უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მარიუპოლის მახლობლად 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია, რომლებიც ქალაქის აღებას ცდილობენ. ამის შესახებ რეზნიკოვმა უცხოელ ჟურნალისტებს კიევის ოლქის ქალაქ გოსტომელში ვიზიტისას განუცხადა.
შეხვედრის ვიდეოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მარიუპოლის დაცვას აგრძელებენ.
"ისინი კვლავ იბრძვიან და აკავებენ. 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი იმყოფება მარიუპოლთან", - აღნიშნა რეზნიკოვმა.
მანამდე მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლში ვითარება რთულია, მაგრამ ქალაქი კვლავ უკრაინელების ხელშია.