"დარწმუნებული ვარ, რომ ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და ესტონეთი იქნებიან პირველები უკრაინის მომავალი ისტორიის ყველა გვერდზე და ჩვენ გვაქვს დიდებული მომავალი, რადგან ასეთ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხი ქვეყნის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრამდე პრეზიდენტები კიევის ოლქში, ბუჩაში, ბოროდიანკასა და დიმიტრივკაში იმყოფებოდნენ.
ლიდერები რუსეთის ოკუპაციისგან ახლად განთავისუფლებულ ბუჩას, ბოროდიანკასა და დიმიტრივკას ესტუმრნენ.
"ეს ნიშნავს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თვალით ნახონ, რა მოხდა ამ პატარა ქალაქებში, რომლებიც გადაწვეს და აწამეს. ეს არის ის, რაზედაც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. ეს ეხება არა ომს, არამედ რაღაც საშინელებას, ტრაგედიას, აუხსნელ მოვლენას,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები ყოველთვის უკრაინის გვერდით დგანან და ისინი თავიდანვე პირველები იყვნენ ყველაფერში უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით.