელებს "აზოვი"

ქალაქ მარიუპოლში გაურკვეველი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერებით დაზარალებულთა მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია, - აღნიშნულ ინფორმაციას ბატალიონი "აზოვი“ ტელეგრამში ავრცელებს.

"აზოვის“ ცნობით, მშვიდობიან მოსახლეობას მომწამვლელ ნივთიერებასთან მინიმალური კონტაქტი ჰქონდა, რადგან ეპიცენტრი მშვიდობიანი მოსახლეობიდან შედარებით უფრო შორს იყო.

"[მოსახლეობასთან შედარებით] სამხედროები უფრო ახლოს იყვნენ მომწამვლელ ნივთიერებასთან, თუმცა მტრის მხრიდან განუწყვეტელი ცეცხლის გამო დანაშაულის ადგილის გამოკვლევა შეუძლებელია - რუსები საკუთარი დანაშაულის დამალვის ტაქტიკას აგრძელებენ“, - ნათქვამია "აზოვის“ განცხადებაში.

ვიდეოში, რომელიც ბატალიონმა გაავრცელა, ჩანს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება. კიდევ ორი დაშავებული სამხედრო ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ხანდაზმული ქალი იმყოფება.

"აზოვის“ ცნობით, დაშავებულთა ძირითადი სიმპტომებია სახის ჰიპერემია, მაღალი არტერიული წნევა, თვალების ლორწოვანი გარსის სიმშრალე და ანთება.

"ახლა გასაგებია, რომ მტერმა ძლიერი მომწამვლელი, ძირითადად, "მახრჩობელა“ ნივთიერებები გამოიყენა, თუმცა, სრული ბლოკადის გამო ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩატარება შეუძლებელია. ამავდროულად, მთავარი ამოცანაა პერსონალის მდგომარეობის კონტროლი და მოწამვლის შესაძლო შედეგები“, - ნათქვამია ბალატიონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.