ავტორი:

"ისე ჩანს, რომ კობახიძე ივანიშვილს კი არა, პირდაპირ პუტინს ელაპარაკება..." - გია ხუხაშვილი

"ისე ჩანს, რომ კობახიძე ივანიშვილს კი არა, პირდაპირ პუტინს ელაპარაკება..." - გია ხუხაშვილი

"სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე იყვნენ ტერორისტული სისტემის შემადგენელი ნაწილი საქართველოში, რატომ არის შეუძლებელი მათი გათავისუფლება? - თუ ეს სურვილი დაფიქსირდება, ბუნებრივია, უმაღლეს დონეზე განხორციელდება ვიზიტი უკრაინაში", - ეს განცხადება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკა დაიმსახურა. საქმე შეეხება უკრაინის რადას თავმჯდომარის მოწვევას ქალაქ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების განსაკუთრებული სისასტიკის სიმბოლოდ იქცა. ამ მოწვევაზე საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა და თავისი პირობები წამოაყენა. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ კვირის ბოლოს საპარლამენტო დელაგაცია შესაძლოა გაემგზავროს უკრაინაში, რომლის შემადგენლობაშიც, დიდი ალბათობით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც იქნებიან. ამ საკითხზე ვესაუბრებით ექსპერტ გია ხუხაშვილს.

- როგორია თქვენი აზრი, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები უკრაინაში ჩავლენ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ხელისუფლება გაათავისუფლებს სახელმწიფო სამსახურებიდან საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელსაც "ქართული ოცნება" კრიმინალებად მიიჩნევს.

- დღეს ამაზე საუბარი უკრაინასთან არის სრული სიგიჟე. კრიმინალი იქეთ იყოს და კობახიძემ არახამიაც მიაყოლა, არადა, არახამია არის ამ გლობალურ ომში ერთ - ერთი ცენტრალური ფიგურა, რუსეთთან მომლაპარაკებელი დელეგაციის ხელმძღვანელი. ვფიქრობ, რომ კობახიძის ეს განცხადება როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით, აბსოლუტური კატასტროფაა. ამ ტიპის განცხადებები ვისაც შეიძლება მოეწონოს, არის რუსეთი.

უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ვინც არის უკრაინის მტერი, ის ავტომატურად ხდება რუსეთის მეგობარი. მეჩვენება, რომ კობახიძე ივანიშვილს კი არა, პირდაპირ პუტინს ელაპარაკება და რა არ სიამოვნებს მას, იმაზე ფიქრობს. კობახიძის განცხადებები არ არის პირველი, რომელიც პირდაპირ ჯდება რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივში. ყველა მისი განცხადება პირდაპირი საჩუქარია რუსეთისთვის.

ამ ტიპის განცხადებებით ეძებენ საბაბს იმისა, თუ რატომ არ ჩადიან უკრაინაში და გარკვეულ პოზაში დგებიან. იგივე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის საკითხი რომ ავიღოთ. მის შემთხვევაში რამდენიმე მიზეზი დასახელდა - თან ავადაც არის, თან გაბუტულიც ყოფილა და ა.შ

რეალურად მათ თუ უნდათ არსებული პრობლემების მოგვარება უკრაინასთან, ეს ზუსტად ამგვარი ვიზიტის ფარგლებში უნდა იქნას გადაწყვეტილი.

მით უფრო უნდა ჩახვიდე, თუ არის პრობლემები, მით უმეტეს, როცა გეპატიჟებიან... უნდა დაელაპარაკო და დაარწმუნო, რომ შენ მართალი ხარ ამა თუ იმ სიტუაციაში.

და თუ დარჩა ამ ვიზიტის შემდეგ რამე უკმაყოფილება, რის შემდეგაც გააკეთებ განცხადებას, ამაში კიდევ რაღაც ლოგიკა იქნება.

მაგრამ წინასწარ ულტიმატუმს რომ უყენებ, აი, ამ პირობით ჩამოვალო, ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ დიპლომატიურ ურთიერთობების გაწყვეტაზეც თანახმა ხარ, თუ არ შესრულდა შენი მოთხოვნები. სრული აბსურდია, თან მეგობრობას უმტკიცებდე ვიღაცას და თან ეუბნებოდე, რომ მე საერთოდ არ ვილაპარაკებ შენთან, ვიდრე ბოდიშს არ მოიხდიო...

- რამდენად სწორად წარმართა საქართველოს ხელისუფლებამ სამართლებრივი პროცესი იმ ექსჩინოვნიკების წინააღმდეგ, ვისაც კრიმინალებს ეძახის, მათი შესაძლო დანაშაულების დასამტკიცებლად...

- ახლა ამ თემებში არ შევალ, ფაქტია, დღეს სამყარო ცხოვრობს სულ სხვა ვითარებაში.

უკრაინაში ბევრი მსჯავრდებული გამოუშვეს საპატიმროებიდან, იმიტომ, რომ სამშობლოს დასაცავად მათ სჭირდებათ მებრძოლები... ამ გლობალურ ომში, თუ ვინმეს რაიმე სარგებლის მოტანა შეუძლია, ეს უნდა გამოვიყენოთ. საქმე ისაა, რომ უკრაინაში ბრძოლა საქართველოსთვისაც მიდის. შენთვის სასარგებლო კაცი მოხსენით, კრიმინალიაო - ამ ულტიმატუმის წაყენება უკრაინისთვის არასწორია, ადეიშვილის შემთხვევაშიც კი... არახამიაზე ლაპარაკი საერთოდ წარმოუდგენელი რამაა...

ავტორი: ელენე ბასილაია