ჩვენ ჩვენს შვილებს ქვეყნის და ადამიანების სიყვარულს ვასწავლით. მე შემიძლია მათი დედა გავხდე და გადავარჩინო ისინი, ოღონდ ჯერ კანონით მოიხადონ ის, რაც ეკუთვნით , - ამის შესახებ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულებს - გიორგი კავილაძესა და აკო ჭელიძეს მიმართა, რომ ისინი მონურ მდგომარეობაში არიან.
ამასთან, მან მოსამართლეს სთხოვა, ამ საქმეზე სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს.
"ჯერი თქვენზეა და ძალიან გთხოვთ, სამართლიანი განაჩენი გამოიტანოთ. ამ უფლებადამცველებს ვუსურვებ, სახლში რომ მიბრუნდებიან, მუხრან მაჭავარიანს აქვს ასეთი ლექსი-„ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა“ და მგონია, რომ ზუსტად მათ მიუძღვნა ეს ლექსი. წაიკითხონ, ღმერთმა მოგიწყოთ გამოცდა“,- განაცხადა იზა ომაძემ.
მან აღნიშნა ისიც, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები ეცოდება.
"უბრალოდ, ეს არის აბსურდის თეატრი. ძალიან შემეცოდნენ ეს ახალგაზრდები, ისინი მონურ მდგომარეობაში არიან. პატივცემულო მოსამართლე, არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, კავილაძემ აღიარა მკვლელობა, დამკვეთებიც აღიარა. თუ ტელევიზიები აშუქუბენ, მინდა იმ დამკვეთებმა იცოდნენ, ჩვენ მათი სახელები და გვარები ვიცით, კავილაძის თანამზრახველები ვიცით. შემომხედე გიორგი და მითხარი, როცა მიხვედი გაგარინის მოედანზე, დაქირავებულ ბინაში ვისთან მიხვედი? ძალიან მეცოდები, მიგატოვეს შენც და ჭელიძეც. მეგონა, უფრო ზიზღის დამოკიდებულება მექნებოდა, მაგრამ არ მაქვს იმიტომ, რომ მეცოდებიან“, - მიმართა იზა ომაძემ ბრალდებულებს.
მისი ვარაუდით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს სერიოზული დამკვეთები ჰყავს.
"ამ საქმეს ძალიან სერიოზული დამკვეთი ჰყავს. მე წარმატებული შვილი მყავდა. აქ ზის ერთადერთი, განუმეორებელი, ანგელოზი გოგო, რომელიც ნიკოს საცოლე იყო, ამ ბავშვს, ჩვენს ოჯახს და ქვეყანასაც მომავალი წაართვეს. ქვეყანას, რომლისთვისაც ნიკოს ისეთი ინოვაციური პროექტი ჰქონდა, რომელიც ძალიან წარმატებული იქნებოდა და თანაც არაერთი. ესენი ძალიან საცოდავები არიან. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, თქვენ ბრძნულად არ დაიბანთ ხელს. ალბათ, შვილები გყავთ, უნდა დაბრუნდეთ სახლში და თქვენს შვილებს თვალებში ჩახედოთ. გთხოვთ, არ დაიბანოთ ხელი ისე, როგორც პილატემ გააკეთა, უმორჩილესად გთხოვთ “, - მიმართა იზა ომაძემ მოსამართლეს.
ამასთან, როგორც კვარაცხელიას დედამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მის ოჯახს არასოდეს მოუვა თავში, შურისძიება.
"მაშინ, როდესაც ნიკო ჯერ სახლში გვყავდა და ჩვენთვის ურთულესი დღეები იყო, მათ ეშინოდათ, რაიმე შურისძიება არ ყოფილიყო. ჩვენ ვართ ქრისტიანები, მე და ჩემი მეუღლე კიდევ ოთხ შვილს ვზრდით და არასდროს მოგვივა ტვინში ვინმეზე შური ვიძიოთ ან მსგავსად მოვიქცეთ. ისე, როგორც კავილაძის დედა ზრდის შვილს, ისე არასდროს მოვიქცევი. კავილაძის აღიარება გაგვაგებინეს [ოჯახის ახლობლებმა] რომ გაგარინის მოედანზე დამკვეთები ელოდებოდნენ, რომ წასულიყვნენ ზუსტად არ ვიცი სად, მაგრამ ალბათ, საბჭოეთის რომელიმე ქვეყანაში“, - განაცხადა იზა ომაძემ.
ცნობისთვის, 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. დანაშაულს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი იყო.