ავტორი:

"ალბათ, არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ, უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან" - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

"ალბათ, არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ, უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან" - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

ალბათ, არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ, უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან, ეს იქნებოდა ჰუმანური, - ასე უპასუხა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე დასმულ კითხვას, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია მოხსენიებული.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ანგარიშში სააკაშვილი პოლიტპატიმრად მოხსენიებული არ არის და აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები და მათთან აფილირებული მედიასაშუალებები სიცრუეს ავრცელებენ.

"წლიდან წლამდე ანგარიშის საერთო შინაარსი არ იცვლება. დაახლოებით, იგივეა ამ ანგარიშის შინაარსი, რაც იყო შარშან და შარშანწინ. რაც შეეხება სააკაშვილის ნაწილს, გუშინ აქაც გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, "ფეიკი“ "ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა, თითქოს პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული, როგორც სააკაშვილი, ასევე, მელია, რურუა, რაც არის სრული სიცრუე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საკუთარი პარტიები ამ ადამიანებს მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად, რაც დამეთანხმებით, აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. ეს იგივეა, ანგარიშში რომ ჩაიწეროს, ვიღაცამ კაცი მოკლა და დედამისი ამბობდეს "ჩემი ბიჭი უდანაშაულოაო“. დაახლოებით, ასეთი რამ არის ჩაწერილი ამ ანგარიშში. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრებად ამ ადამიანებს არავინ მოიხსენიებს, გარდა საკუთარი პარტიებისა.

სააკაშვილი ალბათ, არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან, ეს იქნებოდა ჰუმანური. რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, სახელმწიფომ, სისტემამ იმოქმედა ისე, როგორც უნდა ემოქმედა, ეს პირი დაკავებულია როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისივე შეფასებით, დაკავების შემდეგ სააკაშვილის მიმართ წამება და არაჰუმანური მოპყრობა არ მომხდარა და ეს ფაქტი "ნაცმოძრაობამაც“ დაადასტურა.

"ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არავითარი წამება და არაჰუმანური მოპყრობა სააკაშვილის მიმართ არ მომხდარა. ეს არის ფაქტი და ეს დაადასტურა თვითონ ნაცმოძრაობამაც“. ისინი ამბობდნენ, რომ ამას გაასაჩივრებდნენ სტრასბურგში, სტრასბურგმა ვადაც კი დაუწესა ამისთვის, თუმცა, "ნაცმოძრაობამ“ ვერ გაბედა სტრასბურგში ამ საკითხის გასაჩივრება. შესაბამისად, "ნაცმოძრაობამ“ თავისთავად მისცა აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის მიმართ არც წამება და არც არაჰუმანური მოპყრობა არ მომხდარა. ყველაზე მთავარი მტკიცებულება ისაა, რომ მათ ვერ გაბედეს სტრასბურგში შესაბამისი საქმის შეტანა. მტკიცებულება სახეზეა- ყველამ იცის, რომ წამება, არაჰუმანური მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა არ მომხდარა, დანარჩენი არის ბრალდება, რომელსაც მარტივად გაეცემა პასუხი“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ბრალდებებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, როგორც კობახიძე ამბობს, მმართველ გუნდს ფაქტები და მტკიცებულებები სჭირდება და არა ზოგადი განცხადებები.

"ყოველ ჯერზე ჩვენ ამას ვითხოვთ, თუმცა, არ გვაქვს შესაბამისი მტკიცებულება მანკიერებათა შესახებ სასამართლოში და გვესმის მხოლოდ ზოგადი კრიტიკა. გვაქვს სამუშაო ჯგუფი შექმნილი, განხორციელდება სასამართლო რეფორმა, გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს სურს გააკრიტიკოს ესა თუ ის ინსტიტუტი, სასამართლო იქნება ეს თუ სხვა, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები. მაგალითად, ამ კონტექსტში როდესაც საუბარია მელიას საქმეზე, რომელიც პირდაპირი ფორმით, უხეშად იჭრებოდა პარლამენტის შენობაში, ეს თავისდათავად მეტყველებს იმაზე, რომ მტკიცებულება არ არსებობს. მტკიცებულება არსებობს საპირისპირო“, - განაცხადა კობახიძემ.