"ველოდები, მთელი “ნაციონალური მოძრაობა“ როდის დაესხმება თავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრს - ყველა ხედავს, რომ რუსეთის მიმართ სანქციები დაწესებულია, სანქციები საკმაოდ მძიმეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთის მხრიდან აგრესია არავითარი დოზით არ შენელებულა", - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ისაუბრა, მასზე თავდასხმა განხორციელდა.
"საქმე მარტივია - რა თქმა უნდა, სანქციებს სერიოზული ეკონომიკური ეფექტი აქვს და ევროკავშირის მხრიდან არსებითი ნაბიჯი იყო, მაგრამ რაც შეეხება ომის შეკავებას, სამწუხაროდ, ომის შეკავების თვალსაზრისით სანქციებს ეფექტი არა აქვს. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი, რასაც “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისტერიული კამპანია მოჰყვა. ალბათ ახლა ამ განცხადების გამო პოლონეთის პრემიერსაც დაესხმებიან თავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებმა, როგორც "სუსტმა ვაქცინამ“ ისე იმოქმედა და ამან რუსეთში გარკვეული ეკონომიკური პროცესებიც დააჩქარა.
"სანქციები მოქმედებდა როგორც ძალიან სუსტი ვაქცინა. ამ ეტაპზე მათ არათუ არ შეაჩერეს პუტინის სამხედრო მანქანა, არამედ გარკვეულწილად გააძლიერეს რუსეთში მიმდინარე გარკვეული ეკონომიკური აქტივობები", - განაცხადა მორავეცკიმ.