ავტორი:

კრებული „თანამედროვე უკრაინელი პოეტები“ გამოიცა - შემოსული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება

კრებული „თანამედროვე უკრაინელი პოეტები“ გამოიცა - შემოსული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება

13 აპრილს თანამედროვე უკრაინელი პოეტების კრებულის ქართული თარგმანის პრეზენტაცია მწერალთა სახლში გაიმართა. წიგნი „პალიტრა L-მა“ უკრაინის მხარდასაჭერად გამოსცა. 8 უკრაინელი პოეტის შემოქმედება ქართულ ენაზე მწერალმა შოთა იათაშვილმა თარგმნა, დიზაინი კი უკრაინელ იულია კირაკოსოვას ეკუთვნის. წიგნი უკვე იყიდება. გაყიდული წიგნებიდან მიღებული სრული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.

ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო. პრეზენტაციაზე შოთა იათაშვილმა წიგნში თავმოყრილი თითოეული ავტორის ლექსები წაიკითხა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, სპეციალურ ეკრანზე ენახა ვიდეოები, სადაც თავად უკრაინელი ავტორები კითხულობდნენ საკუთარ ლექსებს. საღამო საკმაოდ ემოციური გამოვიდა და ღონისძიებიდან სტუმრები დადებითი და იმედისმომცემი განწყობით წავიდნენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები, „პალიტრა L-ის“ წარმომადგენლები განმარტავენ, ეს არ იყო უბრალოდ წიგნის პრეზენტაცია. ამ სახით გამომცემლობამ საკუთარი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორის, ასევე წიგნის რედაქტორ მაია ალუდაურის თქმით, „პალიტრა L“ მომავალშიც გეგმავს, მკითხველს კიდევ უფრო სიღრმისეულად გააცნოს უკრაინელი ავტორები და მათი შემოქმედება. განსაკუთრებული საქველმოქმედო გამოცემის მკითხველებს კი საშუალება ექნებათ, უკრაინის დასახმარებლად თავიანთი წვლილი შეიტანონ.

მწერალი და მთარგმნელი შოთა იათაშვილი თავის ემოციურ წინასიტყვაობაში კრებულის სწრაფად გამოცემის მიზეზებსა და მეგობარი ქვეყნის ავტორებთან კავშირზე საუბრობს:

„ეს კრებული უცებ მომზადდა და დაიბეჭდა. იმ მძლავრმა ემოციურმა ტალღამ, რომლის ქვეშაც მოგვაქცია რუსეთ-უკრაინის ომმა და უკრაინელთა შეუპოვარმა ბრძოლამ სამშობლოს დასაცავად, გააჩინა მისი გამოცემის სურვილი. კრებულში შესული ლექსები წლების განმავლობაში ითარგმნებოდა, რისი მიზეზიც უკრაინული პოეზიისადმი ჩემი დიდი სიყვარულია,“ - აღნიშნავს შოთა იათაშვილი.

წიგნი პრეზენტაციის მასპინძელი იყო „ხვანჭკარას ღვინის მარანი“, რომელმაც მისულ სტუმრებს ღვინით სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლა. ხვანჭკარის ღვინის მარანი 1927 წელს დაარსდა და დღეს ის ცნობილია კომპანია „ხვანჭკარას“ სახელით. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხვანჭკარის ღვინის მარანი მისდევს ღვინის წარმოების იმ ტრადიციულ მეთოდს, რომელსაც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ საფუძველი თავადმა დიმიტრი ყიფიანმა ჩაუყარა.

კრებულში შესულია ისეთი თანამედროვე უკრაინელი პოეტების ნამუშევრები, როგორიცაა: სერჰი ჟადანი, ლიუბა იაკიმჩუკი, ბორის ხერსონსკი, ჰალინა კრუკი, მარიანა კიანოვსკა, ვასილ მახნო, ანდრეი ლიუბკა და ანასტასია აფანასიევა. წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია როგორც „ბიბლუსის“ ქსელში, ისე „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე.

#პალიტრაL

#supportukraine

R