ჩვენ ქვეყანაში ავტოავარიებს ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ათასობით კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებას იღებს. 1 დეკემბრიდან უსაფრთხოების ღვედი, რომელსაც არაერთი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, ქართველი მძღოლებისთვის სავალდებულო გახდება. თემასთან დაკავშირებით მკითხველთა შეკითხვებს ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" პასუხობს.
მკითხველი ნოდარი: ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილით ავტომობილის შუშების დამუქებისათვის გათვალისწინებულია სანქცია, მაგრამ 314-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად 119 მუხლის მე-7 ნაწილის (ანუ შუშის დამუქებისათვის სანქციის) ამოქმედება დაკავშირებულია შსს მიერ მინების დამუქების წესის შესახებ კანონქვემდებარე აქტის მიღებასთან. სამწუხაროდ ასეთი აქტი ნორმატიული აქტების ბაზაში არ ფიგურირებს. გამოდის, რომ ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს?! ეს საკითხი ხომ ღვედის ტარება-არტარების გამო დაიძრა, ანუ პატრულს რომ დაენახა მძღოლს უკეთია თუ არა ღვედი. უკანა გვერდითა მინა რა კავშირშია, მით უფრო ქარხნული. კარგი იქნება ეს საკითხი შსს-ს რომ ერთხელ და სამუდამოდ ,,ადამიანურად" გადაჭრას. ამხელა უკმაყოფილების გამოწვევა არაფარის გამო დაუდევრობაა და მეტი არაფერი.
პასუხი: ვფიქრობთ, ეს შეკითხვა უფრო შსს-სთან არის, ვიდრე ჩვენთან;
მკითხველი ლაშა: რომელია ყველაზე მინიმალური სიჩქარე, რომელზეც ღვედის გაკეთებას აზრი აქვს და ასევე საინტერესოა, მაქსიმუმ რა სიჩქარეზე შეუძლია მას ადამიანი ტრავმისგან და სიკვდილისგან დაიცვას. გვერდიდან შეჯახების დროს თუ აქვს ღვედს რაიმე ეფექტი?
პასუხი: ღვედი განსაკუთრებით ეფექტურია დაბალ სიჩქარეზე, ამ შემთხვევაში ის მაქსიმალურად გვიცავს. მაგალითად 40 კმ/სთ-ით მოძრაობისას შეჯახება მე-4 სართულიდან გადმოვარდნის ტოლფასია. ამიტომ ქალაქში მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტო-საგზაო შემთხვევების უმეტესობა დასახლებულ პუნქტებში ხდება.
მკითხველი დათო: ღვედების დაწესება კარგი და აუცილებელია, მაგრამ სამარშრუტო ტაქსებში რომ ფეხზე დგანან მგზავრები და სულ მცირე ავარიის შემთხვევაშიც კი ტრავმის დიდი რისკის ქვეშ არიან, ამაზე რატომ არ ზრუნავს არავინ? (ეს შეკითხვა პირადად თქვენ ნაკლებად გეხებათ). თქვენ თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ, რამდენად დიდი საფრთხის ქვეშ არიან ფეხზე მდგომი მგზავრები.
პასუხი: სამწუხაროდ სამარშრუტო ტაქსები კვლავ დიდ პრობლემად რჩება ჩვენს ქალაქში, თუმცა როგორც ვიცით, მერია გეგმავს სერიოზული საქმიანობის ჩატარებას ამ მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემაც მალე მოგვარდება. რაც შეეხება საფრთხეს, მართლაც, სამარშრუტო ტაქსში ფეხზე მდგომი ადამიანი დიდი რისკის წინაშე დგას დაშავების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ხშირად მგზავრები ვერ აცნობიერებენ ამ საფრთხეს და გურგრილად ეკიდებიან ამ საკითხს. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველას ვურჩევთ, რომ მაქიმალურად უსაფრთხო გარემოში იმგზავროთ ყველანაერი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.
მკითხველი აჩიკო: ამბობენ, რომ ზოგ შემთხვევაში ღვედი, პირიქით, საზიანოა მძღოლისთვის. რა შემთხვევაშია ასე?
პასუხი: უამრავი კვლევა არსებობს იმის შესახებ თუ რა შემთხვევაში არის ღვედი საფრთხის შემცველი და ეს პროცენტულად დაახლოებით 100 დან 2- 3 პროეცენტია. თუმცა მისი ეფექტი იმდენად დიდია დანარჩენ შემთხვევაში, რომ ჯობს გამოვიყენოთ უსაფრთხოების ღვედები ყველა ტიპის გზაზე.
მკითხველი ლადო: მომავალში იმ ავტომობილებს ხომ არ ემუქრებათ აკრძალვა, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვთ?
პასუხი: როგორც ჩვენ ვიცით, ასეთი გეგმა, მით უფრო უახლოეს მომავალში, არ არსებობს.
მკითხველი გიორგი: ვერ გამიგია, დაბურული შუშები რატომ ქმნის პრობლემას?
პასუხი: დაბურული შუშები ქმნის ხილვადობის პრობლემას, მძღოლს კი აუცილებლად ჭირდება ირგვლივ ყოველივეს კარგად დანახვა, რადგან თავიდან აიცილოს ყოველგვარი საფრთხე და საშიშროება.
მკითხველი აკაკი: ტექდათვალიერება, როგორც ის ადრე იყო, რა თქმა უნდა გასაუქმებელი იყო და ფულის საკეთებელი მანქანის ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ ქალაქში ამდენი ავარიული ავტომობილი, მათ შორის სააზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალებები და ტაქსები დადის, მათი ტექნიკური კონტროლი არაა საჭირო? მაინტერესებს, რატომ არ ხდება კერძო ტაქსების აღრიცხვა და იმ ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების შემოწმება, რომელიც აუცილებელია.
პასუხი: მანქანის ტექნიკური გამართულობის პრობლემა, მართლაც, უდიდესია ჩვენს ქვეყანაში და ეს ეხება როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე კერძო პირების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ და საზოგადოებაც ცივილურად შეხვდება ამ საკითხს.
მკითხველი ზაზა: მანქანა კი არა, ჯერ თავად ტაქსისტები და სამარშტუროების მძღოლები არიან შესამოწმებლები. მგონი ბევრს "პრავაც" არ აქვს. ბევრჯერ შემხვედრია ტაქსისტი, არყის სუნით რომ ყარდა. საინტერესოა, ვინმე თუ ამოწმებს ამ ხალხს?
პასუხი: როგორც იცით, ასეთ ადამიანებს პოლიცია ამოწმებს და შემდეგ სხვადასხვა ზომებს ღებულობს ასეთი პირების მიმართ.
მკითხველი ლაშა:
თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ევროპასა და ამერიკაში როგორაა ღვედებისა და დამუქებაზე კანონმდებლობა?
პასუხი: უსაფრთხოების ღვედების გამოყენება ევროპასა და ამერიკაში სავალდებულოა ყველა ტიპის საავტომობილო გზაზე, როგორც წინა სავარძლებზე, ასევე უკანა სავარძლებზეც.