ავტორი:

ზელენსკი რუსეთს პუტინის ნათლიმამის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს - "გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე"

ზელენსკი რუსეთს პუტინის ნათლიმამის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს - "გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე"

12 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის "ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროდ შენიღბული, საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობდა. ამის თაობაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან ცინიკურად მოიხსენია ის, რომ მედვედჩუკმა გასაქცევად "სამხედრო კამუფლაჟის“ გამოყენება სცადა. ზელენსკის თქმით, რადგან მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, საომარი მდგომარეობის წესები მასზეც ვრცელდება. მან რუსეთს "მათი ბიჭის“ უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა.

"თუ მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, ნიშნავს, რომ ის ექვემდებარება ომის წესებს. ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას: გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე, რომლებიც ახლა ტყვეობაში არიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა და სამხედროებმა განიხილონ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიქტორ მედვედჩუკის დაკავების შესახებ განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურმაც, რომელმაც ინფორმაცია ფოტოებთან ერთად გაავრცელა. გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი პესკოვი ამტკიცებდა, რომ "დიდი რაოდენობით ფეიკების გავრცელების" გამო, მედვედჩუკის ფოტოს შეამოწმებენ.