ავტორი:

რუსი აგრესორების ქართველი რისხვა - 14 წლის ასაკში ბრძოლა აფხაზეთში და 3-თვიანი ტყვეობა: "ერთხელაც გავიგეთ, რომ მამუკაც გაიპარა, დედამ მამას მიაწვდინა ხმა, რომ ისიც აფხაზეთში იყო"

რუსი აგრესორების ქართველი რისხვა - 14 წლის ასაკში ბრძოლა აფხაზეთში და 3-თვიანი ტყვეობა: "ერთხელაც გავიგეთ, რომ მამუკაც გაიპარა, დედამ მამას მიაწვდინა ხმა, რომ ისიც აფხაზეთში იყო"

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურის მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ, რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ბრალად ედება შეიარაღებული ფორმირების შექმნა, დაქირავებულების გადაბირება, შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა და სხვა დანაშაულებები. "საქართველოს მოქალაქე მამუკა მამულაშვილმა უკრაინის ტერიტორიაზე შექმნა შეიარაღებული ფორმირება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა და მასთან ერთად არის საქართველოს 24 მოქალაქე. ამ დრომდე ისინი მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის ტერიტორიაზე ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენელთა, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ“, - ნათქვამია ბრალდებაში.

საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, რომ მამულაშვილი თავის ბოლო ინტერვიუში გამოვიდა მოწოდებით რუსი სამხედრო მოსამსახურეების განადგურების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის ომში.

ambebi.ge უკრაინაში მამუკა მამულაშვილს დაუკავშირდა, რომელიც მის მიმართ აღძრულ სს საქმეს რუსეთის შურისძიებად და პროვოკაციად მიიჩნევს:

"კარგად ვართ, ყველაფერი კარგად არის. საიმედოს იმას გეტყვით, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან, იმასთან, რომ გვარიანი ზიანი მივაყენეთ რუსეთს, მით უმეტეს, მათ ბოლო დროს ინტენსიურად შეიგრძნეს "ქართული ლეგიონის“ ძალა. აქედან გამომდინარე, ცდილობენ ჩვენზე შური იძიონ. 8 წელია რუსეთის წინააღმდეგ ვომობ და ლაპარაკი იმაზე, რომ საქმეებს აღძრავენ, ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ასე რომ, თავიანთ დადგმულ სცენებზე საქმეების აღძვრა ჩვეულებრივი რუსული პროვოკაციაა. რუსული ფანტაზიის ნაყოფია, რომ თითქოს ჩვენ განვაგრძობთ რუსი ჯარისკაცების წამებას. სამი თვის განმავლობაში თვითონ ვიყავი ტყვეობაში და ვიცი, ეს რა არის... ვნახე, როგორ კლავენ ხელშეკრულ ქალებსა და ბავშვებს. მეორე - ის ვიდეო, რაც გავრცელდა, "ქართულ ლეგიონთან“ არანაირ კავშირში არ არის, მით უმეტეს, იმ ვიდეოში უკრაინულად ლაპარაკობენ, თუ - რუსულად, არ ვიცი. საიდან დაასკვნეს, რომ ქართველები არიან, ეგეც არ ვიცი. მაგრამ რადგან საქმე აღძრეს, ე.ი საკმარისი ზიანი მივაყენეთ და ცდილობენ, რაღაც მოიმოქმედონ. იმ ვიდეოს შინაარსთან დაკავშირებით სხვას ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, სად მოხდა, ან მოხდა თუ არა ეს. სავარაუდოდ, შეიძლება რუსების მიერ იყოს დადგმული“. (იხილეთ სტატია)

ქართველ მებრძოლს მარიუპოლში მიმდინარე ბრძოლებზე და რუსეთ-უკრაინის შანსებზეც ვკითხეთ:

"ახლა საკმაოდ მძიმე სიტუაციაა მარიუპოლში, ალყაშია ქალაქი მოქცეული და მგონია, სულ მალე ალყა გაირღვევა. რუსეთს ახლა უნდა რაღაცაში მაინც მოიპოვოს უპირატესობა, ერთი ქალაქი მაინც აიღოს და პროგრამა მინიმუმი შეასრულოს, იტრაბახოს, აი, რაღაცა წარმატებას მივაღწიეთო. მთლიანობაში, რუსული კამპანია ძალიან ცუდად დამთავრდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მოუმზადებლები იყვნენ ომისთვის, მეორე - არაობიექტური ინფორმაცია ჰქონდათ ფრონტის ხაზზე და განწყობაზე უკრაინაში, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მთავრობა ნანობს იმას, რაც წამოიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, მას სხვა გამოსავალი არ აქვს. უბრალოდ, მოუწევთ, რაღაც მაინც გააკეთონ. მთელი ძალების კონცენტრაციაც რომ მოუწიოთ, უნდათ რაღაც პოზიტიურს, თავისი ჯარისკაცებისთვის მოტივაციის ასამაღლებელ წარმატებას მიაღწიონ. დარწმუნებული ვარ, რუსებს არაფერი გამოუვათ, უკრაინულ ჯარში განწყობა ისეთია, რომ არც ერთ კვადრატულ მეტრს არ დათმობენ. მარიუპოლის ახლომახლოს ჩვენი ჯგუფებიც მუშაობენ და იქედან ვიცი მათი განწყობა.

შეიძლება ვინმესთვის მოულოდნელია, მაგრამ რუსეთი ახლა იკრებს ძალას, რომ იერიში მიიტანოს კიევზე - პოლიტიკურ ცენტრზე. მგონია, რომ უფრო მანევრირება და რუსეთის ჯარის გადაჯგუფება ხდება. რუსეთი კიევზე თუ კიდევ ერთხელ მიიტანს იერიშს, ეს მისთვის უდიდეს მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული, თავისი ჯარის უდიდეს ნაწილს დაკარგავს.

ლეგიონს 32 სხვადასხვა ნაციონალობის ადამიანი შეუერთდა. ჩვენ არა ნაციონალობას, არამედ პროფესიონალიზმს ვაქცევთ ყურადღებას. ლეგიონში 8 წელია მიმდინარეობს რეკრუტირება და რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, დასავლეთში უკეთ გვიცნობენ, ვიდრე - საქართველოში. დარწმუნებული ვარ, პუტინი ვერც ამ და ვერც მომავალი წლის 9 მაისს ვერაფერს მიაღწევს (იქამდეც რომ გაგრძელდეს ომი). სამწუხაროდ, დიდი მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში - რუსული ჯარი, როგორც ყოველთვის, უპირისპირდება მშვიდობიან მოსახლეობას და არა სამხედროებს".

  • მამუკა მამულაშვილის პორტრეტი

ვინაიდან მამუკამ ჩვენთან ხანგრძლივი საუბრისთვის, გასაგები მიზეზების გამო, ვერ მოიცალა, მის ბავშვობასა და ომამდელ ცხოვრებაზე მისი და ნონა მამულაშვილი გვესაუბრება:

  • ბავშვობა
მამუკა

- მამუკა ძალიან კარგი ბავშვი და დედის ფავორიტი იყო, მას მეტად ეფერებოდნენ, ჩემზე პატარაა და ანებივრებდნენ. მამუკაზე ერთი წლით უფროსი ვარ, მაგრამ უნივერსიტეტში ერთად შევედით. სადაც კი დავდიოდი, ყველა ენის კურსზე თან დამყავდა და იძულებული იყო რამდენიმე ენა ესწავლა - ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ესპანური და რუსული. მარტივად ითვისებდა ენებს, მაგრამ როგორც ყველა ქართველი კაცი, ზარმაცია. რა თქმა უნდა, ისწავლა უკრაინულიც.

ნონა და მამუკა

შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩავაბარეთ ორივემ, პირველი ნაკადი ვიყავით, ჩვენი კურსიდან დაიწყო ეს უნივერსიტეტი, ერთადერთი ფაკულტეტი იყო - ეკონომიკა და ბიზნესადმინისტრირება და ინგლისურად ვსწავლობდით. ეს დიდი პრივილეგია იყო 90-იანი წლების საქართველოში არ არსებობდა სხვა უნივერსიტეტი, სადაც უცხო ენაზე სწავლა იყო შესაძლებელი. მერე წავედი საფრანგეთში და ცოტა ხანში, მამუკამაც ჩააბარა პარიზის სტრატეგიულ დიპლომატიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში.

  • მანამდე იყო ომი...

- მამუკა მაინც სამხედრო გზით წავიდა. მას ბავშვობიდან იმისთანა ტრავმა აქვს მიღებული... მამუკა მამასთან ძალიან ახლოს იყო და ცდილობდა, სამხედრო მიმართულებით დიდი გამოცდილება და ცოდნა მიეღო. როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, მამას თავის რაზმი ჰყავდა, რომელიც წვრთნებს გადიოდა თბილისის მახლობლად და შვილიც თან დაჰყავდა. მამუკა მაშინ 14 წლის იყო, თუმცა დიდი ტანის და მთელი წვრთნა ბიჭებთან ერთად გაიარა. როდესაც მამა აფხაზეთში საბრძოლველად წავიდა, იქ ბრძოლების დროს, რამდენიმე ოჯახის წევრი დაგვეღუპა, რაც მამუკამ მტკივნეულად გადაიტანა. მამა სულ იქ იყო, მაგრამ დროდადრო ბრუნდებოდა. ერთ-ერთი წასვლის დროს გავიგეთ, რომ მამუკაც გაიპარა სახლიდან. ეს რომ შევიტყვეთ, დედამ მამას მიაწვდინა ხმა, რომ მამუკა აფხაზეთში იყო, მამამ იპოვა შვილი და თავის რაზმში გადმოიყვანა. სოხუმის დაცემის დროს, მამას რაზმს სოხუმჰესის დაცვა დაევალა. ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ მათი ბატალიონის შესახებ რუსებს მიაწოდა ინფორმაცია და ჰესზე დიდი შეტევა მოხდა. შეტაკების დროს მამუკას ესროლეს და ტყვიამ, საბედნიეროდ, მის ქუდში გაიარა. ჰესის დირექტორს 3 პატარა ბავშვი ჰყავდა, გააპარეს, მაგრამ აფხაზურმა მხარემ ისინი შეიპყრო, ბავშვები დაიტოვეს, ქალი გამოაგზავნეს და მამას შემოუთვალეს, თუ არ დაგვნებდებით, მთელ ოჯახს დავხვრეტთო. მამას მოუწია გადაწყვეტილების მიღება - იარაღი დაეყარათ და ბავშვები გადაერჩინათ. შემდეგ ისინი ტყვედ აიყვანეს და გუდაუთის ბანაკში გადაიყვანეს. მე და დედამ ამის შესახებ შემთხვევით, ტელევიზორით გავიგეთ - ერთ-ერთ რუსულ არხზე იჯდა მამა-შვილი დაკითხვაზე... იმ დღეს გუდაუთის ბანაკში "წითელი ჯვარი“ მისულა, მათ დააფიქსირეს, რომ ისინი იქ იყვნენ და ამიტომ გადაურჩნენ დახვრეტას, თორემ იქედან ცოცხალი ვერც ერთი გამოვიდოდა. მამუკას 3 თვე მოუწია ტყვეობაში ყოფნამ, მამას - 6 თვე.

14 წლის მამუკა, მამასთან ერთად, რუსი ოკუპანტების ტყვეობაში, 1993 წელი

მამას ეუბნებოდნენ, - გაგიყვანთო, მაგრამ მანამ არ გამოვიდა, ვიდრე ბოლო ჯარისკაცი არ გამოიყვანა იქედან და ყველას გაცვლა არ მოხდა. რა თქმა უნდა, ამან ორივეს დიდი ტრავმა დააჩნია, ომის ტრავმები, სამწუხაროდ, არ გადის. დაბრუნდა მამუკა, მერე რეაბილიტაციის პერიოდი გაიარა. ბავშვი იყო და მაინც ვერ აღვიქვით ტრავმა ასეთი ღრმა თუ იქნებოდა. მერე, ბიჭები გვიყვებოდნენ, რომ ის დაღუპული ბიჭები სულ მამუკას, 14 წლის ბიჭს დაასაფლავებინეს. ბანაკში წამებაზე არავინ არაფერს გვიყვება, მაგრამ პერიოდულად რაღაცეებს ვიგებდით ხოლმე. ორივე ძლიერი იყო და მაინც გადალახეს ეს მძიმე პერიოდი, ყოველდღიურობაში ვერაფერს ვგრძნობდით, მაგრამ ეს ტრავმა რჩება ადამიანში. მამუკა 14 წლის იყო, როცა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის მედლით დააჯილდოვეს. ის ერთადერთია საქართველოში, ვისაც ამ ასაკში აქვს ჯილდო მიღებული. ჩემი ძმა ახლა უკვე კაპიტანია.

მამუკა უკვე 43 წლისაა და ვერ დაუბრუნდა მშვიდ ცხოვრებას, ყოველთვის იქ არის, სადაც რუსეთი და მისი აგრესიაა, მონაწილეობდა ყველა კონფლიქტში, სადაც რუსეთის ხელი ერია.

  • ბრძოლა უკრაინისთვის და... საქართველოსთვის

მამუკა იყო შერეული ორთაბრძოლების ასოციაციის პრეზიდენტი, ჰქონდა შეჯიბრებები სხვადასხვა ქვეყანაში, ერთ-ერთი ზუსტად მაშინ ჰქონდათ უკრაინაში, როცა მაიდნის ამბები იწყებოდა. როცა ადგილზე ნახა, როგორ იძაბებოდა მდგომარეობა, მან და მისმა მეგობრებმა მიიღეს გადაწყვეტილება დარჩენილიყვნენ და გვერდში ამოდგომოდნენ უკრაინელ მეგობრებს. მამუკა ბავშვობიდან დადიოდა სპორტის სხვადასხვა სახეობაზე, მაგრამ შერეული ორთაბრძოლები უნივერსიტეტში აირჩია და გადაერთო, მანამდე იყო კრივი, მკლავჭიდი და ჭიდაობა. მას ბევრი ჯილდოც აქვს მიღებული.

მერე რამდენიმე ბიჭმა შექმნა ლეგიონი, გადაწყვიტეს დარჩენილიყვნენ და დახმარებოდნენ უკრაინას, ვინაიდან ის საკმაოდ რთულ ბრძოლას გადიოდა. ერთ-ერთი ბიჭი, რომელმაც ლეგიონის ლოგო შექმნა, ალეკო გრიგალაშვილი 2014 წელს, პირველივე ბრძოლებში დაიღუპა. ლეგიონში ყოველ დღეს იცვლება ციფრი, კონკრეტულად რამდენი ქართველია, არ ვიცი, მაგრამ მას ბევრი ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი, ალბანელი, ავსტრალიელი, აზერბაიჯანელი და სხვა ეროვნების მებრძოლი შეუერთდა. მამუკას საბრძოლო ჯილდოებიდან 20 მარტო მე მაქვს სახლში, დანარჩენი, რაც იქ აქვს, ეგ უკვე აღარ ვიცი. მას უკრაინის ეროვნული გმირის წოდებაც აქვს მინიჭებული.

ჩვენთვის ომი არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ რუსები ახლა ბომბებს არ გვიშენენ, ეს ომი მიმდინარეობს. ოკუპანტები აქ რომ არ ჩამოვიდნენ და იგივე არ გააკეთონ, რაც 2008 წელს, ბიჭები ამისთვის არიან იქ და აკავებენ რუსებს, რუსეთი იქ უნდა დამთავრდეს!

  • ოჯახი
მამასთან ერთად

მამუკას უმძიმესი ხასიათი აქვს, 3 წლამდე ვერეოდი, მას მერე აღარ მიცდია (იცინის). ორივეს გვახასიათებს სიჯიუტე, აქედან გამომდინარე, გვიჭირს ერთ სივრცეში დიდხანს ყოფნა.

და-ძმა

მამუკა უნდა თავისი გაიტანოს, მე - ჩემი, ამიტომ ვცდილობთ ხოლმე მხოლოდ ისეთ თემებზე ვილაპარაკოთ, რაზეც არ ვიჩხუბებთ. ზოგადად, ჩემი ძმა ძალიან ყურადღებიანია, თბილი, ოჯახი უყვარს ძალიან. განსაკუთრებული სითბოთი დედას მიმართ გამოირჩევა. იმდენად გადაფოფრილია ჩვენზე, ყოველ წუთას აინტერესებს როგორ ვართ, გვატყობინებს, რომ თვითონაც კარგადაა და არ უნდა ვინერვიულოთ. დედა 30 წელია ნერვიულობს, ვერ შეეჩვევი შვილის კონფლიქტის ზონაში ყოფნას, წყნარად ვერ იქნები, მაგრამ არ იმჩნევს, რომ განიცდის, ჩვენც რომ არ ვინერვიულოთ. ომამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავედი უკრაინაში მამუკასთან. თვითონ უკრაინელებს არ სჯეროდათ, ბოლო წუთამდე ამბობდნენ, ომი არ დაიწყებაო, მაგრამ როცა ბელარუსის საზღვარზე და უფრო ქვემოთ ჩავედით, ვნახეთ, რომ საკრემაციო მანქანები ჰყავდათ მოყვანილი, იყო სისხლის ბანკები... ყველა მაჩვენებელი იყო იმისა, რომ ომი იწყებოდა.

და-ძმა მამულაშვილები

  • "ქართული ლეგიონი"

მამუკა და მისი ბიჭები 8 წელია იქ არიან და აკეთებენ იმას, რაც გასაკეთებელია, არ სჭირდებათ კამერებთან პოზიორობა.

"ქართული ლეგიონი“ უკრაინაში 2014 წლიდან პოპულარულია - როცა გაიცნეს, მაშინვე პოპულარულები გახდნენ, უამრავი სიმღერა მიუძღვნეს, საკმაოდ ცნობილმა კომპოზიტორებმა დაწერეს ლეგიონზე სიმღერები, 2 სამხედრო მუზეუმში ლეგიონს თავისი კუთხე აქვს (მესამეს ომამდე ხსნიდნენ) და ყველა ის ბრძოლა, რომელიც ლეგიონმა მოიგო, დღეს უკვე ვიკიპედიაშიც დაიდო - "კიევის ბრძოლის მონაწილეები, რომელიც უკრაინამ მოიგო, იყვნენ: რუსეთის მხრიდან პუტინი და კადიროვი, უკრაინის მხრიდან: ზელენსკი, დენის შმიგალი, კლიჩკო და მამუკა მამულაშვილის "ქართული ლეგიონი“. ისტორიაც დაიწერა და დღეს "ქართული ლეგიონი" უკრაინის ისტორიაში შევიდა, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.

იხილეთ ასევე: