ავტორი:

"მამა ბანკის მმართველი იყო, თუმცა ამ საქმის გამო თავი დაანება... ჩვენი ღვინო პრინც ჰარის ქორწილში დალიეს" - კავკასიონის ძირას გაშენებული მეურნეობა და მირიანაშვილების "სამოთხე"

"მამა ბანკის მმართველი იყო, თუმცა ამ საქმის გამო თავი დაანება... ჩვენი ღვინო პრინც ჰარის ქორწილში დალიეს" - კავკასიონის ძირას გაშენებული მეურნეობა და მირიანაშვილების "სამოთხე"

მირიანაშვილების საოჯახო მეურნეობის ამბავი დიდი ხანია, ყვარელს გასცდა. მათი წარმოებული პროდუქტი სხვადასხვა კონტინენტზე იყიდება. მდინარე ჩელთის ნაპირზე დაწურული ღვინის ამბავი ბრიტანეთშიც გაიგეს და პრინც ჰარის სამეფო ქორწილში ჭიქებში ჩამოისხა... ახლა სწორედ ამ ღვინის ამბავს გიყვებით.

ანა მირიანაშვილი:

- ჩვენს მეურნეობას საფუძველი 2001 წელს ჩაეყარა. მამაჩემმა, გიორგი მირიანაშვილმა დააარსა კომპანია. საერთოდ, ოჯახი 100 წელზე მეტია, მეღვინეობაშია ჩართული, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით შილდადან ვართ და ეს ჩვენი წინაპრების სოფელია, მამამ ყველაფერი ნულიდან დაიწყო, მიწა შეიძინა. მანამდე მიწის არაერთი ანალიზი ჩაატარა. საქართველოში საუკეთესონიადაგიან ადგილს, ვენახისთვის საჭირო მიკროზონას დიდხანს ეძებდა. ამის შესწავლა-შემოწმებას დრო დაუთმო. საბოლოოდ, არჩევანი საკუთარ სოფელზე შეაჩერა. ეს მიკროზონა უნიკალურია.

- კავკასიონის მთების ძირას და მდინარე ჩელთის ქანებზე გაშენებული ვენახი სანახავადაც ულამაზესია...

- კი, ჩვენი მიკროზონა კავკასიონის მთების ძირას არის, კარგ ადგილას. დღე მზეა და საღამოს კავკასიონიდან ქარი უბერავს. ტემპერატურის ცვალებადობა დღესა და ღამეს შორის ყურძენზე და მის ხარისხზე კარგად მოქმედებს. ეს კი ერთ-ერთი ნიშანია იმის, თუ რატომ არის ეს ადგილი უნიკალური. ყურძნის ხარისხს ნიადაგიც განსაზღვრავს, ძალიან ნაყოფიერია, განსაკუთრებით საფერავის ჯიშის ყურძნისთვის. ძირითადად საფერავის ჯიშები გვაქვს, თუმცა ჩვენი ტერიტორია ქინძმარაულის მიკროზონადაც ითვლება. აქაურობას გუნაშაურსაც ეძახიან, რაც ასევე ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად არის მიჩნეული.

- ვენახი და ღვინის გადამამუშავებელი საწარმო ერთ სივრცეშია... ეს შრომასაც აადვილებს და მგონი, პროდუქტის ხარისხზეც დადებითად მოქმედებს...

- კი, ხარისხზე ისიც მოქმედებს, რომ ვენახი, რომელიც 80 ჰექტარზეა გაშენებული და ღვინის საწარმო, მარანი - ყველაფერი ერთ ტერიტორიაზეა. გვაქვს ტრადიციული ქვევრების მარანიც და ცისტერნებიც - ერთი კომპლექსია. ასე ერთად რომ უნდა ყოფილიყო ყველაფერი, მამამ თავიდანვე განსაზღვრა. ეს ფაქტორი ღვინის ხარისხზე კარგ გავლენას ახდენს, რადგან ყურძენი დაკრეფიდან 15 წუთში საწარმოში მუშავდება, არ ყოვნდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც როდესაც რთველში დაკრეფილი ყურძნის ტრანსპორტირება ხდება, სანამ ადგილამდე მივა, სიცხის გამო ხშირად ფუჭდება. ამიტომ, ვისაც არ აქვს თავის ვენახი და ყიდულობს, ან ასე ახლოს არ აქვს საწარმო, მათთვის რთულია. მამა 6 წელი ელოდებოდა, ვენახი იქამდე მისულიყო, რომ სათანადო ხარისხის ყურძენი ეწარმოებინა. 2007 წელს გვქონდა პირველი ღვინო.

- 80 ჰექტარი თავიდანვე აითვისეთ?

- ნელ-ნელა. გვაქვს კიდევ თავისუფალი ტერიტორია, 20 ჰექტარი, რაზეც ვაპირებთ გაშენებას და სხვადასხვა ჯიშის დამატებას. იქ ბიო ვენახი გვინდა, რომ დავიწყოთ. საერთოდ, ვენახში ძალიან მინიმალურად ვერევით, მაგრამ ბიოკატეგორია ჯერ არ გვაქვს.

- წინაპრები ახსენეთ და პაპა იყო შილდადან?

- პაპის მამა ცხოვრობდა ამ სოფელში. პაპა უკვე თბილისში ჩამოვიდა, პროფესორი იყო, ფილოლოგი. მამაჩემმა როცა შილდაში ჩასვლა გადაწყვიტა, მაშინ ბანკის მმართველი იყო. მოკლედ, შილდაში წასვლის წინ ბანკში საქმიანობას თავი დაანება და მთელი ენერგიით ამ საქმეში ჩაერთო. ის იქ ქარხანაშივე ცხოვრობს, სულ იქ არის და ყველაფერს, მთელ პროცესს აკონტროლებს. მისი მეთვალყურეობით იმართება ვენახშიც და საწარმოშიც ყველაფერი.

და-ძმა მირიანაშვილები

- შვილები ანუ ანდრია, თქვენი ძმა და თქვენც აქტიურად ხართ ჩართული ამ საოჯახო მეურნეობაში. როგორც ჩანს, მამამ ყველაფერი გასწავლათ.

- ბავშვობიდან ვუყურებდით ამ ყველაფერს. უშუალოდ ჩვენი სურვილიც იყო, შეგვესწავლა ეს სფერო. შემდეგ საზღვარგარეთ მივიღეთ განათლება. ევროპაში ვსწავლობდით, ოღონდ, პარალელურად მაინც ამ საქმეში სულ ვიყავით ჩართული. სწავლა რომ დავამთავრეთ, მთლიანად ამ საქმეს შევუერთდით. რამდენიმე წელია, კომერციული ნაწილი - გაყიდვები ჩვენ ჩავიბარეთ.

- ემოციურად რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- ჩვენთვის მეღვინეობა მხოლოდ ბიზნესი არ არის. ოჯახური მემკვიდრეობა, ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა და ამის გამგრძელებლები ვართ. ღვინო იმდენად საინტერესო პროდუქტია, თუ მასში მთელი ემოცია არ ჩადე, არ მოუარე, მგონია, რომ კარგი არ გამოვა. მასში მთელი შენი ემოციით, სიყვარულით, გრძნობით უნდა ჩაერთო. ეს ის სფერო არ არის, ერთ და ორ თვეში რომ მიაღწევ წარმატებას. ბევრი წელი დაგვჭირდა, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. მაგრამ მართლა საშვილიშვილო საქმეა. მამაჩემის დაწყებული საქმის საბოლოო შედეგს უკვე ჩვენი შვილები დაინახავენ. ასე რომ, მთელი ოჯახი სულით, გულით, ენერგიით ვართ ამ საქმიანობაში.

- რამდენ ქვეყანაში გადის თქვენი ღვინო?

- დაახლოებით 20-ში - როგორც ევროპაში, ისე აზიასა და აშშ-ში. ჩვენი ღვინო ჩვენთვის შვილივითაა, - ასე ვუყურებთ, რასაც საერთაშორისო მასშტაბით აღიარება აქვს, არაერთი წარმატება მოვიპოვეთ. ზუსტი ციფრის თქმა ყოველთვის ძნელია, მაგრამ წელიწადში დაახლოებით ნახევარ-მილიონ ბოთლს ვაწარმოებთ. ჩვენი ტერიტორიაც ამ რაოდენობის ღვინოზეა გათვლილი. ვატარებთ ხოლმე „მწვანე რთველს,“ რითაც ვჭრით და ვასუფთავებთ ვენახს, რომ მხოლოდ საუკეთესო ყურძენი მივიღოთ. ეს ოპერაცია რომ არა, მეტი მოსავალი იქნებოდა.

- ფიზიკურად ყველანი შილდაში ხართ?

- მამა სულ კახეთშია, უშუალოდ საწარმოს აქცევს ყურადღებას, ასევე ვენახს, ჩამოსხმებს - ანუ იმ პროცესებს მართავს, რაც ღვინის დაყენებას და მევენახეობას ეხება. მე და ჩემი ძმა ხან თბილისში ვართ ჩვენს ოფისში, მენეჯმენტს ვუძღვებით. რა თქმა უნდა, ადგილზეც ჩავდივართ. რთველის პერიოდში სულ იქ ვართ...

- ე.ი. 2001 წელს დაწყებულმა საქმემ და მამის იდეამ გაამართლა. გამოვიდა, რომ ეს ყველაფერი ღირდა, ხომ?

- კი, ნამდვილად საქმემ ყველანაირი კუთხით გაამართლა. თუ ადამიანს იდეა აქვს და მას მიჰყვება, ამას შედეგი მოაქვს. მეღვინეობა, მატერიალურად კარგად რომ იყო, წელში გამართული, ეს სფერო არ არის. აქ მთავარი ემოცია, სიყვარული და მოთმინებაა. თუ საჭიროა, რამდენიმე წელი უნდა დავიცადოთ, დაველოდოთ კიდეც, სანამ რეალურ შედეგს მივიღებთ. ასეა, როცა პრემიუმ ხარისხის ღვინის წარმოება გინდა. საქმის დაწყებისას მზად უნდა იყო თავდაუზოგავი შრომისთვის, საკუთარი ვენახიც უნდა გქონდეს, ამის გარეშე ძნელია კარგი ღვინის მიღება. ყველაფერი თვითონ უნდა შექმნა...

- თქვენმა ღვინომ საერთაშორისო მასშტაბით დიდი აღიარებაც მოიპოვა...

- საერთოდ, საერთაშორისო ბაზარზე დიდი ინტერესია ქართული ღვინის მიმართ. ამიტომ ამ კუთხითაც მაქსიმალურად უნდა იყო ჩართული - უნდა მონაწილეობდე გამოფენებში, დეგუსტაციებზე. ამის შედეგია, რომ ჩვენ ღვინოს არა მარტო საქართველოში, 20-ზე მეტ ქვეყანაში ვყიდით. ამერიკაში, ევროპაში უყვართ და ექსპორტიც კარგად არის აწყობილი... გვაქვს ჯილდოებიც. „დეკანტერი“ ღვინის პრესტიჟული კონკურსია, სადაც 3000-ზე მეტი ღვინო მონაწილეობს. ჟიურიმ ჩვენი საფერავი მსოფლიოს 20 საუკეთესო ღვინოში შეიყვანა და დაწერა, რომ ეს საუკეთესო საფერავია „დეკანტერის“ ისტორიაში.

ასევე, ჩვენი ღვინო პრინც ჰარის ქორწილში იყო წარმოდგენილი. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყო ფაქტია. ჩელთის ღვინო ერთადერთი ქართული ღვინო აღმოჩნდა, რომელიც 2018 წელს პრინც ჰარის ქორწილში იყო წარმოდგენილი. ეს გადაწყვეტილება სამეფო ოჯახის სომელიეებმა რამდენიმეთვიანი დეგუსტაციების შემდგომ მიიღეს. ჩვენს საფერავზე სტატია „ვაშინგტონ პოსტმაც“ დაწერა, ანუ საერთაშორისო პრესის ინტერესშიც მოვექეცით, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულო ამბავია.