ავტორი:

"ქართული ოცნება“ მზად არის, დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი შევიდეს" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნება“ მზად არის, დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი შევიდეს" - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება“ მზად არის, პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი შევიდეს.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, გუნდი "გაკვირვებულია, რომ საკითხი რაოდენობამდე დავიდა“.

“დაახლოებით, ერთი საათის წინ საუბარი მქონდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პარტიის თავჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. ვისაუბრეთ ამ თემაზე და გუნდში გაკვირვებულები ვართ, რომ რაოდენობამდე დავიდა საკითხი - სამი, ოთხი, ექსი თუ შვიდი. ამ შემთხვევაში მათი აზრიც ვიცი და მაქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეს ვთქვა: თუ რეალურად რაოდენობაზეა ლაპარაკი და ამის გამო ამბობენ ისინი უარს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, მოვუბოდიშოთ, ძალიან გულწრფელად ჩვენს თანაგუნდელებს, ფრაქცია "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, უამრავს, რომლებსაც ასევე უნდათ წამოსვლა (იმ სამი ადამიანის გარდა, სტატუსების მიხედვით პროტოკოლური ამბებიც ხომ გვაქვს) და ვუთხრათ ჩვენს ოპოზიციას: კი ბატონო, რამდენი პოლიტიკური ჯგუფიც ხართ, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, წამობრძანდით თითო“, - განაცხადა მდინარაძემ "იმედის“ ეთერში.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კაბინეტში გამართული კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიან დელეგაციაზე ვერ შეჯერდნენ და საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მან ოპოზიციას შესთავაზა, რომ საპარლამენტო დელეგაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების სამ-სამი წევრი იყოს წარმოდგენილი, რასაც "სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იზიარებს".