ავტორი:

მღვდელს, რომელმაც გუშინ "ალტ-ინფოს" პარტიის ოფისი აკურთხა და პრორუსული განცხადებები გააკეთა, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს

მღვდელს, რომელმაც გუშინ "ალტ-ინფოს" პარტიის ოფისი აკურთხა და პრორუსული განცხადებები გააკეთა, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს

მღვდელ ვახტანგ თოხაძეს, რომელიც გუშინ მედიის ყურადღების ცენტრში საკუთარი პრორუსული განცხადებების გამო მოექცა, მღვდელმსახურების უფლება დროებით შეუჩერეს. ინფორმაციას შემოქმედის ეპარქიის პრესმდივან მამა ბასილ გოგოტიშვილზე დაყრდნობით ვებპორტალი "ბათუმელები" ავრცელებს. ჩვენ შევეცადეთ აღნიშნულ საკითხზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს გავსაუბრებოდით. მან ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო და გვირჩია, შემოქმედის ეპარქიისთვის მიგვემართა, თუმცა ეპარქიაში ჯერჯერობით ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

აღსანიშნავია, რომ შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები აცხადებდა, რომ თუ მამა ვახტანგი "ალტ-ინფოს“ მხარში ამოუდგებოდა, მღვდლობა შეუჩერდებოდა.

"თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია, რომელსაც მამა ვახტანგი უარყოფს, მღვდლობა შეუჩერდება. უკვე ვესაუბრე მას ამის შესახებ. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ოკუპანტ რუსეთთან დაკავშირებით, უკვე ბევრჯერ გავაკეთე განცხადება ამის შესახებ და თუ მამა ვახტანგი მხარში ამოუდგება ალტ.ინფოს საქმიანობას, აუცილებლად იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, მე მას ვესაუბრე და გავაფრთხილე სამღვდელოებასთან ერთად”, - თქვა მიტროპოლიტმა "TV პირველთან”.

თუმცა, როგორც ჩანს, მამა ვახტანგმა არ გაითვალისწინა მასზე იერარქიულად მაღლა მდგომი სასულიერო პირის მითითება და მაინც "ამოუდგა მხარში" "ალტ-ინფოს".

მან გუშინ ოზურგეთში "ალტ-ინფოს" პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი აკურთხა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან რუსეთთან ურთიერთობის საჭიროებაზე ისაუბრა და პუტინის დაცვას შეეცადა.

"ომის დროს ქალებს ყველგან კლავენ და აუპატიურებენ, რა შუაშია პუტინი?" - თქვა მან.

გურიაში "ალტ-ინფოს" ოფისის გახსნის თაობაზე, ბოლო პერიოდში, სამოქალაქო აქტივისტებსა და პრორუსულად განწყობილ პირებს შორის დაპირისპირება არაერთხელ მოხდა.

გუშინ, ოზურგეთელმა ხანშიშესულმა ქალბატონმა ცისანა ხუჭუამ "კონსერვატიულ მოძრაობას“ სახლი საოფისედ მიაქირავა. სწორედ ეს მოვლენა აკურთხა მღვდელმა ვახტანგ თოხაძემ. მალევე, ახლადგახსნილ ოფისთან სამოქალქო აქტივისტები მივიდნენ და პროტესტი გამოთქვეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ხმაური დღესაც იყო ოზურგეთში. ცისანა ხუჭუას შვილიშვილმა ილია თაყაიშვილმა, სახლის კედლიდან პრორუსული პარტიის აბრა ჩამოხსნა და ეზოს ჭიშკარზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინა.

ახალგაზრდამ აღნიშნა, რომ ის არ ემხრობა "რუსულ სისასტიკეს" და მხარს უჭერს უკრაინას. მისივე თქმით, პრორუსული პარტიის წარმომადგენლებმა მისი ბებია შეცდომაში შეიყვანეს.